ევრაზიის პროგრამის, საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლუის ნავარო თბილისში განვითარებულ მოვლენებს „ევროპათაიმთან“ აფასებს.
მისი თქმით, ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს ამომრჩეველთა მიერ გამოცხადებულ ნდობას და თავისი ადგილები დაიკავოს პარლამენტში, რაც იქნება უკეთესი პლატფორმა, საარჩევნო რეფორმასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე მთავრობასთან დისკუსიისთვის.
„ამავდროულად, მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ყველა ბრალდება გამჭვირვალედ გამოიძიოს და აჩვენოს მაქსიმალური თავშეკავება, რადგან საერთაშორისო პარტნიორების მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებაა“, - განაცხადა ლუის ნავარომ.
სპეცრაზმმა გუშინ ცესკოს შენობასთან აქცია წყლის ჭავლით დაშალა.
შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში და ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.
მმართველი პარტიიდან კი მომხდარს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმთ,„პროტესტის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციას, ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მხრიდან.
ოპოზიცია აქციას დღეს ისევ გეგმავს. პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ 22:00 საათიდან საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს.