რას გეგმავს საქართველო ვაქცინაციის წახალისების მიმართულებით, საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო დაახლოებით ერთი თვის წინ, მაშინ, როდესაც პირველი სრულად ვაქცინირებულები გამოჩნდნენ. ეს საკითხი ასევე განიხილეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე, ამასთან დაკავშირებით, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე Europetime-ს ესაუბრა.
მისი განცხადებით, ვაქცინაციის წახალისების საკითხი განხილული იყო იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე და ეს მექანიზმები შეიძლება, სრულიად განსხვავებული იყოს, დაწყებული ევროპული პრაქტიკიდან, დამთავრებული ქართული ნიუანსით და ინოვაციით.
„მაგალითად, ერთ-ერთ სხდომაზე განვიხილეთ ერთ-ერთი კომპანიის ინიციატივა, რომ იმ თანამშრომელს, რომელმაც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინა, დამატებით ანაზღაურებადი შვებულება მიეცეს. ასევე არსებობს წინადადება, ხომ არ იყოს განხილული საბანკო პროცენტის შემცირების საკითხი, ასევე, კომენდანტის საათის განმავლობაში შეუზღუდავი გადაადგილების საკითხი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კომპონენტია, ეს ყველაფერი დეტალურად არის ჩამოყალიბებული დაავადებათა კონტროლის ცენტრის წინადადებაში, რომელიც მთავრობის სხდომაზე უნდა იყოს განხილული უახლოეს პერიოდში.
ეს განსხვავებული პაკეტი არსებობს. საქართველოში ჩვენ ვერ წავედით და ვერ წავალთ მატერიალური წახალისების კუთხით, რა თქმა უნდა, თანხას ვერ მისცემ ვაქცინაციისთვის, მაგრამ ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტები შეიძლება იყოს შემოღებული იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს. ასევე განიხილებოდა სალონებსა და ფიტნეს კლუბებში შეუზღუდავი შესვლა. დღეს ფიტნეს კლუბში ვერ წახვალ, მაგრამ თუ მე ორი ვაქცინა მაქვს ჩატარებული და ფიტნეს კლუბში მხვდება ასევე ვაქცინირებული ტრენერი, ფიტნეს კლუბი აუცილებლად უნდა გავხსნათ. მაგალითად, თუ რესტორანში არ დამხვდება ორჯერადად ვაქცინირებული, გარკვეული რისკის ქვეშ მაინც ვარ. ამიტომ, სამასპინძლო ბიზნესი უნდა იყოს მზად, რომ ორჯერ ვაქცინირებულებს შესთავაზოს პერსონალი, რომელიც იქნება ასევე სრულად ვაქცინირებული.
რაც შეეხება ნიღბის ტარებას, ორგვარად არის გაყოფილი - შეიძლება, ორმაგად ვაქცინირებულებისთვის დახურულ სივრცეში იყოს ეს დაშვებული, ქუჩაში კი ნიღბის გარეშე გადაადგილდება. მეორე - თუ ეს ადამიანი მოხვდება იმ სივრცეში, რომელიც არის კორონავირუსისგან თავისუფალი, მაგალითად, ჩვენ შეიძლება ქვეყანაში გვქონდეს რესტორანი, რომლის ყველა თანამშრომელი არის ვაქცინირებული, ამ რესტორანში ყველას შეუძლია შესვლა და მაგიდასთან ყველა, ვინც წარადგენს კოვიდპასპორტს, შეიძლება დაჯდეს ნიღბის გარეშე. ანუ, დახურულ სივრცეშიც შეიძლება განიხილებოდეს ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაცია ორჯერადად აქვთ ჩატარებული. ასევე განიხილება კორონავირუსისგან თავისუფალი „მწვანე საავადმყოფოების“ იდეა, სადაც სამედიცინო პერსონალის 80% იქნება ვაქცინირებული. ბევრი ნიუანსია, რომელიც შეიძლება, გასართობმა-სარესტორნო დაწესებულებამ და საავადმყოფომ გაითვალისწინოს. ასე რომ, ეს საკითხები ნამდვილად განიხილება და ვფიქრობ, უახლოესი კვირების განმავლობაში ეს მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, რადგან ჩვენ უკვე ათასობით ადამიანი გვყავს ორჯერადად ვაქცინირებული და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.