ბელორუსის მთავრობა აცხადებს, რომ Ryanair-ის ბორტზე "ჰამასის" ბომბის არსებობის შესახებ აცნობეს, რის გამოც სამოქალაქო თვითმფრინავი მინსკში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მინსკში, საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ბელარუსი მოქმედებდა საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად.
სპეციალურ პრესკონფერენციაზე ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არტიომ სიკორსკიმ განაცხადა, რომ 2021 წლის 23 მაისს მინსკის აეროპორტის ელექტრონულ ფოსტაზე ინგლისურენოვანი წერილი მოვიდა, სადაც ეწერა:
"ჩვენ, ჰამასის სამხედროები, ვითხოვთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში ცეცხლი შეწყვიტოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ევროკავშირმა აღარ დაუჭიროს ისრაელს ამ ომში მხარი. როგორც ცნობილია, Delfi Economic Forum-ის წევრები ბრუნდებიან სახლში რეისით FR497. ამ თვითმფრინავში განთავსებულია ბომბი. თუ თქვენ არ შეასრულებთ ჩვენს მოთხოვნებს, ბომბი აფეთქდება 23 მაისს, ვილნიუსის ცაზე".
"ჰამასის" დაჯგუფების სპიკერმა აღნიშნულთან კავშირი უარყო.
ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ.