მეცნიერება

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 10-მდე შემთხვევას იკვლევენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში Covid-19-ით რეინფიცირების 10-მდე შესაძლო შემთხვევის სამეცნიერო შესწავლა მიმდინარეობს. ამის შესახებ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვსწავლობთ რამოდენიმე ასეთ შემთხვევას, მოძიებულია ამ პაციენტების გენეტიკური მასალა. შესწავლილი უნდა იქნას ორივე დადებითი ნიმუშის გენეტიკური სეკვენსები იმისთვის, რომ რეინფიცირება გამოვლინდეს. ეს ადვილი საქმე არაა, მსოფლიოში სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. ამას სჭირდება სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც დამყარებული უნდა იყოს ვირუსის გენეტიკურ შესწავლაზე. გადარჩეულია დაახლოებით 10-მდე შემთხვევა”,- აღნიშნა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პაატა იმნაძე: კორონავირუსის ახალ და ძველ შტამს შორის კლინიკური მიმდინარეობით განსხვავება  არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, 4 იანვარს დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამი კლინიკური ნიშნებით ძველი შტამისგან არ განსხვავდება. ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, როგორც ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, ახალი და ძველი შტამით ინფიცირებისგან დასაცავად მთავარი უსაფრთხოების წესების დაცვაა, ეკლესიაში იქნება ეს მაღაზიებში, თუ სხვაგან. იმნაძე ყველას მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან დაწესებული რეგულაციები ინფიცირების რაოდენობის ზრიდს შესაჩერებლად. „ჯერჯერობით რაც არის ჩვენი ბრიტანელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო მტკიცებულებები, კლინიკურ მიმდინარეობაში არავითარი განსხვავება ახალ და ძველ შტამს შორის არ არის. პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. როდესაც გამოქვეყნდა მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ახალი შტამი და დაიდო სამეცნიერო მტკიცებულებები, ჩვენ შევისწავლეთ ყველა დადებითი შემთხვევა საქართველოში, რომლებიც იყო ლაბორატორიაში, რომ გვენახა საეჭვო დადებითი შემთხვევები. ასეთი არის თუ სამი გენიდან ორი არის კარგი დადებითი და ერთი არ არის დადებითი. ასეთი სულ იყო სამი შემთხვევა იმ რამდენიმე ათასიდან, რაც საქართველოში სულ იყო. ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც საქართველოში იყო დადებითი, იყო სამივე გენზე დადებითი. აღნიშნული პაციენტების კონტაქტებმა იზოლაციის ვადა უკვე გაიარეს და ეს არის 14 დღე. ამ პაციენტს არ აქვს მოგზაურობის ისტორია, მაგრამ ვიდრე ავად გახდებოდა ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია. მოძიებულია ამ ადამიანის ნიმუში და მიმდინარეობს სეკვენირება“, – განაცხადა იმნაძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის რომ უფრო სწრაფად ვრცელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. „ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, არის ის, რომ ამ ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, ისე დაწესებული წესების დაცვის კუთხით, ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალი კვლევა: COVID-19-ზე იმუნიტეტი მინიმუმ 8 თვე ნარჩუნდება

ავსტრალიის, მონაშის უნივერსიტესტის კვლევის თანახმად, კორონავირუსზე იმუნინტეტი ადამიანებში რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. ინფორმაციას ND TV ავრცელებს. მკვლევრებმა, 25 კოვიდადებითი პაციენტისგან შემდგარი ჯგუფი დააკომპლექტეს. კვლევამ აჩვენა, რომ ანტისხეულები პაციენტებში მეოცე დღიდან გაქრა, ხოლო ყველა პაციენტში შენარჩუნდა უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელია ვირუსის ამოცნობასა და რეინფიცირების პრევენციაზე. „ეს შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ კოვიდინფიცირებული ინარჩუნებენ იმუნიტეტს“, - ამბობს კვლევის თანაავტორი, მენა ვან სელმი, მონაშის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის განყოფილებიდან.

BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი: ვირუსი ჩვენთან იქნება მომავალი 10 წლის განმავლობაში, თუმცა საავადმყოფოები აღარ გადაიტვირთება

BioNTech-ის აღმასრულებელ დირექტორს უგურ შაჰინს გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ვაქცინიდან რა პერიოდის შემდეგ შეძლებდა მსოფლიო ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას. ამის შესახებ Guardian-ი წერს. მისი თქმით, „ახალი განმარტებაა საჭირო სიტყვა - „ნორმალურისთვის“. „ვირუსი ჩვენთან იქნება მომავალი 10 წლის განმავლობაში. უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ კვლავ იქნება ეპიდაფეთქებები. თუმცა ახალი ნორმა იქნება - ბიზნესები არ ჩაიკეტება, მოსახლეობა სრულ კარანტინში არ გადავა და საავადმყოფოები აღარ გადაიტვირთება“, - განაცხადა შაჰინმა.

BioNTech-ი: საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის კორონავირუსის ახალ ვარიანტზე მორგებას 6 კვირაში შევძლებთ

კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უგურ შაჰინმა განაცხადა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგ ეფექტური იქნება, თუმცა საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება. „ამ დროისთვის ჩვენ ჯერ არ ვიცით, შეუძლია თუ არა ჩვენს ვაქცინს ამ ახალი სახეობისგან დაცვა. მეცნიერული თვალსაზრისით, საკმაოდ სავარაუდოა, რომ ამ ვაქცინით მიღებულ იმუნურ პასუხს ასევე შეუძლია ვირუსის ახალ ვარიანტებს გაუმკლავდეს“, - აღნიშნა კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. უგურ შაჰინის თქმით, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის პროტეინები 99%-ით იგივეა, რაც აქამდე არსებულ შტამებში და, შესაბამისად, BioNTech-ი დარწმუნებულია, რომ მისი ვაქცინა ეფექტური იქნება. „მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გვეცოდინება, თუ ექსპერიმენტი ჩატარდება და მონაცემების მისაღებად დაახლოებით ორი კვირა დაგვჭირდება. იმის ალბათობა, რომ ჩვენი ვაქცინა იმუშავებს, შედარებით მაღალია. ვაქცინის კორონავირუსის ახალ ვარიანტზე მორგება რომ დაგვჭირდეს, კომპანია ამის გაკეთებას დაახლოებით 6 კვირაში შეძლებს“, - აღნიშნა კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

ღამის ცაზე იუპიტერი და სატურნი ერთმანეთთან ახლოს განლაგდებიან. ბოლო 800 წლის განმავლობაში ასეთი მოვლენა არ დაფიქსირებულა

„დღეს, იუპიტერი და სატურნი რამდენიმე წუთის განმავლობაში ღამის ცაზე ერთმანეთს გადაკვეთენ და ერთი კაშკაშა მნათობის სახით გამოჩნდებიან“, - ამის შესახებ Sciencealert წერს. ასტრონომთა განცხადებით, ამ დროს ისინი ერთმანეთთან ისე ახლოს გამოჩნდებიან, როგორც ბოლო 800 წლის განმავლობაში არ გამოჩენილან ჩვენს ცაზე. „ეს ორი პლანეტა ძალიან იშვიათად უახლოვდება ერთმანეთს, დაახლოებით 20 წელიწადში ერთხელ, მაგრამ ეს კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ პლანეტები ძალიან ახლოს აღმოჩნდებიან ერთმანეთთან" - აღნიშნა ასტრონომმა პატრიკ ჰარტიგანმა. მისი თქმით, ადამიანები ღამის ცაზე ასეთი განლაგების მომსწრე ბოლოს 1226 წლის 4 მარტს გახდნენ. ეს ციური სინქრონიზაცია ზაფხულში დაიწყო, როდესაც იუპიტერმა და სატურნმა ღამის ცაზე ერთმანეთთან ახლოს მისვლა დაიწყეს, 15-16 დეკემბერს კი ცაზე მათ შორის მანძილი სავსე მთვარის დიამეტრის მხოლოდ ⅕ იქნება. ასტრონომთა განცხადებით, პლანეტების წყვილი ცაზე ყოველ საღამოს მზის ჩასვლიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გამოჩნდება, ხოლო პიკი 21 დეკემბერს იქნება, როდესაც ჩვენს ცაზე იუპიტერსა და სატურნს თითქმის ერთი პლანეტის სახით დავინახავთ. პლანეტები ცაზე ერთი მნათობის სახით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გამოჩნდებიან, თბილისის დროით 18:20-დან 18:50 საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განლაგება ბოლო 800 წლის განმავლობაში არ მომხდარა, მომავალში შედარებით მალე, 2080 წლის მარტში განმეორდება, შემდეგ კი 2400 წელს. 2020 წლის 21 დეკემბერს, იუპიტერი და სატურნი რამდენიმე წუთის განმავლობაში ღამის ცაზე ერთმანეთს გადაკვეთენ და ერთი კაშკაშა მნათობის სახით გამოჩნდებიან.

