„მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხული უკეთ ჩაივლის, თუმცა იმის თქმა, რომ ზაფხულში კორონავირუსი აღარ იქნება, არასწორია“, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ინტერვიუში.
„შარშან გვქონდა მოლოდინი, რომ კორონავირუსის გავრცელება, ისევე როგორც,სხვა რესპირატორული ინფექციების, შემცირდებოდა. ეს არ აღმოჩნდა მართალი და შემთხვევების მატება სწორედ აგვისტო-სექტემბერში დაგვეწყო მაშინ, როდესაც გვეგონა, რომ ყველაფერი დამთავრებულია. ასე რომ, ზაფხული ისეთივე საშიშროების მომტანია ჩვენთვის, როგორც ზამთარი. ერთადერთი პლუსია, რომ ზაფხულში უფრო მეტი ადამიანია ღია სივრცეში, რაც ვირუსის გავრცელების ალბათობას ამცირებს. მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხული უკეთ ჩაივლის, თუმცა იმის თქმა, რომ ზაფხულში კორონავირუსი აღარ იქნება, არასწორია. ბევრმა ქვეყანამ პიკი სწორედ ამ პერიოდში გადაიარა“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.