აშშ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის $330 მილიონს გამოყოფს

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.

ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გახსნეს.

კელი დეგნანი: ძალიან გვახარებს ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის კუთხით საქართველოს წინსვლას ეფუძნება

მთავრობის ადმინისტრაციაში ღონისძიებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე ელჩმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 330 მლნ დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის.

მისი თქმით მომდევნო 5 წლის განმავლობაში, აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომლებიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს. აშშ ერთგულია საქართველოს წარმატების, რომელიც ვალდებულებებს გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით“.

„საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი და ფინანსთა მინისტრი ხელს მოაწერენ ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, 330 მლნ აშშ დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაოადგილების შესაძლებლობას შექმნის მთელ ქვეყანაში.

ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს. ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს საქართველოს მოსახლეობისთვის ხარჯების შემცირებას შესაძლებელს გახდის. ჩვენ ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდოს, ხალხთაშორისი ურთიერთობა გაიზარდოს და ეს ასევე მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფ თემებს და საზოგადოებას. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს საბაზისო განათლებაში იმ 7 მლნ-ის მიღმა, რომელსაც ვახორციელებთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს დაიწყო“, - აღნიშნა ელჩმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-სთან საგრანტო შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს, დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას