პრეზიდენტი საზოგადოებას შესაძლო პროვოკაციებზე აფრთხილებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი.“ ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მანამდე ის „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.


„საზოგადოებას, რომელიც გარეთ დგას, მინდა ვუსურვო მშვიდობა და მხნეობა. როგორც გუშინ მქონდა ნათქვამი, მოვიწვიე ქარტიის პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ეს არის იმის დასტური, რომ აქაც, ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საით მივდივართ და საით არა. ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი, ყველსა გამოცხადებული მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებას არ გადაუხვევია და რჩება ამ მიზნის ერთგული," - განაცხადა პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტმა აქციაზე დაკავებულების დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი ჯარიმების დასაფარად ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ზურაბიშვილმა ასევე გააფრთხილა მოქალაქეები შესაძლო პროვოკაციებზე და აღნიშნა, რომ აქციაზე იმყოფებიან სუს-ის წარმომადგენლებიც და საჭიროა, პროვოკაციებისგან თავის დაცვა.


„შეიძლება, ძალიან მალე საჭირო იყოს რამე ფონდის შექმნა. დღეს, ჯერ კიდევ არის იმის საშუალებები, რესურსები სხვადასხვა არასამთავრობოდან იმისთვის, რომ ჯარიმები დაფარული იყოს, მაგრამ შეიძლება, დადგეს მომენტი, როცა დიდი საზოგადოებრივი ძალისხმევა იყოს იმისთვის საჭირო, რომ ფონდი შეიქმნას და ამ ადამიანებს დავეხმაროთ.


დახმარება კიდევ სხვა რამეში გამოიხატება, ჩვენ დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან. მინდა, პირდაპირ ვთქვა, ჯერ ერთი, თქვენს შორის, ვინც ქუჩაში გამოდიხართ, შეიძლება, სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პროვოკაციებს ეწევიან, მათ მიმართ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ მე ამას ვერ გასწავლით, მაგრამ მე შემიძლია, იმაზე გაგაფრთხილოთ, რომ მე რამდენიმე გზავნილი მომივიდა სხვადასხვა ფორმით, რომელიც იმას ეხება, ვითომც, უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან, ან ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩაერთონ, როგორც სამხედროები ამ პროტესტში, ეს პირდაპირი პროვოკაციაა, ასეთი რამ არ ხდება, არავინ დაიჯეროთ ამას, რადგან ეს პირდაპირ მიმართულია პროტესტის წინააღმდეგ, ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აწუხებს მმართველ პარტიას,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებითა და თვითორგანიზებით: „ყველა შევთანხმდით, რომ არ სჭირდება პარტიების და არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა.“


„მხარდაჭერა რაშიც უნდა გამოიხატებოდეს, ეს პირველ რიგში არის საზოგადოების, არასამთავრობოების და იურისტების საქმე, რომლებიც ასევე წარმოდგენილი იყვნენ. მორალური ვალდებულებაა იმ ადამიანების პირდაპირი მნიშვნელობით სამართლებრივი დაცვა, რომლებიც დაკავებულები არიან. მათი არდავიწყება ასევე ჩემი ვალდებულებაა. ყველა უწყებას უნდა მივმართოთ, რომ ვინც დაშავდა ყველა უნდა იყოს დაცული. ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ძალადობის მიმართ და წინააღმდეგ მათი ხმაც ისმოდეს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტმა ისაუბრა საგარეო უწყების განცხადებაზეც. მისი შეფასებით, „საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადება და რამდენიმე ელჩის გადადგომა არის არა საბოტაჟი და დისკრედიტაცია, არამედ, ქვეყნისთვის რეპუტაციისთვის პოზიტიური. პრემიერის და შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები კი, პრეზიდენტის შეფასებით, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია


„არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას, არამხოლოდ ქუჩის პროტესტს, რომელსაც, ალბათ, ელოდებოდნენ, მაგრამ უკვე აღარ იციან, როგორ მართონ გარდა ძალადობისა. ეს ძალადობა ბოლომდე ვეღარ იქნება და აქვს თავისი ლიმიტი. ალბათ, უფრო დაბნეულები არიან იმის გამო, რაც ხდება სამოქალაქო საზოგადოებაში, ბიზნეს სექტორში და თუნდაც ეკლესიაში, როცა ახალი ხმები ისმის, რომელიც ასევე არ ეთანხმება ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას, რომელიც გვაშორებს ევროკავშირიდან, ევროინტეგრაციიდან და მიჰყავს ეს ქვეყანა იქითკენ, საითკენაც არცერთი ჩვენი წინაპარი არ მიდიოდა თავისი ნებით. ჩვენი ეკლესია იქითკენ თავისი ნებით ნამდვილად არ მიდიოდა და ეს არის ის მომავალი, რომელზედაც ქუჩაში ისევე, როგორც ყველა სხვადასხვა დაწესებულებაში, საქართველო დღეს უარს ამბობს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებებისა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პრემიერის გადაწყვეტილება, დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2028 წლამდე, ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაა.


„განცხადებები, რომლებიც დღეს კეთდებოდა, რომ თურმე ჩვენ ვერ გავიგეთ და არ აჩერებენ [ევროინტეგრაციას], მაგრამ რაღაც უშვრებიან, რაც გაუგებარია. სრულიად ბუნდოვანი განცხადებები ამას არ ცვლის იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ეს იყო ცვლილება ჩვენი ორიენტაციის და რეალურად ზურგის შექცევა ევროკავშირისთვის და პირიქით, მიბრუნება რუსეთისკენ. ძალიან კარგად გაიგეს ჩვენმა პარტნიორებმა იგივე. ეს ვითომ დაზუსტებები არაფერს არ ემსახურება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


სალომე ზურაბიშვილის თქმით, მმართველ პარტიას აწუხებს, რომ პროტესტი კონსტიტუციურ ჩარჩოებშია - სამაგიეროდ, მმართველი პარტია ყველა ნაბიჯზე კონსტიტუციის გარეთ გადადის.

პრეზიდენტის შეფასებით, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს, მათ შორის, „ევროპული მომავლის შენელების თაობაზე ბოლო გადაწყვეტილებით.“


„ჩვენ, საზოგადოება, თავის სამოქალაქო წამოწყებებით, ქუჩის პროტესტი და ყველანაირი ქმედება კონსტიტუციის მხარესაა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას და ვიცავთ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ მომავალს. სამაგიეროდ, მმართველი პარტია ყველა ნაბიჯზე კონსტიტუციის გარეთ გადადის, არღვევს კონსტიტუციას, თუნდაც თავისი ბოლო გადაწყვეტილებით, რომ შეაჩეროს, თუ როგორ ვთქვათ, შეანელოს ჩვენი ევროპული მომავალი, როდესაც კონსტიტუციაში პირდაპირ უწერია, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ვალდებულია, ყველა ძალისხმევა მიმართოს იმისკენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე რაც შეიძლება, სწრაფად ვიაროთ და არა შევაჩეროთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი, უნიკალური საშუალება, რომ გადაწყვიტონ ქვეყანაში არსებული „ძალიან ღრმა კრიზისი.“


„ამის მაგივრად, საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას. ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც შეტანილია და რომლის პოზიტიურად გადაწყვეტაც დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში. სტატუს-კვო ანტე - არჩევნები არ შემდგარი, პარლამენტი არაა ლეგიტიმური, მაგრამ დაბრუნდება ძველი პარლამენტი და გვექნება გარდამავალი, სტაბილური ცვლა ახალი არჩევნებისკენ,“- განაცხადა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, ინტერვიუ მისცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

საქართველოს პარლამენტთან პროტესტის მეოთხე დღეა. საპროტესტო აქცია თბილისის გარდა, რეგიონებშიც მიმდინარეობს.


ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა.


შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.


განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა.


ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.


სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირიდაკავებული.


მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.


პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა.

29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს.


თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“


განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს.

29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს.


პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“

მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა.


აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“


„ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“


შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს.


მოგვიანებით, ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდებისლიეტუვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.


პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება  კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით კი, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას.