ნათია თურნავა: იმედია, პირველი ივნისიდან მეტ შემსუბუქებას შევძლებთ და რესტორნების შიდა სივრცეებსაც გავხსნით

დიდი იმედი გვაქვს, რომ 1 ივნისიდან უფრო მეტ შემსუბუქებას განვახორციელებთ, უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით და საერთოდ მოვხსნით ამ აკრძალვას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შაბათ-კვირას წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან ღია სივრცეების ფუნქციონირება.

„საკოორდინაციო საბჭომ ტურიზმის სექტორისა და ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა და შეზღუდვა 23:00 საათზე, ნაცვლად 21:00 საათისა. მინდა დავაზუსტო, რომ სასტუმროებში მოქმედ რესტორნებშიც მოქმედებდა შეზღუდვა და ეს შეზღუდვაც იხსნება. რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების შაბათ-კვირას ფუნქციონირებას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი. შაბათ-კვირას წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან ღია სივრცეების ფუნქციონირება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 1-ლი ივნისიდან უფრო მეტ შემსუბუქებას განვახორციელებთ, უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით და საერთოდ მოვხსნით ამ აკრძალვას. რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.