„დღეს, იუპიტერი და სატურნი რამდენიმე წუთის განმავლობაში ღამის ცაზე ერთმანეთს გადაკვეთენ და ერთი კაშკაშა მნათობის სახით გამოჩნდებიან“, - ამის შესახებ Sciencealert წერს. ასტრონომთა განცხადებით, ამ დროს ისინი ერთმანეთთან ისე ახლოს გამოჩნდებიან, როგორც ბოლო 800 წლის განმავლობაში არ გამოჩენილან ჩვენს ცაზე.
„ეს ორი პლანეტა ძალიან იშვიათად უახლოვდება ერთმანეთს, დაახლოებით 20 წელიწადში ერთხელ, მაგრამ ეს კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ პლანეტები ძალიან ახლოს აღმოჩნდებიან ერთმანეთთან" - აღნიშნა ასტრონომმა პატრიკ ჰარტიგანმა.
მისი თქმით, ადამიანები ღამის ცაზე ასეთი განლაგების მომსწრე ბოლოს 1226 წლის 4 მარტს გახდნენ.
ეს ციური სინქრონიზაცია ზაფხულში დაიწყო, როდესაც იუპიტერმა და სატურნმა ღამის ცაზე ერთმანეთთან ახლოს მისვლა დაიწყეს, 15-16 დეკემბერს კი ცაზე მათ შორის მანძილი სავსე მთვარის დიამეტრის მხოლოდ ⅕ იქნება.
ასტრონომთა განცხადებით, პლანეტების წყვილი ცაზე ყოველ საღამოს მზის ჩასვლიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გამოჩნდება, ხოლო პიკი 21 დეკემბერს იქნება, როდესაც ჩვენს ცაზე იუპიტერსა და სატურნს თითქმის ერთი პლანეტის სახით დავინახავთ.
პლანეტები ცაზე ერთი მნათობის სახით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გამოჩნდებიან, თბილისის დროით 18:20-დან 18:50 საათამდე.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განლაგება ბოლო 800 წლის განმავლობაში არ მომხდარა, მომავალში შედარებით მალე, 2080 წლის მარტში განმეორდება, შემდეგ კი 2400 წელს.
2020 წლის 21 დეკემბერს, იუპიტერი და სატურნი რამდენიმე წუთის განმავლობაში ღამის ცაზე ერთმანეთს გადაკვეთენ და ერთი კაშკაშა მნათობის სახით გამოჩნდებიან.