დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სხალთის ეპარქიის მიერ ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების ვიდეოს გავრცელების შესახებ კითხვას უპასუხა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
„ყველაფერს აქვს ახსნა და ხშირ შემთხვევაში, გამოჩნდება, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. მინდა ორი სიტყვით გითხრათ იმ საქმეებზე, რომლის შესახებაც მოვისმინეთ, რომ თითქოს, აქ მძიმე დანაშაულებზე იყო საუბარი. რეალურად, ეს საქმეები არ იხსნება, გაუხსნელი საქმეებია იმის გამო, რომ არ არსებობს დასაბუთება იმ ბრალდებებისა, რომელიც წამოყენებული იყო, ჩატარებულია ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერტიზები, ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა, მას ჰქონდა ექიმის დანიშნულება. თქვენ უნდა იცოდეთ, როცა ასეთ სახლში ხვდება ადამიანი, მეტ-ნაკლებად ტრავმირებულია, ამიტომ ეს აჟიოტაჟი კიდევ უფრო ძაბავს მათ, ერთად ვიზრუნოთ ამ ბავშვებზე, მხედველობაში სულ გვქონდეს, რომ ბავშვები, მოზარდები არიან და უტაქტოდ დასმული შეკითხვა მათთვის დამაზიანებელია.
იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი სხვადასხვა სამსახურის თანამშრომელი არის აქ და გარდა ამისა, გამოკითხვაც მიმდინარეობს, ძიებაც დაწყებულია, საქმე პროფესიონალებს მივანდოთ და დაველოდოთ, რა შედეგები იქნება", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი, როგორც ვიზუალურად, ასევე, სახელითა და გვარით. ამავდროულად ვიდეოში ისმის ბავშვის ტირილის ხმაც.
საპატრიარქო შსს-ს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული საქმეების გასაჯაროებას სთხოვს
სახალხო დამცველის თქმით, დღეს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.