თუ დაითვლით კანონიერ ხმებს, მე ადვილად მოვიგებ, თუ დაითვლით უკანონო ხმებს, მათ შეუძლიათ არჩევნები მოგვპარონ, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უკვე ნამდვილად გავიმარჯვე რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში, მათ შორის ფლორიდაში, აიოვაში, ინდიანაში, ოჰაიოში. ჩვენ ისტორიული რიცხვებით მოვიგეთ,“- განაცხადა ტრამპმა.
მან ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცედურა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„აღმაშფოთებელი არჩევნები გვქონდა. ბევრი სისულელე და ტყუილი იყო და ამას ჩვენს ქვეყანაში ვერ ავიტანთ,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„რესპუბლიკელი“ სენატორი ადამ კინზინგერი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, მოუწოდებს, მტკიცებულების გარეშე არჩევნების გაყალბებაზე საუბარი შეწყვიტოს.
„ცხადია, გვინდა, რომ ყველა ხმა დაითვალონ, ყველა კანონიერი ხმა. (რა თქმა უნდა) მაგრამ თუ თქვენ ლეგიტიმურად ხართ შეშფოთებული თაღლითობასთან დაკავშირებით, მაშინ წარადგინეთ მტკიცებულება სასამართლოში. შეაჩერეთ დეზინფორმაციის გავრცელება, ეს სიგიჟეა“, – წერს კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს.
CNN-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 253 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 213.