პოლიტიკა

ევროკავშირი, არჩევნების დღეს, უპრეცედენტო როლს კისრულობს  - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს. როგორც კარლ ჰარცელი განმარტავს, ევროკავშირი არჩევნების დღეს, კისრულობს უპრეცედენტო როლს, რომ განახორციელოთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგი. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, 70-ზე მეტი გუნდი შეიკრიბება, რომლებიც ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით. „ორ დღეზე ნაკლები გვაშორებს იმ მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეები ხმის მისაცემად საარჩევნო ყუთებთან მივლენ. გლობალურმა პანდემიამ არჩევნებისთვის მზადების პროცესი განსაკუთრებით გაართულა. ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი გახადა. ევროკავშირი თავიდანვე ჩართული იყო, მათ შორის 8 მარტის შეთანხმების ხელშეწყობაში, რომელმაც ახალი საარჩევნო სისტემის მეშვეობით ყველა მონაწილეს უფრო თანაბარი შესაძლებლობები შესთავაზა. ჩვენ აგრეთვე მონაწილეობა მივიღეთ ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით საარჩევნო კამპანიასაც. არჩევნების დღეს, ვკისრულობთ უპრეცედენტო როლს განვახორციელოთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შევკრებთ 70-ზე მეტ გუნდს, რომლებიც ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი გუნდი ასე გამოიყურება და, როგორც ხედავთ, იმავე მკაცრ წესებს დაიცავს კოვიდის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობს. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ეუთო/ოდირის მისიის ძალისხმევას. ჩვენ ასევე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთანაც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. ეს არის ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება ქართული დემოკრატიის მიმართ და ჩვენი მზადყოფნა, რომ უფრო მეტად გავამყაროთ ნდობა ამ არჩევნების მიმართ დამატებითი საერთაშორისო „თვალისა და ყურის“ საშუალებით. ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს. და ბოლოს, ნება მიბოძეთ მოვუწოდო ამომრჩეველს, რომ ყველას გააგონოს თავისი ხმა ამ არჩევნებზე, უსაფრთხოდ და საიმედოდ. იმედი გვაქვს, შაბათს შეგხვდებით!“,-აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში.

გერმანიის მთავრობამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს, დამატებით, 20.8 მლნ ევრო გამოუყო

საქართველოსა და „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს“ (KfW) შორის ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „სოციალური უსაფრთხოება COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში“. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის“ (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა. „პროექტის ფარგლებში, სასესხო შეთანხმებით გამოყოფილი 15 მილიონი ევრო გათვალისწინებულია COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის სოციალური დახმარების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად. საგრანტო შეთანხმებით გამოყოფილი გრანტი 5,8 მლნ ევროს ოდენობით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის შესაბამისად, გათვალისწინებულია უკიდურესი სიღარიბისგან დაზარალებული პირებისთვის სოციალური დახმარებისთვის. აღნიშნული შეთანხმებები, ასევე, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ყოფილ ლიდერს ჯერემი კორბინს პარტიის წევრობა შეუჩერეს

