ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურ დირექტორად მამუკა მურჯიკნელი დაინიშნა

ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურ დირექტორად მამუკა მურჯიკნელი დაინიშნა. იგი არის კვალიფიციური და გამოცდილი კადრი როგორც დიპლომატიურ, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში. მისი კარიერა საგარეო საქმეთა სამინისტროდან იწყება. სხვადასხვა დროს იგი იკავებდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს ატაშეს (კომერციულ საკითხებში) პოზიციას, აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის თანამდებობას. 2019 წლის თებერვლიდან თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა. მას გააჩნია კერძო ბიზნესში მუშაობის დიდი გამოცდილებაც, 2005-2007 წლებში მუშაობდა კომპანია „კანარგო“-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მენეჯერის თანამდებობაზე.

2007-2015 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. „ტეტის პეტროლეუმ ლიმიტედ“-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მენეჯერის, კორპორატიულ საქმეთა მენეჯერის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე. 2015-2017 წლებში მუშაობდა კომპანია „სკაილენდ პეტროლეუმ გრუპ“-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. 2017-2018 წლებში იყო დამოუკიდებელი კონსულტანტი, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში.

ცნობისთვის: ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ტერმინალი მშენებლობა 2021 წელს დასრულდა. რეგიონალური მაშტაბის პროექტი, რომელიც ცენტრალურ აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტვირთს საქართველოს გავლით ევროპულ ბაზართან დააკავშირებს, ამერიკული ცნობილი კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა.

უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები. ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.

აღნიშნულ ობიექტზე უკვე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი, უმეტესობა აჭარის რეგიონიდან.

კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს როგორც საინვესტიციო თანხის მოცულობის, ასევე სამუშაო ადგილების გაზრდას.

ცნობისთვის, „ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს კერძო ამერიკულ უდიდეს კომპანიებს შორის 56-ე ადგილს იკავებს.