NATO-ში ბელარუსის დიპლომატიური მისიის პერსონალს ალიანსის შტაბ-ბინაზე წვდომა ეზღუდება, - ამის შესახე NATO-ს გენეალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბელარუსის მისიის პერსონალს NATO-ს შტაბ-ბინაზე წვდომა შევუზღუდოთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენერალურ მდივანს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ბელარუსი NATO-ს წევრი არ არის, თუმცა ქვეყანას ალიანსთან კავშირი 1992 წლიდან, NATO-ში დიპლომატიური მისია კი 1998 წლიდან ჰყავს.
ცნობისთვის, ბელარუსსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა 23 მაისიდან დაიძაბა.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.
ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.
24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.
24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.