„ამერიკის მიერ საქართველოსთვის COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს. საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს. მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოსთვის ვაქცინის მიწოდებაზე გადაწყვეტილების შესახებ პირველად, 3 ივნისს, თბილისში ვიზიტით მყოფმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა და აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, საქართველოს გამოუყოს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები.
მოგვიანებით, თეთრმა სახლმაც გაავრცელა განცხადება, რომ აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს.