ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურს Covid19-ის წარმოშობის წყაროს გამოძიება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურს დაავალა, გამოიძიოს Covid19-ის წარმოშობის წყარო. ამის შესახებ BBC იტყობინება.

განცხადებაში ბაიდენმა აშშ-ის სადაზვერვო ჯგუფებს სთხოვა, გააორმაგონ მათი ძალისხმევა და 90 დღის განმავლობაში წარუდგინონ შესაბამისი ანგარიში. თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მან მოითხოვა მოხსენება ვირუსის წარმოშობის შესახებ თანამდებობის დაკავების შემდეგ, „მათ შორის იმაზე, გავრცელდა თუ არა ვირუსი ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტის შედეგად ან ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად“.

ჯო ბაიდენი Covid19-ის წარმოშობის შესახებ ყველა ინფორმაციის დეტალურად შესწავლას გეგმავს

პრეზიდენტმა ახლა სთხოვა სადაზვერვო სამსახურებს, რომ გაორმაგდეს ძალისხმევა ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის, რამაც შეიძლება საბოლოო დასკვნამდე მიგვიყვანოს", მან სთხოვა კონგრესს, რომ "სრულად გაეცნონ სამუშაოს.

„დღეის მდგომარეობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა ორი სავარაუდო სცენარი განიხილა, მაგრამ ამ საკითხზე საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდა”, - აღნიშნა ბაიდენმა

Covid-19 პირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში 2019 წლის ბოლოს აღმოაჩინეს. მას შემდეგ მსოფლიოში დადასტურებულია 168 მილიონზე მეტი შემთხვევა და გარდაცვლილია სულ მცირე 3.5 მილიონი ადამიანი.

ხელისუფლებამ COVID19-ის შემთხვევები უჰანში ზღვის პროდუქტების ბაზრობას დაუკავშირა. მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ვირუსი პირველად ადამიანს ცხოველებისგან გადაედო.

მაგრამ ბოლო პერიოდში აშშ-ის მედიის ცნობით, მტკიცებულებები არსებობს, რომ ვირუსი შეიძლება ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჩნდა.

პეკინმა დაგმო ეს გარემოებები და განაცხადა, რომ ვირუსი, შესაძლოა, პირიქით, აშშ-ის ლაბორატორიიდან ვრცელდებოდეს.