ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. ელჩს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილზეც ჰკითხეს.
„როგორც ყველამ ვიცით, 19 აპრილის შეთანხმებიდან სასამართლო რეფორმის საკითხი იყო განსაკუთრებით ხაზგასმული. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ ორივე საარჩევნო რეფორმა და სასამართლო რეფორმა ჩატარდება ისე, რომ საბოლოოდ გავლენას მოახდენს საკითხებზე. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, გამიხარდა პარლამენტის თავმჯდომარის წერილი, რომელშიც არსებობს განზრახვა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაიწყოს სხვადასხვა საკითხის განხილვა. ფუნდამენტური მიზეზი იმისა, თუ რატომ დავწერეთ წერილი, არის ის, რომ საბოლოოდ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა გაძლიერდეს - ეს არის ძირითადი მიზანი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით პროცესი ნაჩქარევად არ წარიმართოს.
„გეგმის მიხედვით, ორი ტიპის დანიშვნა უნდა მოხდეს, ერთი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და მეორე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს ის საკითხებია, რომლებზეც საჭიროა დაპაუზება, ვიდრე სწრაფად გავლა, რადგან ეს გავლენას მოახდენს იმაზე, რა გაკეთდება შემდგომ. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, უკვე არსებობს ევროკავშირის პირობა მიკროსაფინანსო დახმარებასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე დიდი ხანია, ვმუშაობთ. ჩვენ შევჯერდით ვენეციის კომისიის ღია მოსაზრებაზე, რომელსაც ეს პროცესი მიჰყავს სანდოობასა და ინკლუზიურობამდე. ახლა უკვე ახალი პარლამენტის შემადგენლობით ამის შესაძლებლობა გაჩნდა. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დანიშვნების საკითხი აქაც ხაზგასმული იყო და საჭიროა მისი მხედველობაში მიღება ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვიჩქაროთ ამ პროცესში და დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ფართო გაგება იმისა, თუ როგორ გავიაროთ ეს პროცესი“, - განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.
როგორც საქართველოს პარლამენტის პრესამსახურში Europetime-ს განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე თემები განიხილეს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურის ცნობით კი, შეხვედრის ძირითადი თემა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის“ განხილვა იყო.
„როგორც ევროკავშის ელჩმა თავად განმარტა, შეხვედრა შეეხებოდა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის“ განხილვას. ეს კანონი მნიშვნელოვანია კიბერუსაფთხოების სფეროსთვის. ეს იყო შეხვედრის ძირითადი თემა", - განუცხადეს Europetime-ს ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
ცნობისთვის, 22 მაისს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს აპარატის უფროსმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს. ტექსტი მედიაში არაოფიციალურად გავრცელდა, რომლის მიხედვითაც დიპლომატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესის შეჩერება მოითხოვეს.
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ელჩების საპასუხო წერილში წერს, რომ პარლამენტი უფლებამოსილი არაა, გადაავადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მომავალ კვირას იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დასაგეგმად, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენლობა.