ივანე ჩხაიძე: ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინდური შტამი გახდეს წამყვანი, ძირითადი შტამი საქართველოში

,,ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინდური შტამი გახდეს წამყვანი, ძირითადი შტამი საქართველოში", - ამის შესახებ Europetime-ს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძე განუცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის აღნიშნული შტამისთვის დამახასიათებელია სწრაფად გადამდებობა.

,,დღეისათვის ვირუსის 7 მუტაციაა ცნობილი, რომელთაც კლინიკური მნიშვნელობა გააჩნიათ. მათი კლინიკური მნიშვნელობა პირველ რიგში გამოიხატება იმაში, არის თუ არა ეს შტამი უფრო მეტად გადამდები და არის თუ არა უფრო მეტად ლეტალური. ჯერჯერობით ის ინფორმაცია, რომელიც ინდურ შტამთან დაკავშირებით არსებობს, ადასტურებს იმას, რომ უფრო მეტად გადამდები შტამია ორიგინალ ვარიანტთან შედარებით, იგივე ბრიტანულ შტამთან შედარებითაც, ცოტა ჩამორჩება ბრაზილიურ შტამს.

ინფორმაცია არის თუ არა უფრო მეტად ლეტალური, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. მიუხედავად იმისა,რომ 2020 წლის ოქტომბერშია აღმოჩენილი, ამ შტამის ინტენსიური შესწავლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც მარტში, ინდოეთში, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად შეიძლება იყოს დაკავშირებული ინდურ შტამთან.

დღეისათვის ინდური შტამი მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში არის აღმოჩენილი, მაგრამ არცერთ ქვეყანაში არ არის დომინანტი შტამი.

საქართველოში სულ რამდენიმე, 5 შემთხევევა არის დაფიქსირებული, ქვეყანაში მათღგან დარჩენილია 2 ადამიანი, მათი კონტაქტები ცნობილია, მაგრამ ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ის გახდეს წამყვანი, ძირითადი შტამი ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით დაინფიცირების შემთხვევების ძირითადი ნაწილი ბრიტანული შტამით არის გამოწვეული", - ამბობს ჩხაიძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა.

ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია