უნდა გაორმაგდეს იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება - ივანე ჩხაიძე

„კოლექტიური, პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად ქვეყანას უნდა შეეძლოს დიდი ვაქცინების შეთავაზება. მილიონობით ვაქცინა გვჭირდება მასობრივი იმუნიზაციისთვის“, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ინტერვიუში.

„დღეს შეზღუდვა გვაქვს როგორც ასაკობრივი, ასევე რაოდენობრივი. ამიტომ, დღეს ამაზე ლაპარაკი ადრეა. მაგრამ თუ ჩვენ გვექნება ზაფხულში ეს რაოდენობა, ყოველდღიურად 15 000 ადამიანამდე უნდა აიცრას. ეს ნიშნავს, რომ ორ თვეში ავცრით ერთ მილიონ მოსახლეობას. დღევანდელი სტატისტიკით, 60%-ის აცრას ვერ მივაღწევთ, მართლაც ორი წელი დაგვჭირდება, მაგრამ თუ მასიური იმუნიზაციის დროს 15 000 ვაქცინირებული მივიღეთ, ამას სჭირდება ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკის გათვალისწინება, როდესაც ღია/დახურულ სივრცეებში ატარებენ ვაქცინაციას. უნდა გაორმაგდეს იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება. ეს საკითხი განხილულია, ძალიან დიდი მარაგი გვაქვს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების სახით, რადგან ბავშვების ვაქცინაცია ამ რგოლში ტარდება და ეს ექიმები სრულიად მზად არიან. მათი გამოყენება მასიური ვაქცინაციის დროს გადამწყვეტი იქნება, რომ 60%-იან ზღვარს მივაღწიოთ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.