სალომე ზურაბიშვილი გიორგი კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენებაზე: ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში

"დღეს ძალიან სიმბოლური დღეა. პირადად მე, ემოციებით აღსავსე ვარ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ძალიან სიმბოლური დღე არის დღეს და ძალიან დიდი ემოციებით ვარ აღსავსე მე პირადად, რადგან დღევანდელი დღე იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, რუსეთ-საქართველოს უკანასკნელი ბრძოლის დროს ყოფილი მთავარსარდალი და საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე, დაბრუნება, გამარჯვება, ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს.

აეროპორტიდან გენერლის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც 26 მაისამდე სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალავენ.