ევროკომისარი: ინვესტიციებს განვახორციელებთ განსაკუთრებით შავ ზღვაში, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების განმტკიცებას

„ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით განაგრძობს“, - განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე: „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი - გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“.

მისი თქმით, ეს გეგმა განხორციელდება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით.

„ჩვენ ასევე განვსაზღვრავთ თითოეული ქვეყნისთვის პროექტებს, რათა ხელშესახები შედეგი იგრძნონ საქართველოს მოქალაქეებმა. ჩვენ ინვესტიციებს ჩავდებთ კავშირების განმტკიცებაში, განსაკუთრებით შავ ზღვაში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების მხარდასაჭერად. ასევე, ინვესტიციებს განვახორციელებთ ეკონომიკაში, რომ დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება კანონის უზენაესობის, უსაფრთხოების, სასამართლოს რეფორის, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე.

„მხარს დავუჭერთ ახალგაზრდებს, განათლებას და სამეცნიერო კვლევებს, რათა უფრო ინოვაციური და კრეატიული ეკონომიკა შევქმნათ. ჩვენ ფოკუსირებული ვიქნებით მმართველობაზე, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხოებაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე და კორუფციასთან ბრძოლაზე. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას, ერთად იმუშაონ პროგრესის მისაღწევად. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება ამბიციურ ასოცირების ხელშეკრულებას. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მოქალაქეებმა ამ სიკეთეებით ისარგებლონ“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური გეგმით, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს

სალომე ზურაბიშვილი ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთობლივი ინტერესია, რომ ევროკავშირი შავ ზღვაში, რეგიონში, ეკონომიკურ პროექტებში აქტიურად შემოვიდეს, რომ გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს