ევროკავშირმა ლუკაშენკოს, მის ვაჟს და 13 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

6 ნოემბერს ევროკავშირმა ბელარუსის დამატებით 15 მაღალჩინოსანი, მათ შორის, ალექსანდერ ლუკაშენკო და მისი 44 წლის ვაჟი და ეროვნული უშიშროების მრჩეველი, ვიქტორ ლუკაშენკო, სანქციების სიაში შეიყვანა.

ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ ლუკაშენკო, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალაუფლება აქვს, პასუხისმგებელია სახელმწიფო აპარატის მიერ ძალადობრივ რეპრესიაზე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მას შემდეგ. კერძოდ, მთავარი ოპოზიციონერების გაშვებით, თვითნებური დაკავებებით, მშვიდობიანი მომიტინგეების არასათანადო მოპყრობით, ასევე ჟურნალისტების დაშინებითა და ძალადობით.

სანქცირებულებს შორის ასევე არიან ლუკაშენკოს შტაბის უფროსი, იგორ სერგეენკო და ბელარუსის KGB-ს უფროსი, ივან ტარტელი. ტარტელს ბრალად ედება სახელმწიფო აპარატის მიერ დარბევის წინამძღოლობა.

ევროკავშირის სანქციების სიაში შესულ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაურო ვიზა ეკრძალებათ და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ნებისმიერი აქტივი ეყინებათ. ამას გარდა, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის სესხის გაცემა ეკრძალებათ.

5 ნოემბერს ეუთო-მ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ადამიანთა უფლებების დარღვევა "აღმოჩნდა მასიური და სისტემატური და [ეს] ეჭვგარაშე დადასტურებულია". ეუთო-მ "პროცესის ყველა ეტაპზე არსებული დარღვევების გამო" ლუკაშენკოს გამარჯვების ანულირების მოწოდებით გამოდის.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანმა, დომინიკ რააბი შეუერთდა ეუთოს მოწოდებას ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვის შესახებ.

ლუკაშენკოს საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად 5 ნოემბერს დასრულდა.

12 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა თქვა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირმა სანქციების ახალ სიაში უნდა შეიყვანოს.

აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ეხება 40 ოფიციალურ პირს, რომლებსაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ. ეს სანქციები არ შეეხო ალექსანდრ ლუკაშენკოს.

მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობდა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევში ლუკაშენკომ შეიძლება აღარ შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, არ დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან და არ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

ბელარუსის ხელისუფლბის წევრებს სანქციები უკვე დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ "სახალხო ულტიმატუმი" არ შეასრულა.