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ყოფილ ლიდერს ჯერემი კორბინს პარტიის წევრობა შეუჩერეს და პარლამენტში ფრაქციიდან გარიცხეს. პარტიის სპიკერმა რომ გადაწყვეტილების მიზეზი კორბინის მიერ გაკეთებული კომენტარებია, რომელთა უკან წაღებაზე მოგვიანებით უარი განაცხადა. კორბინის საკითხზე პარტია შიდა გამოძიებას ჩაატარებს. ჯერემი კორბინმა ანგარიშზე, სადაც ანტისემიტიზმზე იყო ლაპარაკი, თქვა, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის პარტიას ხელმძღვანელობდა, შესული საჩივრები დრამატულად გაზვიადებული იყო. მოგვიანებით მან პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ თავს პრობლემის ნაწილად არ მიიჩნევდა. მას მიაჩნია, რომ საკითხის უკან ოპონენტების პოლიტიკური მოტივები იკვეთება. კორბინი ირწმუნება, რომ პრობლემის გადაჭრაში ხელს პარტიის სხვა ოფიციალური პირები და ბიუროკრატიული მექანიზმები უშლიდნენ. "ერთი ანტისემიტიც კი ძალიან ბევრია, მაგრამ პრობლემის მასშტაბი დრამატულად არის გაზვიადებული პოლიტიკური მოტივებით როგორც პარტიის შიგნით, ასევე მის გარეთ ჩვენი ოპონენტების, ასევე მედიის დიდი ნაწილის მიერ. ამ კომბინაციამ დააზარალა ებრაელი ხალხი და არასოდეს უნდა განმეორდეს. იმედი მაქვს, რომ ებრაულ თემთან ურთიერთობა აღდგება და შიშები დაიძლევა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიგნებებს არ ვიზიარებ, იმედი მაქვს, რომ რეკომენდაციებს სწრაფად გაიზიარებენ". - თქვა მან. ანტისემიტიზმის საკითხზე გამოძიება თანასწორობის და ადამიანის უფლებათა კომისიამ ჩაატარა და დაადგინა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ კანონი დაარღვია ანტისემიტიზმის თაობაზე შესული საჩივრების განხილვისას იმ პერიოდში, როდესაც პარტიის ლიდერი სწორედ კორბინი იყო. ანგარიშზე კომენტარი გააკეთა პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა კირ სტარმერმა: "თუ მთელი ამ ტკივილის და მწუხარების, ანგარიშში მოცემული ყველა სამხილის შემდეგ, კიდევ არის ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ ანტისემიტიზმის პრობლემა არ არსებობს ლეიბორისტულ პარტიაში და ის გაზვიადებულია, პირდაპირ ვეტყვი, რომ ისიც პრობლემის ნაწილია და ლეიბორისტულ პარტიასთან ახლოს არ უნდა იყოს". - თქვა მან. ჯერემი კორბინმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც გასული წლის დეკემბერში დიდი ბრიტანეთის ვადამდელ არჩევნებში პარტიამ 1935 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

მმართველი გუნდი განმარტავს, ხომ არ დაწესდება ლოქდაუნი არჩევნების შემდეგ

„ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო ქმედება“, - თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ევროპულ საქართველოს“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. „კონკრეტული ოპოზიციური პარტიები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ისინი აგზავნიან შეტყობინებებს, სადაც საუბრობენ, რომ თითქოს ჩვენ არჩევნების შემდეგ „ლოქდაუნის“ დაწესებას ვაპირებთ. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო ქმედება. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არანაირი ჩაკეტვები არ იგეგმება. იქნება მხოლოდ წერტილოვანი მიდგომები, როგორც გვაქვს დღეს”, - განაცხადა კახა კალაძემ. „ევროპული საქართველოს” განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან ლოქდაუნის გამოცხადებას გეგმავს.

არჩევნები უსაფრთხოა - ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

"არჩევნები უსაფრთხოა" – ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. სპეციალურ ბრიფინგზე თამარ ჟვანიამ თქვა, რომ ცესკო ყველა რეკომენდაცია ასრულებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. "2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ. 31 ოქტომბერს, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის მატარებელი. 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3657 საარჩევნო უბანი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უბნებზე საარჩევნო პროცესი განხორციელდება დამოუკიდებლად და არ ექნება შეხება იმ საარჩევნო ღონისძიებებთან, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩევლების მომსახურებას. შეგახსენებთ, რომ იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე, სპეციალური ჯგუფის მიერ. ყველას გვახსოვდეს, რომ ამომრჩევლების ნება გადამწყვეტია და მათი არჩევანი კანონია! შესაბამისად, მინდა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო აქტიურობისკენ და ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის" – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

შსს ბადრი ესებუას საქმეზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას ქუჩაში გადაადგილების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ, ტელევიზიების მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია. “ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას. პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს”,- აცხადებენ უწყებაში.

ენგურის ხიდზე პენსიონერებისთვის ჰუმანიტარული კორიდორი მოეწყო

ენგურის ხიდზე პენსიონერებისთვის ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდა. როგორც "ევროპათაიმს" ადგილობრივებმა განუცხადეს, მოსახლეობას გაერო-ს მანქანა ემსახურება, რომელიც სოფლებში დადის და პენსიონერები ხიდთან, ლიბერთი ბანკის მანქანამდე მიჰყავს. "10-10 ადამიანი გადაყავთ, ვიღებთ პენსიას და უკან გვაბრუნებენ. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი არ ვიცით, თუმცა ამდენი ხნის ჩაკეტვის შემდეგ, მოსახლეობისთვის ეს ძალიან კარგი საქმეა. აქ ძირითადად პენსიონერი მოსახლეობაა დარჩენილი და საკვების შესაძენად სხვა რესურსი ბევრს არც აქვს", - აცხადებენ ადგილობრივები. შეგახსენებთ, რომ ენგურის ხიდზე გადაადგილება, საქართველოში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შეიზღუდა, რამაც მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. აფხაზეთში მოქმედი ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც იზღუდება გარკვეული ღონისძიებები, მოსახლეობის კორონავირუსული ინფექციისგან დასაცავად. კერძოდ, 5 ოქტომბრიდან აფხაზეთში იკრძალება მასობრივი, სპორტული, გასართობი, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებები შენობაში, გარდა კულტურული დაწესებულებების საქმიანობისა, რომლებიც ხორციელდება ამ ბრძანების მე-6 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. იკრძალება საქორწილო, თუ სხვა სახის ღონისძიებები. რეკომენდირებულია გლოვის თუ ხსოვნის შეკრებებში მონაწილე პირთა რაოდენობის შეზღუდვა. ამასთან, კვების ობიექტებმა უნდა უზრუნველყონ დისტანციის დაცვა, მომსახურე პერსონალის მიერ პირადი დამცავი აღჭურვილობის გამოყენება. ყოველდღიურად უნდა დეზინფიცირდეს სურსათის, ტანსაცმლის ბაზრებისა და მიმდებარე ტერიტორიები. გამყიდველებს კი კორონავირუსისგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებები უნდა ჰქონდეთ. ადგილობრივმა ე.წ. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის კაბინების ყოველდღიური პროფილაქტიკური დეზინფექცია და მძღოლების მიერ სამედიცინო ნიღბების და ხელთათმანების გამოყენება. კულტურულ დაწესებულებებშიც თანამშრომლებს მოეთხოვებათ საქმიანობა პირადი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებით. უნდა შემცირდეს ღონისძიებებში ერთდროულად დამსწრე მოქალაქეთა რიცხვი. ამასთან, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე "მთელი ქვეყნის" მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებების იდენტიფიცირება და მათში იზოლირებული ოთახების გახსნა, კორონავირუსით ინფიცირებული პირების მოსათავსებლად. ე.წ. ფინანსთა სამინისტრომ უნდა გამოყოს დამატებითი ხარჯები, სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სამსახურის 8 შტატით გასაზრდელად. დე ფაქტო განათლების სამინისტროს დაევალა, ადგილობრივ ე.წ. ადმინისტრაციებთან ერთად მუდმივად უზრუნველყოს სკოლამდელი და საგანმანათლებლო დაწესებულებები პირადი დამცავი აღჭურვილობით, სადეზინფექციო საშუალებებით და თერმომეტრებით. პანდემიის გამო, აფხაზეთში კარანტინი 25 მარტს შემოიღეს. შეზღუდვები სოხუმის გადაწყვეტილებით 15 ივნისს მოიხსნა. სოხუმმა 1-ელ აგვისტოს გახსნა რუსეთთან. ე.წ. საზღვარი, დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი კი რამდენჯერმე მხოლოდ ცალმხრივად გაიხსნა. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგაზრდებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოში იღებენ განათლებას, საოკუპაციო ხაზის კვეთის უფლებას აძლევს. სტუდენტებს და მოსაწავლეებს სოხუმი ენგურის ხიდზე სპეციალური სიის მიხედვით ატარებს. სიაში შესულია იმ ახალგაზრდების ვინაობა ვინც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში სწავლობენ.

