ბაჩანა შენგელიამ, დედის, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურაში ახალი განცხადება შეიტანა

ბაჩანა შენგელიამ, დედის, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურაში ახალი განცხადება შეიტანა. მისი თქმით, ამ უკანონობის ავტორი ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ბაჩანა შენგელია საქმის გამოძიების განახლებას, გიორგი გახარიას გამოკითხვას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება“, - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ „ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას“.

6 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა. 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

ბაჩანა შენგელია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილია. სკოლის დირექტორი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ამას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება. განათლების სამინისტრო ამტკიცებდა, რომ შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და „სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს. თუმცა ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა.

ბაჩანა შენგელია გახარიაზე: ვიდრე ცოცხალი ვარ, პირობას ვაძლევ, დედაჩემის საქმეზე ის გასამართლდება