,,ჩვენი ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე შემოიღო ძლიერი ლოკდაუნი ქვეყანაში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ FORBES HEALTH-თან საუბრისას განაცხადა.
,,დღევანდელი ეპიდსიტუაცია, რაც დღეს ქვეყანაშია, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა რომ შეაფასონ და ჩვენი ეკონომიკა იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე შემოიღო ძლიერი ლოკდაუნი ქვეყანაში და ზაფხულში შეხვიდე საკმაოდ კარგი მაჩვენებლით.
დამეთანხმებით, რომ დღეს ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, ყველა განზომილების გათვალისწინებით, ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, განსხვავებით გაზაფხულისა, როცა იყო რეზერვები, იყო დახმარების მეტი მოლოდინი და ხალხის დამყოლობა მეტად ძლიერი იყო. დღეს ეს სამივე კომპონენტი სამწუხაროდ ვერ იმუშავებს, ამიტომ ახლა არის ე.წ. ოქროს შუალედი და დანის პირზე სიარული იმიტომ, რომ რა არის ეს ღამის გადაადგილების შეზღუდვა?! მისი ერთადერთი მიზანი არის, რომ მოსახლეობის მობილობა მაქსიმალურად დააგდოს.
ნებისმიერი ეპიდემიისა და პანდემიის დროს, განსაკუთრებით რესპირაციული ინფექციებით გამოწვეული ეპიდემიის დროს, მობილობის დაგდება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის, ამიტომ, მხოლოდ ამისთვის არის ღამის საათებში შემოღებული გადაადგილების შეზღუდვა. იგივე შაბათ-კვირას რესტორნების დახურვა, ეს არის რამდენიმე კომპონენტი მობილობის დაგდებისა, მეტი სხვა ამ შეზღუდვებს ახსნა არ აქვს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თენგიზ ცერცვაძემ კომენდანტის საათის გაუქმების სავარაუდო დრო დაასახელა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნა. გამყრელიძე განმარტავს, რომ იმ ეპიდემიოლოგიური მოცემულობით რაც დღეს ქვეყანაშია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეზღუდვების შემსუბუქებას მხარს ჯერ ვერ დაუჭერს.
,,დაახლოებით, ჩვენ რომ ახლა სამიზნე აცრების 10% გვქონდეს გაკეთებული და ეს არის სადღაც 350 000-მდე, შესაძლებელია გარკვეულ შემსუბუქებებზე წახვიდე, მაგრამ დღეს, როდესაც 24 საათში 31 ადამიანია გარდაცვლილი ქვეყანაში, ძალიან მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის.
უკვე მილიონ მოსახლეზე 8-ს ავცდით. ეს 8 არის ძალიან მძიმე. ამ დროს ნებისმიერ შემსუბუქებაზე ლაპარაკი რთულია, ყოველ შემთხვევაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას მხარს ვერ დაუჭერს იმიტომ, რომ სასწორის ორ პინაზე ადამიანის ჯანმრთელობა დევს.
მესმის ადამიანებს უნდა საღამოს გავლა, ზაფხულია, რესტორნებში დაჯდომა, მაგრამ ეს ისევ მიგვიყვანს 4 000-5 000-მდე ინფიცირებულამდე. ძალიან მინდა მაისი დაახლოებით ამ ეპიდსიტუაციით გავიაროთ, თუ ასე ვივლით, მონაცემები დაახლოებით ორ კვირაში წამოვა ქვემოთ და შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება", - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.