ივანე ჩხაიძე: სავსებით შესაძლებელია, ბევრმა კომპანიამ გამოაცხადოს, რომ ვაქცინის მესამე დოზაც აუცილებელია, რაც ძალიან კარგი იქნება

საქართველოში 1 000 სრულად ვაქცინირებულში კორონავირუსით მსუბუქად 2 დაინფიცირდა - ამის შესახებ Europetime-თან ინტერვიუში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი საქართველოში ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ მეტყველებს.

ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ Astrazeneca-ს ვაქცინის შემთხვევაში 86%-87%-ია მისი დაცვის მაჩვენებელი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს Astrazeneca-ს ვაქცინის მორე დოზის გაკეთების შემდეგაც.

,,შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი კორონავირუსის ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ დაინფიცირდეს, ეს საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ვაქცინების ეფექტურობასთან. ყველაზე მაღალეფექტური ვაქცინა, რომელიც დღეს საქართველოშია, ეს არის Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც 95%-იანი ეფექტურობა გააჩნია, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ 100 ვაქცინირებული ადამიანიდან შეიძლება 5 დაინფიცირდეს. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის.

არამარტო კორონავირუსის საწინაღმდეგო, არამედ ზოგადად არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც აცრის შემდეგ 100%-იანი დაცვა შეუძლია. ასეთი ვაქცინა არ არსებობს, ასე რომ, ჩვენ, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვიკეთებთ, მთავარი მიზანი არაა ის, რომ ეს ადამიანიანები ინფიცირებისგან დავიცვათ, არამედ, ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ადამიანებში დაავადება განვითარდეს მსუბუქად, არ დასჭირდეთ საავადმყოფოში გადაყვანა და რაც მთავარია, ვაქცინა იცავს ლეტალური გამოსავლისგან.

ყველა ის ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, ჯანმოს მიერ ავტორიზებული, ყველა შემთხვევაში დაფიქსირებულია, რამდენ პროცენტში იძლევიან ისინი ლეტალური გამოსავლისგან თავის დაცვის საშუალებას და ყველა შემთხვევაში წერია, რომ 100%-ით.

ასე რომ, საერთოდ არ წარმოადგენს ფაქტს, ვაქცინის და ვაქცინაციის პროცესის სადისკრედიტაციოს ის, რომ ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაემართა. მინისტრს დაემართა ვირუსი ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, მან ვერ მოასწრო მეორე დოზის გაკეთება, რაც ნიშნავს, რომ მას არ ჰქონია სრული დაცვა, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, ვინაიდან სრული დაცვისთვის თქვენ გჭირდებათ ორჯერადად ვაქცინაცია.

Astrazeneca-ს ვაქცინის შემთხვევაში 86%-87%-ია მისი დაცვის მაჩვენებელი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს Astrazeneca-ს ვაქცინის მორე დოზის გაკეთების შემდეგაც. ყველაზე მთავარია რა ფორმით იქნება ქალბატონ ეკასთან კორონავირუსი, იქნება თუ არა მძიმე ფორმით, აუცილებელი იქნება თუ არა მისი საავადმყოფოში გადაყვანა და ა.შ.

ასე რომ, პირიქით, დღეს ჩვენ ზუსტი ციფრი გვაქვს, რამდენ ადამიანს დაემართა კორონავირუსის ორჯერადად აცრის შემდეგ, ასეთი მაჩვენებელი საქართველოში 0.2% - 0.3% ანუ 1 000 ვაქცინირებულიდან შეიძლება 2 დაემართოს, ისიც მსუბუქ ფორმებში. მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით, ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ მეტყველებს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არ სჯერა ვაქცინის ეფექტურობის, ეს ციფრი უნდა მოვუყვანოთ.

1 000 ვაქცინირებულში 2 ადამიანს დაემართა მსუბუქ ფორმაში - ასე რომ, აქ ის ფაქტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ თვალსაზრისით არამხოლოდ ინფიცირების, არამედ მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალური შედეგის თავიდან აცილების თვალსაზრისით, რაც არის კიდევ ვაქცინაციის ჩატარების კიდევ ერთი მთავარი მოტივი.

რატომ ვაკეთებთ ორჯერადად ვაქცინაციას? ვაკეთებთ იმიტომ, რომ პირველი ვაქცინაცია არ იძლევა საკმარის დაცვას. მეორე აცრის აუცილებლობა და Pfizer-ის შემთხვევაში იცით, რომ მან გამოაცხადა, რომ მესამე დოზასაც გააკეთებს იმიტომ, რომ უფრო მეტად გაზარდოს იმუნიტეტი. ორჯერადაც ვაქცინაცია დღეისათვის აუცილებელია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ბევრმა კომპანიამ გამოაცხადოს, რომ მესამე დოზაც არის აუცილებელი, რაც იქნება ძალიან კარგი, ვინაიდან მესამე დოზის შემდეგ თქვენ კიდევ უფრო მაღალ იმუნიტეტს მიიღებთ და კიდევ უფრო მეტ დაცვას ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძე Europetime-თან განმარტავს, როდის დასრულდება პანდემია და როდის შეიძლება დაუბრუნდეს ქვეყანა ჩვეულ ცხოვრების რიტმს, რაც პანდემიამდე იყო.

,,ჩვენ შეგვიძლია საქართველოში კორონავირუსის პანდემია ძალიან სწრაფად დავასრულოთ, თუ მოსახლეობის 70% ავცრით წლის ბოლოსთვის, მაშინ შეგვიძლია გამოვაცხადოთ, როგორც ისრაელმა გამოაცხადა.

ისრაელმა გამოაცხადა, რომ მისი მოსახლეობის 60%-ია აცრილი და ქვეყანაში პანდემია ფაქტობრივად დამარცხებულია, ინფიცირების შემთხვევები ერთეულებია, ლეტალობის შემთხვევები არ აქვს, მოსახლეობას ნიღბის ტარების ვალდებულება არ აქვს - ეს არის პანდემიის დასრულება.

იქ ვაქცინირებულთა რაოდენობამ 60%-ს გადააჭარბა. თუ ჩვენ 60% და 70%-ს გადავაჭარბეთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პანდემია დასრულდება, თავისით არაფერი არ დასრულდება, ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი ვაქცინაციის მაჩვენებლით, ეს არის მთავარი.

თუ ჩვენ დავრჩით საქართველოში 30%-40%-50%-ზე, პანდემია გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება ეს მიღწეული, შეიძლება დასჭირდეს ერთი წელი, ორი წელი, არავინ არ იცის, მაგრამ ეს არის მთავარი. ვიდრე არ იქნება 60%-ი ვაქცინირებული, პანდემიის დასრულებაზე, ინფიცირების ახალ შემთხვევებსა და ლეტალობაზე ლაპარაკი იქნება სრულიად ზედმეტი.

პირბადის ტარების ვალდებულება გვექნება, ვიდრე არ ავცრით მოსახლეობის 60%-ს. მისი ტარების ვალდებულება შეიძლება მოიხსნას ეტაპობრივად, ჯერ ღია სივრცეში, შემდეგ დახურულ სივრცეში. ჯერჯერობით, შესაძლებელია უახლოესი თვეებს განმავლობაში, თუ ჩვენ მივაღწევთ ვაქცინაციის ცოტა უფრო მაღალ პროცენტს (დღეს ჩვენ გვაქვს 3,5%) არ არის საკმარისი, რომ პირბადეების მოხსნის რეკომენდაცია გავცეთ. პირბადის მოხსნის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ვაქცინირებულების რაოდენობასთან", - ამბობს ივანე ჩხაიძე.