აშშ მზად არის, მსოფლიოს სულ 80 მილიონი ვაქცინა გაუზიაროს. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ვაქცინების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოშიც გააგზავნის.
ვაქცინების 75%-ს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების განაწილების პლატფორმას, COVAX-ს მიაწვდის, რისი საშუალებითაც ვაქცინები გადანაწილდება სხვადასხვა ქვეყანაში.
დანარჩენ 25%-ს აშშ პირდაპირ გაუნაწილებს მეზობლებს, გასაჭირში მყოფ ქვეყნებს, მათ ვისაც ეპიდემიის სწრაფი გავრცელება აქვთ და მათ, ვინც აშშ-ისგან სასწრაფო დახმარება მოითხოვეს.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 6 მილიონი დოზა გამიზნულია რეგიონული პრიორიტეტების გათვალისწინებით და პარტნიორებისთვის, რომელთა სიაში შედიან მექსიკა, კანადა, კორეის რესპუბლიკა, დასავლეთ სანაპირო და ღაზის სექტორი, უკრაინა, კოსოვო, ჰაიტი, საქართველო, ეგვიპტე, იორდანია, ერაყი და იემენი, აგრეთვე გაეროს მუშაკები.
Covax-ის ფარგლებში ვაქცინების განაწილებისას პრიორიტეტული იქნება ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის, სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის რეგიონები.
"ვაქცინის მილიონობით დოზის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება აშშ-ის მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ვალდებულებისადმი ერთგულებას წარმოადგენს", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზა მოიცავს 20 მილიონ დოზა - Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს, ასევე AstraZeneca-ს.
შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოაცხადა, რომ 4 ივლისისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონ დოზას გაუზიარებს სხვა ქვეყნებს.
ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ვაქცინებს მიაწვდის.