„პროტესტის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციას, ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მხრიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, რომელიც აქციის მშვიდობიანად ჩატარებას ეხებოდა. მისივე თქმით, პროტესტის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციას, ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მხრიდან.
მამუკა მდინარაძის თქმით, როგორც ჩანს, აქციის მონაწილეებს არ მოსწონთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 30 უბანზე გადაითვალა ხმები. ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა, არც გაყალბების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარედ ვითარება დაიძაბა. დემონსტრანტების ნაწილი საარჩევნო კომისიასთან მივიდა, რასაც პოლიციასთან შეხლა–შემოხლა მოჰყვა. სამართალდამცველებმა მომიტინგეთა ერთი ჯგუფის წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოიყენეს და მათ შენობასთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცეს. ამ ფაქტმა აქციის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვია.