ICAO Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვების ინციდენტს გამოიძიებს

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) ბელარუსის ხელისუფლების მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვების ინციდენტს გამოიძიებს. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია ავრცელებს.

გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება 27 მაისს, საგანგებო სხდომაზე მიიღო ICAO-ს საბჭომ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა ორგანიზაციის რომელიმე წევრმა ქვეყანამ საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია (ჩიკაგოს კონვენცია). ICAO-ს საბჭომ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ICAO- ს საბჭომ Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი გადაადგილების გამო ღრმა შეშფოთება გამოხატა. ICAO-ს მმართველმა საბჭომ საგანგებო შეხვედრაზე ხაზი გაუსვა მომხდარი ფაქტის დადგენის მნიშვნელობას და იმას, ხომ არ დაირღვა შეთანხმება და კანონი ICAO-ს რომელიმე წევრის მიერ, მათ შორის კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ (ჩიკაგოს კონვენცია) და მისი დანართები.

ჩიკაგოს კონვენციის 55-ე მუხლის გათვალისწინებით საბჭომ გადაწყვიტა, ჩაატაროს გამოძიება ფაქტის დადგენის მიზნით და ამასთან დაკავშირებით სთხოვა ICAO- ს სამდივნოს, მოამზადოს შუალედური ანგარიში შემდგომი სხდომისთვის და წარმოადგინოს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტები. საბჭომ ასევე მოუწოდა ICAO-ს ყველა წევრ ქვეყანას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, ითანამშრომლონ ამ ფაქტის შემსწავლელ გამოძიებასთან, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და შესთავაზა დახმარება ამ მიზნის მისაღწევად.

„საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყველა შესაბამისი ფაქტი ოფიციალურად უნდა დადგინდეს ICAO- ს გამოძიების შედეგად, რომელსაც ატარებს ორგანიზაციის სამდივნო”, - აღნიშნა ICAO- ს საბჭოს პრეზიდენტმა სალვატორე სშიაჩიტანომ.

ICAO-ს გენერალუი მდივანი ფანგ ლიუ შეხვედრის დროს გამოეხმაურა საბჭოს გადაწყვეტილებას და სამდივნოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ექსკლუზივი: რა შემთხვევაში უჭერს მხარს ICAO საჰაერო სივრცის დაბლოკვას და გამოძიების დაწყებას - ბელარუსის მაგალითი