FDA აცხადებს, რომ Moderna-ს ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა

Moderna-ს ვაქცინა უსაფრთხო და 94% ეფექტურია - აცხადებენ ამერიკელი ექსპერტები. ამის შესახებ ინფორმაციას კი BBC ავრცელებს. როგორც სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ეს შეიძლება გახდეს კორონავირუსის მეორე ვაქცინა, რომელიც დაშვებული იქნება აშშ – ში. ეს ხდება ერთი დღის შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ამერიკელებმა დაიწყეს Pfizer-BioNTech ვაქცინის გამოყენება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა.

მეხიკოში აცტეკების მიერ მსხვერპლად შეწირული ადამიანების თავის ქალებისგან აგებული „კოშკი“ აღმოაჩინეს

მექსიკის დედაქალაქის ცენტრში ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნულმა ინსტიტუტის (INAH) არქეოლოგებმა აცტეკების პერიოდის „თავის ქალების კოშკი“ აღმოაჩინეს, რომელიც 100-ზე მეტი კაცის, ქალისა და ბავშვის თავის ქალას მოიცავს. არქეოლოგების აზრით, „თავის ქალის კოშკი“,1486–1502 წლით თარიღდება. აღმოჩენილი თავის ქალებიდან, მინიმუმ სამი თავის ქალა ეკუთვნოდა ბავშვს, რაზეც თავის ქალის ზომა და განუვითარებელი კბილები მეტყველებს. ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ მარტში, ინსტიტუტის ურბანული არქეოლოგიის გუნდმა, აღნიშნული კოშკის აღმოსავლეთით აღმოაჩინა 119 თავის ქალა. მკვლევართა განცხადების მიხედვით, ზოგიერთი თავის ქალა შეიძლება ეკუთვნოდეთ ადამიანებს, რომლებიც ღმერთებს რიტუალური მსხვერპლშეწირვის დროს შესწირეს. აცტეკების იმპერიის დედაქალაქ ტენოჩტიტლანის სამეფოს მთავარი სატაძრო კომპლექსის, ტემპლო-მაიორის ნანგრევებში უკვე აღმოჩენილია 600-ზე მეტი თავის ქალა. მექსიკის ხელისუფლების განცხადებით, ეს ბოლო წლებში ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენებია.

დონალდ ტრამპი: ვულოცავ აშშ-ს, ვულოცავ მსოფლიოს

„პირველი ვაქცინა გაკეთდა. ვულოცავ აშშ-ს! ვულოცავ მსოფლიოს!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე. აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამოყენება დაიწყო. როგორც The Independent-ი ავრცელებს, ნიუ-იორკში, მედდა გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც საჯაროდ გაიკეთა კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინა.

პირველი ამერიკელი, რომელმაც საჯაროდ გაიკეთა ვაქცინა

ნიუ-იორკში, მედდა გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც საჯაროდ გაიკეთა კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. კრიტიკული თერაპიის სპეციალისტისს, სანდრა ლინდსისს ინექცია ლონგ აილენდის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარდა. პირველი ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მსოფლიოში პირველად, ტრანსპლანტაციისთვის კოვიდინფიცირებულის ფილტვი გამოიყენეს

ბელგიაში, ლუვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მსოფლიოში პირველად, ტრანსპლანტაციისთვის კოვიდინფიცირებულის ფილტვი გამოიყენეს. როგორც პაციენტის სამედიცინო ისტორიაში არის მითითებული, 70 წლის ქალს კორონავირუსის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აპრილში დაეწყო, როდესაც ბელგია COVID19-ის პირველი ტალღის პიკს უახლოდებოდა. პაციენტს ბელგიაში ლაბორატორიებში გადატვირთული რეჟიმის გამო ტესტი არ ჩაუტარდა და სახლში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ბელგიის მოქალაქე საავადყოფოში ივლისში მოათავსეს. პაციენტი ჰემორაგიული ინსულტით კლინიკაში რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა. COVID19-ზე კლინიკაში გაკეთებულმაანალიზმა მის სისხლში ანტისხეულები აჩვენა და ამით გაზაფხულზე პაციენტის კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა. ჩატარერბული ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცლილის ფილტვები დაზიანებული არ იყო და ორგანოები მომავალი ტრანსპლანტაციისთვის ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდა. „ამ უმძიმესი კრიზისის დროს უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ჩატარდა. ვწუხვართ ქალის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს. ჩვენთვის იმედის მომცემი იყო ექსპერტიზის შედეგი. მოკლე ხანში ფილტვებმა აღდგენა შეძლეს. ორგანო მზად იყო ტრანსპლანტაციისთვის და კოვიდპაციენტმა სხვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ვფიქრობთ ლუვენის საუნივერსიტეტო კლიკინაში ჩატარებული ოპერაცია სხვა კლინიკებისა და ტრანსპლანტაციის ცენტრებისთვისაც მაგალითი იქნება“, - განაცხადა ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორმა ლაურენს სეულემანსმა. კლინიკის ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ პაციენტს რამდენჯერმე ჩაუტარდა ტესტი COVID19-ზე და ყველა ტესტის პასუხი უარყოფით იყო. გართულებებს ადგილი არ ჰქონია და პაციენტი თავს კარგად გრძნობს. წყარო - „იმედინიუსი“

აშშ-ში ვაქცინაცია უახლოეს 24 საათში დაიწყება _ Pfizer-ის ვაქცინა უკვე დაამტკიცეს

აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა. მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ვაქცინაცია უახლოეს 24 საათში დაიწყება. Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად დაასახელა. „ნამდვილად კარგი სიახლე მაქვს: დღეს ჩვენმა ქვეყანამ სამედიცინო სასწაული ჩაიდინა. 9 თვეში ჩვენ უსაფრთხო ვაქცინის შექმნა შევძელით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეერთებულ შტატებში კოვიდინფიცირების 16,295,458 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 302 750. გამოჯანმრთელდა 9,507,419.

BBC - ევერესტის სიმაღლე 0.86 მეტრით გაიზარდა

ნეპალი და ჩინეთი ერთობლივ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა ევერესტი 0.86 მეტრით მაღალია. ამის შესახებ BBC წერს. ნეპალის და ჩინეთის განახლებული მონაცემებით, ევერესტის ახალი სიმაღლე 8,848.86 მეტრს შეადგენს. საქმე იმაშია, რომ გასულ წელს ნეპალის დედაქალაქში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ დედამიწის უმაღლესი მწვერვალის შესახებ საერთო დასკვნამდე მივიდოდნენ. ევერესტის "სიმაღლეში ზრდაც“ სწორედ ამან გამოიწვია. ჩინეთი ამდრომდე ევერესტს ზომავდა მისი უმაღლესი წვერის მიხედვით, ოღონდ თოვლის გარეშე. ნეპალი კი - თოვლიანად. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. მეცნიერები ამბობენ, რომ ევერესტი საუკუნის განმავლობაში, დაახლოებით, ნახევარი მეტრით იზრდება. გეოლოგები ასევე ამბობენ, რომ 2015 წელს ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგადაც მოიმატა ევერესტმა სიმაღლეში. ევერესტი დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალია და ის ნეპალის და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს.