პოლიტიკა
რა საკითხები განიხილა ალან პერსელმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. „აღინიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ - სთან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით. მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც განვითარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მისი თქმით, მიღწეული შედეგი მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტია. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსპორტის კუთხით. ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო პროექტების საკვანძო მოთამაშის ფუნქციას, ასევე შუა დერეფნის, როგორც ევროპა - აზიის დამაკავშირებელი სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას. ასევე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა შუა დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით ახორციელებს და გეგმავს. ასევე აღინიშნა, რომ მზარდია სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, რომელმაც 2025 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრის შესახებ მოკლე ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა მხარემ. კერძოდ, ამერიკის საელჩოს ცნობით, „ოთხშაბათს, [27 აგვისტოს, რედ.] ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ქვრივიშვილს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ სასაუბროდ და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განსახილველად შეხვდა.“
პრემიერმა სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა. კობახიძის თქმით, კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება. ამასთან, პრემიერმა ოხანაშვილს სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენას. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. აღვნიშნავ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არის შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას მინდა ვუსურვო წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე," - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. ოხანაშვილის განცხადებით, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა პირველ სექტემბერს ავტომატურად არ გაუქმდება
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ "საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი 2025 წლის პირველ სექტემბერს ავტომატურად არ გაუქმდება." ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში უპასუხა რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან რეკომენდაციების შესრულებას და უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ მსჯელობას, ასევე, ამ საკითხზე წევრი სახელმწიფოების პოზიციებს შეეხება. 2025 წლის 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს განახლებული ინფორმაცია 2024 წლის 6 დეკემბრის ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების შესახებ და მიიღოს შესაბამისი ზომები წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად. "კომისია რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს შემდეგი ანგარიშის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ შეფასების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე სავარაუდო გადაწყვეტილება მიიღება წინასწარ განსაზღვრული მრავალსაფეხურიანი პროცესის შესაბამისად, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით," - ნათქვამია ევროკავშირის საელჩოდან მიღებულ წერილში.
ისრაელს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს
საქართველოში ისრაელის ახალი ელჩი ვალიდ აბუ ჰაია იქნება. „დიდი პატივია მივესალმოთ ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ბატონ ვალიდ აბუ ჰაიას. დღეს მან რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ბატონ ზურაბ დარჩიაშვილს. ელჩი აბუ ჰაია, რომელიც დრუზი ისრაელელია, თავის მისიას იწყებს ურყევი მზადყოფნით, რათა კიდევ უფრო განამტკიცოს მეგობრობა და პარტნიორობა ისრაელსა და საქართველოს შორის,“წერს საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. 2022 წლიდან ამ დრომდე ელჩის პოზიციას ჰადას მეიცადი იკავებდა.
ტრამპი: ობამას დროს ყირიმი წაიღეს, საქართველოს დიდი ნაწილი კი — ბუშის დროს, ჩემ დროს არაფერი წაუღიათ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Mark Levin Show-სთან ინტერვიუს დროს საქართველოც ახსენა. მან მსოფლიოში ტერიტორიული საკითხების კონტექსტში წინამორბედების მმართველობა გაიხსენა. „ყირიმი ობამამ დათმო და ამის შესახებ არავინ საუბრობს. ეს მე რომ გამეკეთებინა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ვიქნებოდი. იმაზე საუბრობენ, რომ დონალდ ტრამპს პუტინთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს. მე ყირიმი მისთვის არ მიმიცია. ყირიმი უზარმაზარია. ვიტყოდი, რომ ტეხასის ზომის არის. ის ულამაზესია და ობამას გამო დათმეს,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. „ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ხოლო საქართველოს დიდი ნაწილი კი — ბუშის დროს. მაგრამ ჩემ დროს არაფერი წაუღიათ. ვფიქრობ ეს [რუსეთ-უკრაინის ომი] მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანებოდა. ეს აღარ მოხდება. ამაზე არ ინერვიულოთ. ვნახოთ, რა მოხდება და როგორ მოგვარდება,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
"ლელომ" და პარტიამ - "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს
"ლელო-ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად, "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დაასახელეს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა. დედაქალაქის მერობის კანდიდატი წარდგენის დროს სლოგანად გამოჩნდა - „ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ“ და „ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები და სოდლები.“ ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, კახა კალაძე 31 ივლისს დაასახელა. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს იმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სხვა თანამოაზრეები.
ფაშინიანი: 8 აგვისტოს შემდეგ, სრულიად სხვა სამხრეთ კავკასიაში ვცხოვრობთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამართული სამიტი გარდამტეხი მომენტია სამხრეთ კავკასიისთვის. მან გაიხსენა, თუ რა დოკუმენტებს მოეწერა ხელი ვაშინგტონში, 8 აგვისტოს. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება მოხდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა. 8 აგვისტოს შემდეგ, ჩვენ სრულიად განსხვავებულ სამხრეთ კავკასიაში, სომხეთის ახალ რესპუბლიკაში ვცხოვრობთ. მშვიდობა ჩვენთვის უცნობი რეალობა და უცხო ცხოვრებაა; ნუ დავაკნინებთ ამ რეალობას. ნულიდან უნდა ვისწავლოთ, რას ნიშნავს მშვიდობიანად ცხოვრება, როგორია მშვიდობა,“ - განაცხადა ფაშინიანმა ერისადმი მიმართვისას. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ზღუდავდა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. ამავე ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებების მხრივ, მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის ასევე იყო „ე.წ. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომელიც გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაციას ახდენდა, ასევე დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანია, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.“ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: „წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ; თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების შესახებ; გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების, მათ შორის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის, ჟურნალისტების უსამართლო დაპატიმრებების და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენის შესახებ.“ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენ ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად და დასასჯელად, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. ამასთან, ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2024 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები მხარს უჭერდნენ. „რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ცენტრალური მთავრობის კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე-ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერდნენ მხარს. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს თვითნებური დაპატიმრებებისა და დაკავებების შესახებ. ორივე რეგიონში რუსეთის და დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაუსჯელად ჩაიდინა დარღვევები,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშში საუბარია პრესის თავისუფლების საკითხზეც და ხაზგასმულია, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებდა გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესისა და სხვა მედიის წარმომადგენლებისთვის, თუმცა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს მთავრობის მიერ გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით. "ეს შეშფოთება ფოკუსირებული იყო მედია პლურალიზმისთვის გარემოსა და კანონმდებლობის გაუარესებაზე, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობასა და ძალადობის მუქარაზე. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი, რომელიც 28 მაისს ამოქმედდა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20 პროცენტს საზღვარგარეთიდან იღებდნენ, „უცხოური გავლენის ობიექტებად“ დარეგისტრირებას ავალდებულებდა. ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვები ასევე შეშფოთების საგანი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებოდნენ, რომ ჟურნალისტებზე უკანონო თვალთვალის შესახებ წინა სისხლის სამართლის გამოძიებები კვლავ განხილვის პროცესში იყო," - წერია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, „ხელისუფლება ან დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით წარმომადგენელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდა ცემას და „წიწაკის სპრეის“, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. მძიმე დაზიანებების შესახებ ცნობებს შორის იყო ცნობები ხერხემლის მოტეხილობების, სახის ძვლების მოტეხილობების და ქიმიური დამწვრობის შესახებ. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.“ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა.
