სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Ryanair-ის ავიარეისთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საგანგებო სხდომას დღეს გამართავს - ექსკლუზივი

დღეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Ryanair-ის ავიარეისთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ Europetime-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში განუცხადეს.

„ICAO- ს საბჭოს წევრები 27 მაისს შეიკრიბებიან და განიხილავენ ბოლო ინფორმაციას, ასევე იმსჯელებენ ყველა ამ საკითხზე. იმავდროულად, ჩვენს სამდივნოს არ შეუძლია წინასწარ ისაუბროს იმაზე, თუ კონვენციის ან სხვა ხელშეკრულებების რომელ ასპექტებზე შეიძლება გააკეთონ ფოკუსირება დისკუსიების მონაწილეებმა“, - განუცხადეს Europetime-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

რას და როგორ წყვეტს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია, ეს დეტალები Europetime-მა მოიძია. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნო უფლებამოსილია, რომ მხარი დაუჭიროს შეთანხმებას საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერ საერთაშორისო გამოძიებას, საჰაერო სივრცის ბლოკადას და ასე შემდეგ, თუ შესაბამის წინადადებას და შეთანხმებას დიპლომატიური არხებით მიაღწევენ დაინტერესებული ქვეყნები, როგორც ეს სხვა საკითხებთან მიმართებით ხდება.

გამოძიების საკითხზე ICAO ელოდება დიპლომატიურ შეტყობინებას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც თანამშრომლობენ ICAO- ს საშუალებით და იღებენ გადაწყვეტილებებს ასეთ საკითხებზე. ამ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება მიიღება 36 წარმომადგენლის და ელჩის მიერ, რომლებიც ამჟამად ემსახურებიან თავიანთ ქვეყნებს, როგორც ICAO- ს არჩეული საბჭოს წევრები.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს შემდეგი სხდომები 7-დან 25 ივნისამდე იყო დაგეგმილი.

ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში ბაზირებულ ავიაკომპანიებს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან. ამასთანავე, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიოს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი.

გარდა ამისა, ჩრდილოატლანტიკური საბჭო მხარს უჭერს, 23 მაისს, Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვებისა და ჟურნალიტის დაკავების შესახებ სასწრაფო დამოუკიდებელ გამოძიებას.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ექსკლუზივი: რა შემთხვევაში უჭერს მხარს ICAO საჰაერო სივრცის დაბლოკვას და გამოძიების დაწყებას - ბელარუსის მაგალითი