ივანე ჩხაიძე: ინდური შტამით ინფიცირებული ჯანმრთელ ადამიანებს უფრო მარტივად ასნებოვნებს

„ადამიანი, რომელიც ინფიცირებულია ინდური შტამით, უფრო მარტივად ასნებოვნებს ჯანმრთელ ადამიანებს,ეს განიხილება, როგორც ამ შტამისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისება“, - ამის შესახებ Europetime-ს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

„ასევე არის გარკვეული მონაცემები ლოკალური, რომ ეს შეიძლება უფრო მეტად ახალგაზრდა ასაკში იყოს გავრცელებული, თუმცა ეს ერთ-ერთი კვლევაა, ფართომასშტაბიანი კვლევით არ დასტურდება, რომ უფრო მეტად ახალგაზრდები ავადდებიან. ის რომ, უფრო მეტად გადამდებია, არის სწორედ ის, რასაც ჯანმო განიხილავს ,,შეშფოთების საფუძველს", ვინაიდან უფრო მეტად გადამდებობა ნიშნავს, უფრო მეტ ინფიცირებულს, აქედან გამომდინარე შეფასება - ,,შეშფოთების საფუძველი" სავსებით რეალურია ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან.

მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი ოთხივე ტიპის ვაქცინა მოქმედებს კორონავირუსის ინდურ შტამზე.

,,ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ის ვაქცინები, რომლებიც დღეს საქართველოშია, მოქმედებენ ინდურ შტამზეც, განსაკუთრებით ეს ეხება Pfizer-ის, AstraZeneca-ს ვაქცინებს, რომელთა მოქმედება დადასტურებულია. ასევე არსებობს ანალოგიური ინფორმაცია Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებთან დაკავშირებითაც, შესაბამისად, ინდური შტამი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობას და ამ მხრივაც მისი გამოჩენა საქართველოში ნიშნავს, რომ დგება დრო ვაქცინის უფრო მეტი მოწოდების და უფრო მეტი ადამიანის ვაქცინირება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ინფექციის მკვეთრი გავრცელების თვალსაზრისით. ასევე, ამ შტამის გავრცელება და მისი თავისებურება ნიშნავს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ნიღბის ტარების აუცილებლობა“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია