ავიაკომპანია Lufthansa ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse-ი Twitter-ზე ავრცელებს.
„არსებული ვითარების დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ამ დროისთვის ვაჩერებთ მუშაობას ბელარუსის საჰაერო სივრცეში“, - განაცხადეს კომპანიაში.
ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით, მინსკში საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.
ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა უკვე მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.