ის ფაქტი, რომ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ეპიდვითარების კონტრლით, ვხსნით საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის, ეს მყისიერად აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო რომელიც ჩამოყალიბდა, როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, ელის ტურისტებს.
„ტურიზმის ზრდა გავლენას ახდენს ლარის კურსის დასტაბილურებაზე, რასაც ახლა ვხედავთ. რაზეც ზემოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი და პირველ რიგში ტურისტების მიერ შემოტანილი სავალუტო შემოსავლები და ასევე დადებითი მოლოდინები, რასაც ეს ფაქტი ქმნის. 1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ, ტურისტების რაოდენობა უფრო გაიზრდება, - განაცხადა თურნავამ.
საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან ხსნის. ეს გადაწყვეტილება შეეხებათ მათ, ვინც ვაქცინაციის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ დოკუმენტს წარადგენს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.