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო გერმანიაში 4-კვირიანი კარანტინი გამოცხადდება

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით გერმანიაში 4-კვირიანი კარანტინი გამოცხადდება. პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად დაიხურება რესტორნები, ბარები, კინოთეატრები, თეატრები და სხვა გასართობი დაწესებულებები კარანტინი ძალაში ორშაბათიდან შევა და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მაღაზიები და სკოლები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ფუნქციონირებას. რესტორნებიდან საკვების გამოძახების სერვისი ხელმისაწვდომი იქნება. "ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანდაცვის სისტემაში კრიტიკული ვითარება" - თქვა მერკელმა. კანცლერმა მოსახლეობას მოუწოდა თავი შეეკავებინათ ზედმეტი მოგზაურობისგან და აღნიშნა, რომ სასტუმროები ვერ უზრუნველყოფდნენ ტურისტების მომსახურებას. საკარანტინო ზომების გამკაცრების გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით გამოვლინდა ინფექციის რეკორდული მაჩვენებელი, 14 964 ახალი შემთხვევა. "ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას დღეს შეუძლია გამოწვევებთან გამკლავება, მაგრამ თუ ინფიცირების ტემპი ასე გაგრძელდება, მივაღწევთ იმ ლიმიტს რომელთანაც ჯანდაცვის სისტემას გამკლავება შეუძლია" - თქვა მერკელმა. კანცლერი ბიზნეს სექტორს დაპირდა, რომ ფირმები, რომლებიც ახალი ზომების შედეგად იზარალებენ, ეკონომიკურ დახმარებას მიიღებენ. დახმარების ფარგლებში მცირე კომპანიები თავიანთი შემოსავლის 75%-ს მიიღებენ. გერმანიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად კორონავირუსის საერთო შემთხვევების რიცხცვი 449 275-მდე გაიზარდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით ინფექციისგან 10 098 ადამაინი გარდაიცვალა.

საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა. ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებები პარასკევიდან, 30 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მაკრონის თქმით, უკვე მიღებული ზომები "არ არის საკმარისი". ახალი შემზღუდავი ღონისძიებების თანახმად, მოსახლეობას გადაადგილებისთვის სპეციალური საშვები დასჭირდება. დაიხურება რესტორნები და ბარები. ამასთან სკოლები, კოლეჯები და ბაღები ღია დარჩება. მაკრონის თქმით, საფრანგეთში ვირუსის მეორე ტალღა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე პირველი.

ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ის, წარმოუდგენელია დანაშაულის მთელ ჯარზე განვრცობა - პრეზიდენტი

ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე, - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ მიმართვაში აცხადებს. პრეზიდენტის შეფასებით, მიუღებელია, დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. “მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ. ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს. როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ევროკავშირი - მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება მიუღებელია

ევროკავშირისთვის მიუღებელია, რომ რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის სამი შეთანხმების მიუხედავად მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და მათი სამიზნე სულ უფრო და უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ხდება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ის ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მხარეებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისა და მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს. „ევროკავშირი კონფლიქტის მხარეებს ახსენებს მათ ვალდებულებებს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის შესახებ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ არსებით მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლ გობლი: რუსეთი წინასაარჩევნოდ, საქართველოში უკვე არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას შეეცდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი საქართველოში რუსული პროპაგანდის გააქტიურების საკითხზე Europetime-ს ესაუბრა. პოლ გობლი საარჩევნო მექანიზმების შექმნას გამორიცხავს და რუსეთის მიერ არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას ვარაუდობს. „ჩემი აზრით, რუსეთი წინასაარჩევნოდ, საქართველოში უკვე არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას შეეცდება, (როგორიცაა: დეზინფორმაცია,პროპაგანდა) ვიდრე აამოქმედებს საარჩევნო მექანიზმებს. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მისცენ ბიძგი. ზოგი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ამის სჯერათ, სხვები ამ იდეის პოპულარიზასიისთვის ამა თუ იმ გზით არიან წახალისებულნი“, - განუცხადა პოლ გობლმა Europetime-ს. საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა არჩევნებში უცხოურ ჩარევაზე დღეს კიდევ ერთხელ მიანიშნა. ის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ ეხმარება საქართველოს/ცესკოს თავიანთი სისტემების გაძლიერებაში, დეზინფორმაციის კამპანიის სახით არსებული უცხოური ჩარევებისგან დასაცავად. საქართველო რომ რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას უნდა ელოდოს, ამის შესახება ელჩმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს იმართება.

