შვეიცარიის საგარეო უწყებამ უარყო ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბელარუსმა შვეიცარიისგან მიიღო შეტყობინება, რომ Ryanair-ის თვითმფრინავში, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლებამ კურსი შეუცვალა და იძულებით დასვა მინსკში, ბომბი იყო მოთავსებული.
როგორც შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, შვეიცარიის ხელისუფლებამ არ იცოდა თვითმფრინავში აფეთქების საფრხის შესახებ და ამიტომ ასეთი საფრთხის თაობაზე ინფორმაცია ბელარუსის ხელისუფლებისთვის არ მიუწოდებია.
ცნობისთვის, დღეს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შვეიცარიიდან მიიღეს. შესაბამისად მან ხალხის დასაცავად "კანონიერად იმოქმედა".
მისივე თქმით, გარე ძალები ბელარუსის წინააღმდეგ "ჰიბრიდულ ომს" აწარმოებენ. ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე დაგმო დასავლეთის ქვეყნების რეაქცია.
„თვითმფრინავმა მინსკში დაშვება ვერ მოასწრო და დასავლეთიდან უკვე ბრალდებები და აკრძალვები წამოვიდა. რაღაც ძალიან სწრაფად მოახდინეს რეაგირება“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.
ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.
24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.
24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.