ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

თავის უფალი

პოსტმოდერნულ სამყაროში ადამიანებს აღარ აქვთ სურვილი, იყვნენ მართულნი - მათ საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება სწყურიათ... თავისუფლება ყველას უნდა, მაგრამ რას ნიშნავს იყო თავის უფალი? რისგან თავისუფალი და ვისგან თავისუფალი?

დღეს არ ვიმსჯელებ სახელმწიფოსა და სუვერენიტეტზე, არც ისტორიასა და თავისუფლებისთვის შეწირულ გმირებზე. დღეს მინდა დავფიქრდეთ ადამიანურ ბედ-იღბალსა და ემოციებზე, ადამიანურ თავისუფლებაზე, იმიტომ, რომ ადამიანები ქმნიან სახელმწიფოებს და მხოლოდ თავის უფალი ადამიანები ქმნიან თავისუფალ სახელმწიფოებს...

თავისუფლება უცებ არ მოდის. გალიის ჩიტს კარს რომ გაუღებ, კარგა ხანს ვერ გაბედავს გარეთ გამოსვლას, შემდეგ გამოიჭრება და კედლებს მიეხლება - ფრენა არ იცის... მალევე სიხარულით გაიფრთხილებს ღია ცის ქვეშ, მაგრამ არ ექნება თვით-გამოკვების და თვითგადარჩენის ჩვევა და ინსტინქტი... მოენატრება პატრონი, „ტკბილი ტყვეობა“ და უკუ გზასაც ვეღარ იპოვის... რამდენი ასეთი „ჩიტია“ ჩემს გარშემო, თქვენს გარშემო...

ულვაშებდაწკეპილი კოსტაია ხომ ყველას გახსოვთ, თავის ბედ-იღბალს შეგუებული, მხიარული და ხალისიანი... მისთვის უცხოა ტყვეობის ვარამი და ინდივიდის ეგზისტენციალური ამბოხი. კოსტაიას არ აქვს ჩვევა, მაგრამ მასაც აქვს ინსტინქტი, რომელიც ნაპერწკალივით მოულოდნელად გაღვივდება და სიტყვებად ამოხეთქავს: „წაი, გოგო; წაი, გოგო, სახში...“ კოსტაიას ისევე სჭირდება ცეცხლმოკიდებული გამურული პატარძალი, როგორც პატარძალს კოსტაია... მათი დუეტი ფილმის კულმინაციაა და ფილმის ბედნიერი დასასრულის წინაპირობა... ვინ კოსტაია ვართ დღეს და ვინ „მაჯლაჯუნა“ პატარძალი... კოსტაიებო, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და თითო ადამიანს მაინც შესძახეთ - „წაი გოგო; წაი ბიჭო; წაი და გახდი თავის უფალი...“

ჩემი თაობისთვის დამოუკიდებლობის მოპოვება სკოლის დამთავრების და ახალი ცხოვრების დაწყების წლებს დაემთხვა. პირველი ნაბიჯები პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში არც თუ ისე საოცნებო აღმოჩნდა - სამოქალაქო ომი, ტოტალური ნგრევა, კონფლიქტები... გაურკვევლობა, მომავლის შიში და უსასოობა... ჩაშხამებული სტუდენტობის ერთ მშვენიერ დილას, როდესაც სანთლის შუქზე აცაბაცად წავითხიპნე კოსმეტიკა და კილომეტრები ფეხით გავიარე უნივერსიტეტში მისასვლელად, საკუთარ თავს ვკითხე, რა იყო ის ადამიანური მოტივაცია, რის გამოც ეს უცნაური ყოფა მიღირდა თავისუფლებისთვის? პასუხი სწრაფი და მარტივი აღმოჩნდა - სულ რამდენიმე წლით ადრე რომ დავბადებულიყავი, როგორც ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტს, აუცილებლად მომიწევდა ლენინის ტომების დაზუთხვა და ციტატების შერჩევა საკუთარი სტუდენტური თხზულებებისთვის; დერეფანსა თუ აუდიტორიაში ისევ დამხვდებოდა საბჭოთა სამების (მარქსი, ენგელსი, ლენინი) უზარმაზარი პორტრეტები მოვარაყებული ჩარჩოებით; ალბათ ვიქნებოდი აქტიური კომკავშირელი და წითელ კუთხეში მოწყობილ ღონისძიებებს თვითრეალიზაციის ამაყი განცდით შევუერთდებოდი... ზამთრის იმ მშვენიერ, სუსხიან დილას მივხვდი, რომ ვიყავი თავის უფალი... მას შემდეგ ბევრი ასეთი მშვენიერი დილა დადგა - სამყაროს შეცნობის ლამაზი წუთები, როდესაც ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობ ფრენას და საკუთარ თავში აღმოაჩენ ახალ და ახალ შესაძლებლობებს; როდესაც არჩევანის გაკეთება ყოველდღიურობის ნაწილი ხდება და არაფრის დიდებით აღარ დაუთმობ ამ უფლებას სხვას... როდესაც პასუხისმგებლობა აღარ გაშინებს და აღარ ეძიებ, ვინ უნდა აიღოს შენს მაგივრად პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთი შენს არჩევანზე... პირადად თქვენთვის რა არის თავის უფლება? რისგან და ვისგან გინდათ რომ იყოთ თავისუფალი?

***

უქმე დღეების თუ დღესასწაულების რაოდენობით ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული ერი ვართ. დღესასწაულების აღნიშვნა წმინდათა წმინდა ტრადიციაა ჩვენს კულტურაში - ახლობელ ადამიანებთან შეხვედრა, საყვარელი ქართული კერძები, კარგი ღვინო, ტრადიციული სადღეგრძელოები... ყოველდღიური და მძიმე ყოფითობის თეატრალიზება ჩვენი იდენტობის საინტერესო ნაწილია. აღვნიშნავთ ძველს თუ ახალს; ისტორიულ, რელიგიურ, საბჭოთა თუ დასავლური კულტურიდან იმპორტირებულ სიმბოლოებს... ამ საყოველთაო ტაში-ტუშში მხოლოდ დამოუკიდებლობის დღე რჩება უმეტესობისთვის ფორმალურ დღესასწაულად. დღე, რომელმაც ვერ შეაღწია ოჯახებსა და გულებში... რიგითი ქართველი ყოველ დღე ეძებს ჭიქის აწევის საბაბს და თუ ვერ პოულობს, ხალისით იმპროვიზირებს; რიგითი ქართველი მუდამ მზად არის სამშობლოს სიყვარულს ორიგინალური სადღეგრძელოები მიუძღვნას; რიგით ქართველს 26 მაისს არ ეზეიმება... ქვეცნობიერის თუ ზეცნობიერის ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ მაინც ვიკითხავ, რატომ გვეშინია თავისუფლების?

***

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ მასშტაბურ დემონსტაციაზე, აკაკი ბაქრაძემ უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალის ბიბლიური მეტაფორა შეგვახსენა. ხალხს არ მოეწონა, სტვენა გაისმა სხვადასხვა მხრიდან... 30 წელი უკვე გავიდა და ისევ გალიის ჩიტებივით ვაწყდებით კედლებს. მე მჯერა ბიბლიური მეტაფორების. მჯერა, რომ დარჩენილ 10 წელიწადში ყველაფერი შეიცვლება, რადგან დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა მიაღწევს ინტელექტუალური და პოლიტიკური სიმწიფის ასაკს.

დაბადების დღეს გილოცავ, საქართველო! გისურვებ, ჩვენი შვილებისთვის ეს დღე ყოფილიყოს საყოველთაო სახალხო ზეიმი.