ერდოღანი: თურქეთი და საქართველო რეგიონული თანამშრომლობისა და მშვიდობისთვის მხარდამხარ იმუშავებენ
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი და საქართველო გააგრძელებენ „მხარდამხარ“ მუშაობას რეგიონული თანამშრომლობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის. Anadolu-ს ცნობით, ეს განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს, 12 აგვისტოს, თავის ქართველ კოლეგა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სტრატეგიულ მნიშვნელობას და მას „შუა დერეფნის ხერხემალი“ უწოდა. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. „ჩვენ სტაბილურად მივდივართ ჩვენი ახალი მიზნისკენ, 5 მილიარდი დოლარისკენ,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ევროკავშირი: ჩვენი ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია
ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია. „ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მივიჩნევთ, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობადი ყოფნა არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა კვლავ იტანჯება ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, როგორიცაა „ბორდერიზაცია“, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვა და უკანონო დაკავებები. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით, ყველა დაზარალებულისთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ლტოლვილთა და დევნილთა უფლები კვლავ გამოწვევის წინაშეა და ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ მათ უფლებას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს. ევროკავშირი კვლავ აქტიურად არის ჩართული ამ კონფლიქტების მოგვარებაში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიმდინარე მუშაობის საშუალებით. ეს მექანიზმი ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით და 2026 წლის დეკემბრამდე გახანგრძლივებული მანდატით, კვლავაც გადამწყვეტ როლს ასრულებს უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციაში, რადგან ის ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და ასევე 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგული რჩება,“ - წერია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.
ბაირამოვი თბილისში: ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიულ უპირატესობებზე ვისაუბრეთ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთთან მდგრადი მშვიდობის დამყარების რეალური შესაძლებლობები არსებობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თბილისში თავის ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარება დღევანდელ მოლაპარაკებებზე საფუძვლიანად განიხილეს. „ჩვენ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია კონფლიქტის შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამშვიდობო პროცესის პერსპექტივები იმედისმომცემია, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სამწუხაროდ, სომხეთმა ჯერ კიდევ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები,“ - განაცხადა ბაირამოვმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების არსებულ ბარიერებს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ პრეტენზიებს, რომლებიც სომხეთის კონსტიტუციაშია გათვალისწინებული და ასევე - ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობის სრული შეწყვეტის აუცილებლობას. „ასევე დეტალურად განვიხილეთ სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რეკონსტრუქციის ძალისხმევა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მშობლიურ მიწებზე დაბრუნების საკითხი და ნაღმების საფრთხე,“ - აღნიშნა ბაირამოვმა. ბაირამოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, სომხეთის კონსტიტუციაში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არსებული ტერიტორიული პრეტენზიები საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის დაბრკოლებას წარმოადგენს. ბოჭორიშვილა თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესებს და კვლავაც მზად არის წვლილის შესატანად სამი ქვეყნის ურთიერთობებში. ბოჭორიშვილის შეფასებით: „ერთგვარად შესაძლებლობად შეიძლება, განვიხილოთ ის გეოპოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დღეს არის იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების დაცვით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინებით განვავითაროთ ფართო თანამშრომლობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მეტად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ ქვეყნებს გააჩნიათ ამ მოცემულობაში.“ „არაერთი ვიზიტი ვახსენეთ, რომელიც განხორციელდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სწორედ ამ კონტექსტში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის, მეგობრობის და პარტნიორობის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია და კიდევ უკეთ გამოსაყენებელი იმისთვის, რომ ის საკითხი, რაზეც დღეს ასე ხშირად მიდის საუბარი, რომელიც ეხება შუა დერეფანს, უკეთ იყოს გამოყენებული და ათვისებული,“ - განაცხადა ბოჭორიშვილმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, ეკონომიკურ საკითხებზეც იმსჯელეს. „ზოგადად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს ეკონომიკაში ძალიან აქტიურია. აზერბაიჯანი საქართველოში ძირითადი ინვესტორია და წლების განმავლობაში, აზერბაიჯანის მიერ საქართველოს ეკონომიკაში 3.6 მლრდ დოლარის ოდენობის ინვესტიცია არის ჩადებული. ჩვენი ქვეყნების მონაწილეობით განხორციელებული უზარმაზარი პროექტები ძალიან დიდ წვლილ შეიტანს ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობაში. ჩვენ არსებულ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიულ უპირატესობებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვთვლით, რომ ტურიზმის მიმართულებითაც უდიდესი პოტენციალი გვაქვს,“ - განაცხადა ბაირამოვმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 22 ივლისს ეწვია.
