რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების გაგზავნის პროცესი დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები ულიანოვსკის აეროპორტიდან U-76-ის ტიპის თვითმფრინავით გადაჰყავთ. მთიან ყარაბაღში, საერთო ჯამში, 1 650 რუსი სამშვიდობო განლაგდება.
"აზერბაიჯანული და სომხური ძალები ყარაბაღში მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე შეჩერდებიან. ბაქომ და ერევანმა ასევე ტყვეები უნდა გაცვალონ, ყარაბაღში კი ყველა სატრანსპორტო კვანძი უნდა განიბლოკოს. ვიმედოვნებ, შეთანხმება შექმნის პირობებს კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისთვის" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მხარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ნათქვამია, რომ მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან, სომხეთის მიერ მთიან ყარაბაღში დაგავებული ტერიტორიები კი, ეტაპობრივად დაუბრუნდება აზერბაიჯანს.
1. 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე და საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე მთიანი ყარაბაღის ზონაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში – მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან.
2. აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე.
3. მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი 1 960 სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება.
4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა 5 წლით განისაზღვრება, შემდეგი 5 წლის პერიოდით ავტომატურად განახლების პირობით, იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს ამ დებულების გამოყენების შეწყვეტის შესახებ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე.
5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს.
6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქალბაჯარის რაიონს, 1-ელ დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს გადასცემს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და ამავდროულად არ შეეხება ქალაქ შუშას. მხარეების შეთანხმების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფანში მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეფანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს.
7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის კონტროლით.
8. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება.
9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ. მხარეების შეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა განხორციელდება, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ სომხეთის პრემიერი, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ მან მოსახლეობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მიმართვით აცნობა.
"ძვირფასო თანამემამულეებო, დებო და ძმებო! ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის. 01.00 საათიდან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოვაწერე ხელი რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან. უკვე გამოქვეყნებული ტექსტი დაუჯერებლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება მივიღე სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზის შედეგად და იმ ადამიანების რჩევით, რომლებსაც აქვთ სიტუაციის საუკეთესო ხედვა. ის ასევე ეფუძნება რწმენას, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში. დიახ, ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არც მარცხია, სანამ თავს დამარცხებულად არ ჩავთვლით. ჩვენ კი ამას არასოდეს გავაკეთებთ და ეს უნდა იყოს ეროვნული ერთიანობის, ხელახლა დაბადების ეპოქის დასაწყისი. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, რათა დავგეგმოთ მომავალი და აღარ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. მუხლს ვიდრეკ თითოეული ჩვენი მოწამის წინაშე. ქედს ვიხრი ყველა ჩვენი ჯარისკაცის, ოფიცრის, გენერლის, მოხალისეს წინაშე, რომლებიც იცავდნენ და იცავენ სამშობლოს! მათ არცახის [თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის - რედ.] სომხები საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს! ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ! და ჩვენ გავიმარჯვებთ! არცახი დგას! გაუმარჯოს სომხეთს! მრავალჟამიერ არცახს" - წერს ნიკოლ ფაშინიანი და დასძენს, რომ შესაბამისი პირობები უახლოეს დღეებში განსაჯაროვდება.
ერევანში ფაშინიანის განცხადებიდან მალევე არეულობა დაიწყო. აღშფოთებული მოქალაქეები მთავრობის კანცელარიაში შეიჭრნენ. ვითარება დაძაბულია. დემონსტრანტები სკანდირებენ „ჩვენს მიწას არ ვთმობთ!“ და თანამემამულეებს "კაპიტულაციის გაპროტესტებისკენ" მუწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, როცა დადასტურდა აზერბაიჯანული მხარის ინფორმაცია სტრატეგიულ ქალაქ შუშის აღების თაობაზე, სომხურმა ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ომში მარცხის გამო ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა.
ცნობისთვის: მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა, სომხეთი და აზერბაიჯანი ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ორივე მხარეს არის დიდი მსხვერპლი. გუშინ ცნობილი გახდა აზერბაიჯანული ჯარის მიერ შუშის აღების შესახებ, რის შემდეგაც აზერბაიჯანის ძალები უკვე დედაქალაქ სტეპანაკერტს მიუახლოვდნენ.