პოლიციამ გუმათში აქციის 8 მონაწილე დააკავა

გუმათში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას რვა ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, რვავე ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონმდებლობით დააკავეს.

ამასთან, შსს-მ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა გუმათში შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. შსს-ს ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დღეს საღამოს მოხდა. აქტივისტები ბარიკადებს მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა. ამ ფაქტს მათ შორის დაპირისპირება მოყვა.