საგარეო ვაშინგტონის დეკლარაციაზე: იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება
საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის, „აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით“ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. განცხადებაში, წერია, რომ „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას.“ „ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ. განსაკუთრებით მივესალმებით სამხრეთ კავკასიაში ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული კონფლიქტის დასრულების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამორჩეულ წვლილს და ძალისხმევას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით,“ წერია განცხადებაში. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეზობელ ქვეყნებს ისტორიულ შეთანხმებას ულოცავს. მისი თქმით, საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება. „დონალდ ტრამპს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ამ წარმატებას, მნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა რეგიონულ მშვიდობასა და თანამშრომლობას და მის ურყევ მხარდაჭერას გააგრძელებს,“ - წერს ირაკლი კობახიძე X-ზე.
დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებას
დიდი ბრიტანეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა განაცხადა ვიდეომიმართვაში, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ვიხსენებთ მათ, ვინც ამ ომს შეეწირა და ასევე ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლებსაც რუსეთის აგრესიის გამო საკუთარი სახლების მიტოვება მოუწიათ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ამ აგვისტოს ერთი წელი შესრულდა, რაც მე დავიწყე ჩემი საქმიანობა როგორც მისი უდიდებულესობის ელჩმა საქართველოში. ამ პერიოდში ვეწვიე სოფელ ერგნეთს, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სამხრეთ ოსეთში, ასევე ვეწვიე ენგურის ხიდს, რომელიც რიონზე გადადის აფხაზეთის მიმართულებით. მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა უბრალოდ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან, ქალ ელჩებთან მშვიდობისთვის, რომლებიც ადმინისტრაციულ ხაზთან მდებარე სოფლებში ცხოვრობენ. ასევე ახალგაზრდებთან გალის რეგიონიდან. საკუთარი თვალით ვიხილე ომის შედეგად გაყოფილი საზოგადოების გავლენა, ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უკვე 30 წელიწადზე მეტია, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან ერთად მუშაობს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და ესკალაციის თავიდან აცილების კუთხით. დიდ ბრიტანეთს სურს, იხილოს წარმატებული, ერთიანი საქართველო, რომელსაც შეუძლია უსაფრთხოების პარტნიორების თავისუფლად არჩევა. ვწუხვართ, როდესაც საქართველოს მთავრობა აკრიტიკებს ევროპის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის შეკავებას უკრაინასა და ევროპაში. დიდი ბრიტანეთი მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოსთან საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასამყარებლად. სწორედ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი,“ – განაცხადა ელჩმა.
რა საკითხები განიხილა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა თბილისში ვიზიტისას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულქადირ ურალოღლუს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის როლი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში. საუბრისას განიხილეს რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს კავშირების გაძლიერებას. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და ამ გზით რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი,“ წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველო და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედებისთვის მზად არიან - სამინისტრო
„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. კობახიძის თქმით, დღეს თბილისის მერობის კანდიდატად წარმოადგინეს ნამდვილი ჩემპიონი. „ჩვენ დღეს შეგვეძლო, თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს - ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის. „ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი. მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე და უფრო მოწესრიგებული ქალაქი - ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისელს, და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ კახა კალაძეს შეუძლია. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად - მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი - კახა კალაძე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ღონისძიებას, რომელიც მთაწმინდის პარკში გაიმართა, ასევე დაესწრო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
