ირანის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ თეირანსა და გაეროს ბირთვულ მაკონტროლებელს შორის სამთვიანი შეთანხმების ვადა შაბათს ამოიწურა და შესაბამისად, სააგენტოს მათი ობიექტების მონაცემებზე წვდომა აღარ ექნება, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„22 მაისიდან, სამთვიანი შეთანხმების დასრულების შემდეგ, სააგენტოს არ ექნება წვდომა იმ კამერების მონაცემებზე, რომლებიც ბირთვულ ქარხნებშია დამონტაჟებული“, - აღნიშნულია ირანის პარლამენტის განცხადებაში.
მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პარლამენტის სპიკერმა ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის განუცხადა. გროსი ირანში მონიტორინგის შეთანხმების გახანგრძლივების თაობაზე იმყოფება, რომელმაც 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენას უნდა შეუწყოს ხელი.
Reuters-ის ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გაართულოს ვენაში, თეირანსა და ექვს სახელმწიფოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.
2015 წლის შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულებაში გაიწერა დამატებითი პროტოკოლი, რაც სააგენტოს მოკლევადიან ინსპექციებს ითვლისწინებს იმ ობიექტებზე, რომლებზეც ირანს ინფორმაცია არ მიუწოდებია. ინსპექციები ტარდება იმის გასამყარებლად, რომ ბირთვული სამუშაოები არ მიმდინარეობს ფარულად და სამხედრო მიზნებისთვის.
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, პროტოკოლის მიზანი ირანისთვის ბირთვული იარაღის დამზადების შესაძლებლობაში ხელის შეშლაა. მისივე თქმით, ბირთვული იარაღის დამზადება თეირანს არასოდეს სურდა.
გალიბაფის განცხადებით, უმაღლესი ხელისუფლება და სულიერი ლიდერი, ალი ხამენეიც მხარს უჭერენ პარლამენტის გადაწყვეტილებას.
ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობს, რომელზეც ირანის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნისა და შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების საკითხები განიხილება.
2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.
3-5%-ით გამდიდრებული ურანი ბირთვული ელექტროსადგურებისთვის საწვავის წარმოების მიზნით გამოიყენება, 20%-მდე გამდიდრებული ურანი კი - კვლევით ბირთვულ რეაქტორებში.