აშშ-ის "საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის" პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმღებად საქართველო სახელდება

აშშ-ის "საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის" პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმღებად საქართველო სახელდება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის პროექტით "საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნისთვის" პროგრამებისთვის ევროპას 26,9 მილიონი აშშ დოლარი უნდა გამოეყოს.

rროგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დახმარების პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.

"საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის“ პროგრამები აძლიერებს რეგიონალურ უსაფრთხოებას, ასევე აშშ-ის, NATO-სა და ევროპულ შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთობას და ეხმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ხელს უწყობს იმ ერებს, რომლებიც შეერთებული შტატების გვერდით მოქმედებენ და მათ ჰყავთ ოფიცრები, რომლებსაც ესმით აშშ-ის სამხედრო დოქტრინა და ოპერატიული ტაქტიკა. ამ დახმარების პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი", – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 ფისკალური წლის პროექტით, საქართველომ "საგარეო სამხედრო დაფინანსებაც" უნდა მიიღოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ფისკალური წლის პროექტში "საგარეო სამხედრო დაფინანსება" ევროპისა და ევრაზიისთვის $299 მილიონით არის განსაზღვრული.

პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია.

"ეს გულისხმობს რუსული გავლენებისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერების გზით. გამოყოფილი თანხები ხელს შეუწყობს შესაბამისი სწავლებების ჩატარებასა და აღჭურვილობების მიღებას, მათ შორის დაზვერვის, გარემეთვალყურეობისა და რეკოგნოსცირების კუთხით.

ამ ტიპის მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია, რომლებსაც რუსეთთან უშუალო სახმელეთო საზღვარი გააჩნიათ", – მითითებულია პროექტში.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.