თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფასლან ბაირაქტარმა ნავთობის გლობალურ მიწოდებაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გლობალურ ნავთობმომარაგებაში. ბოლოდროინდელი პროექტით, რომელიც თურქეთის ბუნებრივი აირის ქსელს სირიასთან აკავშირებს, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც სირიის ენერგეტიკულ საჭიროებებს, ასევე, ხელს შეუწყობს იქ ცხოვრების ნორმალიზებას. ერთად, ჩვენს ორ ქვეყანას წვლილი შეაქვს არამხოლოდ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, არამედ, გლობალური მიწოდების სისტემაშიც. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მნიშვნელოვანი და სამაგალითო თანამშრომლობაა,“ – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
თურქული მედიის ცნობით, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მონაწილეობით შექმნილ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, ძალინ მნიშვნელოვანი მიზნებია დასახული.
„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ენერგეტიკულ კავშორებს ელექტროგადამცემი ხაზებით, გაზსადენებითა და ნავთობსადენებით, რითიც რეალური წვლილი შეგვაქვს როგორც ჩვენი ქვეყნების, ისე რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში. ჩვენ ვაძლიერებთ ელექტროგადამცემ ხაზებს ოთხმრივი მწვანე ენერგეტიკული დერეფნით, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მიერ. ჩვენს ორ ქვეყანას შორის უზარმაზარი ჰარმონია, პოტენციალი და არსებული პროექტებია. სამომავლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს,“ – თქვა ბაირაქტარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
დღესვე, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა იზმირში თურქეთ-აზერბაიჯანის ენერგეტიკული ფორუმის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი სირიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველსაყოფად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.