რუსთაველზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური პარტიები და მათი აქტივისტები იკრიბებიან. ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, როგორც არ უნდა აიზიდოს ცაში ხელისუფლების პროპაგანდისტული დრონები, ივანიშვილმა ხალხის სიმრავლესა და ბრაზს თვალი უნდა გაუსწოროს.

უგულავას შეფასებით, რუსთაველის გამზირზე ადგილი აქვს გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ადამიანების პროტესტს, რომელიც ივანიშვილისგან თავისუფალი არჩევანის დაბრუნებას ითხოვს.

„ხალხი ბევრს ითმენდა იმ იმედითა და მოლოდინით, რომ არჩევნები ჩატარდებოდა და თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეგვეძლებოდა. დღეს ეს თავისუფალი არჩევანი წართმეული და ფეხქვეშ გათელილია. დღეს რუსთაველზე ყველა პოლიტიკური გემოვნების, ყველა ფერის საქართველო დგას ერთადერთი მოთხოვნით - არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ადამიანის არჩევნებზე წასვლას აზრი არ ექნება, სულ სხვა სივრცეში გადავალთ. ცვლილებების სურვილი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნაა. თუ ამას სახელმწიფო ჩაკეტავს, ცვლილებების სურვილი არსად გაქრება, პირიქით, უფრო გამძაფრდება და უფრო მეტად აგრესიული გახდება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.