ყაზახეთი და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
ყაზახეთმა და თურქეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების გაძლიერების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ყაზახეთის რკინიგზა (KTZ) იტყობინება, რომ შეთანხმება კომპანია ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, KTZ-სა და TCDD Taşımacılık A.Ş.-ს შორის გაფორმდა. დოკუმენტი შუა დერეფნის განვითარების და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმას ასახავს. შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი BTK მარშრუტზე სატვირთო ნაკადების ზრდაზეა გაკეთებული. მხარეები შეთანხმდნენ ყაზახეთსა და თურქეთს შორის რეგულარული, დაგეგმილი სარკინიგზო გადაზიდვების დანერგვაზე, აგრეთვე სატვირთო ტვირთბრუნვის გაზრდაზე ჩინეთსა და ევროპა/აფრიკას შორის ორივე მიმართულებით. ამასთან, გამარტივდება საბაჟო და ადმინისტრაციული პროცედურები, რაც ტვირთების სწრაფ ტრანზიტს შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროცესების დიგიტალიზაციას: მხარეები გეგმავენ ქაღალდზე დაფუძნებული დოკუმენტაციის ელექტრონული გაცვლით სისტემაზე გადასვლას, ასევე ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას კონტეინერებისა და მოძრავი შემადგენლობის თვალყურის სადევნებლად. ორივე მხარე ასევე შეთანხმდა შუა დერეფნის განვითარების ახალ მიზნებზე, რომელიც აზიასა და ევროპას ყაზახეთისა და თურქეთის გავლით აკავშირებს. თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად, ყაზახეთის პრეზიდენტი ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეხუთე შეხვედრას დაესწრო.
„ეს შეკითხვა სომხეთისთვის არის განკუთვნილი“ - ალიევის ადმინისტრაცია აშშ-ის მიერ ზანგეზურის დერეფნის შესაძლო კონტროლზე
„ეს კითხვა სომხურ მხარეს მიემართება. აშშ-ის კომპანიებთან თანამშრომლობა მათი საქმეა.“ „ჩვენ, ჩვენი მხრივ, ფოკუსირებულნი ვართ ჩვენს სამუშაოზე: ტრანსპორტირების ხაზების გაფართოებასა და ჩვენს მეზობლებთან - საქართველოსთან, ირანთან და რუსეთთან კონტაქტების გაფართოებაზე,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰიქმეთ ჰაჯიევმა, როდესაც ისაუბრა ინიციატივაზე, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ ამერიკულმა მხარემ გააკონტროლოს. მანვე აღნიშნა, რომ „ასეთი ურთიერთობები შეიძლება, სასარგებლო იყოს მთლიანად რეგიონისთვის.“ „თუ სომხეთი ამისთვის მზად არის, ჩვენ გვსურს ერთობლივად განვავითაროთ ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფანი,“ - აღნიშნა ჰაჯიევმა.
სომხეთის პრეზიდენტი: სიუნიქის კარიბჭეს თუ გავხსნით, მომავალი განვითარების დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს
სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სიუნიქი ქვეყნის შემდგომი განვითარების კარიბჭე გახდება. ვაჰაგნ ხაჩატურიანი სიუნიქის რეგიონის მცხოვრებლებს აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის დამაკავშირებელი გზის გახსნის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „სიუნიქის კარიბჭეს თუ გავხსნით, ვგულისხმობ 43-კილომეტრიან შესაძლებლობებს, მაშინ შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ მომავალი განვითარების დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს. მშვიდობის გზაჯვარედინი საერთაშორისო საზოგადოების მიერ ძალიან კარგად არის აღქმული. ის ძალიან მიმზიდველი და ყველასთვის თვალსაჩინოა. დიდი აღმოჩენა არ გაგვიკეთებია, მაგრამ არსებულ რეალობას ვდებთ მაგიდაზე და ნათლად წარმოვადგენთ ამ შესაძლებლობებს, გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს 43 კილომეტრი და სიუნიქი. ჩვენი მიზანია უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა,“ – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. შეხვედრას ესწრებოდნენ სიუნიქის გუბერნატორი რობერტ ღუკასიანი, ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და რეგიონის თემების ხელმძღვანელები.
თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. „მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს. მინდა, აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა, შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, იმისთვის რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო. აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე," - განაცხადა ელჩმა შეხვედრის შემდეგ. მის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს.