ირაკლი კოვზანაძე სებ-ის პრეზიდენტს: ლარის კურსი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა

ვისი მუშაობის შედეგია 2020 წლის 2.4%-იანი ინფლაცია - სებ-ის, საქსტატის თუ მთავრობის? - ამ კითხვით მიმართა დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, რომელიც დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა.

„ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას და მიზანს ფასების სტაბილურობა წარმოადგენს. ანუ ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი ინფლაციაზე (მთავრობას კი პასუხისმგებლობა ეკისრება ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებაზე და ა.შ.). საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ინფლაციამ შეადგინა 2.4%, თუმცა მთელი 2020 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა იყო. ინფლაციამ პიკს აპრილში მიაღწია და 6.9 % შეადგინა, ხოლო საშუალო წლიური 5.2 % იყო. წლის ბოლოს, დეკემბერში ინფლაცია მკვეთრად 2.4%-მდე შემცირდა, რაც, ძირითადად, გამოწვეული იყო იმით, რომ საქსტატმა მოქმედი მეთოდიკის საფუძველზე, ინფლაციის მაჩვენებელი შემცირა ზამთრის თვეებში მთავრობის მიერ მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირების ნაწილით, ეს კი 1.9 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. (მე არ ვეხები ეხლა ეს მეთოდიკა რამდენად სწორეა, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ამის ირგვლივ).

სხვანაირად, რომ ვთქვა - რომ არა მთავრობის მხრიდან კომუნალური ხარჯების სუბსიდირება და შემდეგ მეთოდიკაში მისი გამოკლება, ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენ გვექნებოდა, დაახლოებით, 5.2-5.3% ანუ ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით მეტი.

ჩემი კითხვაა - ვისი მუშაობის შედეგია 2020 წლის 2.4%-იანი ინფლაცია - ეროვნული ბანკის (რომლის ძირითად ამოცანასაც სწორედ ინფლაციის მართვა წარმოადგენს) თუ მთავრობის, თუ საქსტატის, რომელმაც 1.9 პროცენტული პუნქტი გამოაკლო?“, - ჰკითხა ირაკლი კოვზანაძემ კობა გვენეტაძეს.

თავის მხრივ, სებ-ის პრეზიდენტმა კი შემდეგი პასუხი გასცა: „კომუნალურების სუბსიდირების საჭიროების მიზეზი იყო პანდემია, რომელიც როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში იყო, მაგრამ სუბსიდირება შეუძლებელი იქნებოდა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს რომ არ ემუშავა და არ მოეზიდა ის ძალიან დახმარება, რომელიც პანდემიის დაწყებიდან მალევე მიიღო; შემდეგ კი კომუნალური გადასახადების სუბსიდირება და მერე ინფლაციიდან მომდინარე ტვირთის შემსუბუქება შეძლო, რადგან ხალხმა იმ პროდუქტში უფრო ნაკელბი გადაიხადა და ინფლაციის პრინციპიც გათვლაში ამ დანახარჯის შესვლაა“.

„არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია - ლარი არის ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ამის დასტურად საქართველოს კონსტიტუცია და ეროვნული ბანკის ორგანულ კანონი მოიყვანა.

„ფულის ემისია ეროვნული ბანკის ექსკლუზიური ფუნქციაა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელება კი ეროვნული ბანკის ფუნქციაა. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ამ ფუნქციების განხორციელებაში და არავის აქვს უფლება ჩაერიოს მის საქმიანობაში. წარმოგვიდგენია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავი აარიდოს ევროზე პასუხისმგებლობას? ან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აშშ დოლარზე პასუხისმგებლობას? - მაღალი დოლარიზაციის და მაღალი იმპორტდამოკიდებულობის პირობებში ლარის 1%-ით ან 10%-ით გაუფასურება რა ოდენობით გადაეცემა ფასების ზრდას და რა ზომით აისახება მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებზე?“, - ჰკითხა კოვზანაძემ გვენეტაძეს და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გათვლები ეროვნულ ბანკს ექნება.