მინსკში ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაკავებასთან და ამ მიზნით ათენი-ვილნიუსის რეისის შეცვლასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.
როგორც ბლინკენი აცხადებს, აშშ გმობს მომხდარ ფაქტს და დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„აშშ მკაცრად გმობს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის ფრენის მიმართულების იძულებით შეცვლას და მინსკში ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ განხორციელებულმა ამ შოკისმომგვრელმა აქტმა საფრთხე შეუქმნა 120-ზე მეტ მგზავრს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.