თებერვლის შემდეგ პირველად, დოლარის ფასი 3.3 ლარს ჩამოსცდა

25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.22 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2993 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.53 თეთრით გამყარდა. შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0420 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან შევა ძალაში.

„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ვარაუდობს, რომ ლარის გამყარების მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინების გაჩენა, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს. ასევე, ამ პოზიტიური მოლოდინების გაჩენას შეიძლება, ხელი შეუწყო კომენდანტის საათის გადაწევამ, რაც ცალსახად დადებითად აისახება როგორც ტურიზმზე, ასევე შიდა სარესტორნო ბიზნესზე და ასე შემდეგ.

„ტურიზმისთვის კომენდანტის საათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არის ასევე გარკვეული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შეიძლება, რომ დადებითაც შეფასდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეა გაცხადებული, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულებს ეხმარებიან იმაში, რომ აიცრან და თუ აიცრებიან, რეკლამირებას გააკეთებენ და ასე შემდეგ, ეს გარკვეულ პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა Europetime-თან ინტერვიუში.