ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

შვლის ნუკრი

შთამომავლობით საკუთარი არსებობის გაგრძელება ჩვენი მთავარი ინსტინქტია. რა სჭირდებათ ბავშვებს ბედნიერი ბავშვობისთვის? ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის ბავშვობაზე? ან როგორ გვესმის საკუთარი შვილების ბედნიერება? უმწეო პატარა - ყველაზე დიდი ადამიანური ტრაგედიაა. ნუკრი დაობლდა... ყველას გვიტირია შვლის ნუკრის ნაამბობზე ადრეულ ასაკში. ნუკრი დაობლდა, ობლობა ყოფილა უმწეო ბავშვობა... დიდი მგოსანი იხსენებს თავის ბავშვობას და ყველანი ვყოფილვართ აკაკის გულშემატკივარი - დაზუთხვა, ჩაგვრა (დღეს რომ ბულინგი დავარქვით), ნებადართული ფიზიკური სასჯელები... უგულო აღზრდა ყოფილა უმწეო ბავშვობა...

იგივე დაზუთხვა, ჩაგვრა თუ დასჯა იმდენად ბუნებრივი იყო საბჭოთა სკოლებში, არც არასოდეს გაგვჩენია შეკითხვა აღზრდის მეთოდების კანონიერების შესახებ. კარგია, რომ გადავაფასეთ მეფის რუსეთის სისასტიკეები, მაგრამ გვაქვს კი სურვილი გადავაფასოთ საბჭოთა სკოლაც? სრულიად პირიქით - დღეს ბევრი მშობელი თუ მასწავლებელი ითხოვს დაბრუნდეს მკაცრი წესები, დავიბრუნოთ „ზრდასრულთა ლეგიტიმური უფლება“, მივტყიპოთ ბავშვი სახლსა თუ სკოლაში მათივე კეთილდღეობისთვის. უცნაურია, რომ კონსერვატიული ძალები და ის ადამიანები, ვინც თავს ლიბერალებად წარმოგვიდგენენ და საკანონმდებლო ორგანოებში განათლების საკითხებზე პასუხისმგებლობის აღების ამბიციაც აქვთ, ერთსულოვანნი არიან ამ ერთადერთ საკითხში - მშობლის უფლებაა სცემოს შვილი მისივე კეთილდღეობისთვის...

წლების განმავლობაში, პროფესიიდან გამომდინარე, მრავალი ახალგაზრდული შეხვედრა-დისკუსიის ორგანიზატორი ვყოფილვარ. ბავშვთა უფლებებზე დისკუსიის დაგეგმვა წყლის ნაყვად მეჩვენებოდა. რაზე უნდა იდებატონ ახალგაზრდებმა? თავადაც ახლახან გადააბიჯეს ბავშვობის ასაკს და ახალგაზრდული შემართებით მუდამ დაიცავენ საკუთარ უფლებებს - ასე ვფიქრობდი. თურმე ვცდებოდი, თურმე რამდენი ახალგაზრდა ოცნებობს გახდეს მშობელი, რომ მასაც ჰქონდეს „ლეგიტიმური უფლება“ ბავშვი გატყიპოს...სოცმედიის გვერდებზე, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სტატიის ქვეშ აუცილებლად იპოვით მრავალ კომენტარს ბავშვთა „მიტყეპვის“ სიკეთეებზე: ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც, გონიერებიც და ღონიერებიც, დედაკაცებიც და მამაკაცებიც გვაუწყებენ, რომ მათზეც ძალადობდნენ ბავშვობაში და დაუშვებელია ამის გამო მშობლების, ბებია-ბაბუების, აღმზრდელების თუ „კეთილისმყოფელი“ დეიდა-ბიცოლა-მამიდებისა და მეზობლების გაკრიტიკება...ოჯახისა და თემის კრიტიკა ერთგვარი ტაბუა, რომლის ჩამდენი გაკიცხვის ღირსია ტაბუებით გაჯერებულ საზოგადოებაში.

როდესაც ქვეყნის საზღვრები პირველად გაიხსნა და მრავალმა ქართულმა ოჯახმა მიაშურა ევროპის ქვეყნებს საკუთარი შვილების უკეთესი მომავლის იმედით, ბევრი მათგანისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ადგილობრივი კანონები - მთავარ იმედგაცრუებად არც მეტი და არც ნაკლები, მათივე შვილების უფლებები იქცა. რკინის ქალამნებით ცხრა მთა და ცხრა ზღვა

გადავლილი დამაშვრალი მშობლები კრიმინალებად შერაცხეს საკუთარი შვილების უპატივცემულობისთვის.

***

ტაბუებს ფობიები ქმნის, ფობიებს კი თავად ვქმნით. პედოფობია - ასე ჰქვია თურმე ბავშვების შიშს (სხვისი ბავშვების). ნეტავ, რა დავარქვათ საკუთარი შვილების შიშს? რატომ გვეშინია ბავშვთა უფლებების? ალბათ იმიტომ, რომ თავად არასდროს გვქონია მსგავსი უფლებები; ალბათ იმიტომ, რომ გვეშინია ბავშვებმა დასვან კითხვები იმაზე, რაც თავადაც არ გვესმის; ალბათ იმიტომ, რომ გვეშინია შვილები გაიზარდონ ჩვენგან განსხვავებულები და იცხოვრონ იმ განსხვავებულ მომავალში, რომელიც აუცილებლად მალე დადგება... ბავშვის უმწეობა არც ობლობაა და არც ცუდი სასკოლო ნიშანი, ბავშვის უმწეობა მისი უმწეო მშობელი თუ აღმზრდელია, რომელსაც არ ძალუძს, გზა გაუკვალოს მომავალ რთულ ცხოვრებაში - ასწავლოს საკუთარი მაგალითით და არა დიდაქტიკით; მასთან ერთად შეეჭიდოს ბავშვურ პრობლემებს; ხანდახან უთხრას, რომ რაღაც არ იცის; ასწავლოს თევზის ჭერა და არა მხოლოდ თევზის მირთმევა... ჩვენ ვზრდით უმწეო ბავშვებს იმ მომავლისთვის, რომლისაც თავად ასე გვეშინია. შიში კი ოხერია, განსაკუთრებით, შეუცნობელის და უცნობის შიში. ჩვენ ვზრდით შვილებს საკუთარი კომპლექსებისა და შიშების ტყვეობაში.

***

თაობათა შორის ბრძოლის გამძაფრება პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანმდევი პროცესია - იცვლება ღირებულებები და ღრმავდება უფსკრული თაობებს შორის. დღეს თაობათა ბრძოლის ხაზი ბავშვთა უფლებებზე გადის. თაობა, რომელიც დამარცხდა საკუთარ თავთან, ებღაუჭება ძალაუფლებას საკუთარ შვილებთან. ბავშვების ყველაზე საყვარელი გმირები კი პეპი და კარლსონია, რადგან თავისუფლება ბავშვის ინდივიდად ჩამოყალიბების ერთადერთი წინაპირობაა. ნუ ვაოცნებებთ პატარებს თავისუფლებაზე, ჩვენგან თავისუფლებაზე.

ვულოცავ ყველა პატარას ბავშვთა დღეს და ვუსურვებ გაიზარდონ მოაზროვნენი და თავისუფალნი.

შვლის ნუკრი უმწეო არ არის - მას კარგი დედა ჰყავდა...