პუტინი საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიასთან შედარების აკრძალვის იდეას ემხრობა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოიწონა იდეა ნაცისტურ გერმანიასთან საბჭოთა კავშირის შედარება საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს. რია ნოვოსტის ცნობით, კანონის გამკაცრების ინიციატივით დუმის სათათბირო კომიტეტის ხელძღვანელი კულტურის დარგში, ელენა იამპოლსკაია გამოვიდა. მისი აზრით, როცა ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფაზეა საუბარი, რუსეთს კანონის გამკაცრების მორალური უფლება აქვს. "ფრთხილად, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. თუ ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელია გათვალისწინებული, ღმერთი თავადაც ისურვებდა, ჩვენი უახლესი წარსული შესაბამისი მექანიზმებით დაგვეცვა", - განაცხადა პუტინმა. ინიციატივის ავტორის, ელენა იამპოლსკაიას თქმით, რუსეთში იბეჭდება და ახალგაზრდებს შორის პოპულარულია წიგნები, სადაც წითელი არმიისა და ნაცისტური გერმანიის ჯარისკაცების ქმედებების შედარება ხდება. მისივე თქმით, ის შესაბამის კანონპროექტს უკვე ამზადებს, რასაც პუტინმა მხარი დაუჭირა.

პომპეომ მალდივის კუნძულებზე აშშ-ს საელჩოს გახსნა დააანონსა

28 ოქტომბერს აშშ-ს საგარეო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი პირველად მალდივის კუნძულებზე საელჩოს გახსნის. პომპეოს ამჟამად ხუთ-დღიანი ტურნეთი იმყოფება ინდო-წყნარი ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონში ჩინეთის ბალანსის მიზნით. "ამ შენობის გახსნა ერთ ღამეში ვერ მოხერხდება, თუმცა ეს ამად ღირს". - განაცხადა პომპეომ მალდივის კუნძულებზე პრესკონფერენციაზე. "ეს სწორია. თქვენი როლი ინდო-წყნარი ოკეანეთის და საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია". - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. პომპეომ ინდოეთში, შრი-ლანკაში, მალდივის კუნძულებებზე და ინდონეზიაში ტურნე 25 ოქტომბერ დაიწყო. ტურნეს დაწყებამდე მან მოლოდინი გამოთქვა, რომ შეხვედრები მოიცავს დისკუსიებს თუ "როგორ უნდა იმუშაონ თავისუფალმა ქვეყნებმა ერთად, რათა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფრთხე თავიდან აირიდონ". ინდოეთში ვიზიტისას მან თქვა, რომ აშშ-მ და ინდოეთმა ერთად უნდა იმუშაონ უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე, რათა შეეწინააღმდეგონ ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეს. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს სამხედრო შეთანხმებას, რაც ინდოეთს მისცემს წვდომას აშშ-ს მოწინავე სატელიტსა და რუკის მონაცემებზე. შეგახსებენთ, რომ ინდოეთი Quad-ის წევრია. ჩინეთისგან მომავალი მზარდ საფრთხესთან ერთად ბოლო დროს სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ შორეულ აღმსავლეთში აშშ-ს ლიდერობით სამომავლოდ NATO-ს მსგავსი ალიანსის შექმნაზე. ვაშინგტონი აღმოსავლეთის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოკავშირეების მხარდაჭერას ელის, თუმცა, მეორე მხრივ, მათ პეკინთან ურთიერთობის გაუარესებას თავს არიდებენ ეკონომიკური კავშირების გამო. 2019 წელს ავსტრალიის საექსპორტო მთავარი მიმართულება ჩინეთი იყო, ჩინეთი იაპონიისთვის მეორე მთავარი მიმართულება იყო, ხოლო ინდოეთისთვის - მესამე. თუმცა, შესაძლოა, ეს დამოკიდებულება ბოლო პერიოდში შეიცვალა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე დაპირისპირება მოხდა, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.

მამუკა მდინარაძე: არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობისთვის ემზადება

„ქართული ოცნების“ ლიდერების ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბება. როგორც მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას არა საარჩევნო, არამედ ამ მიმართულებით გეგმავენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ აქციის დაანონსება ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილების პიკში და ზუსტად იციან, დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ. „ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საჭიროა, საქართველოს წინსვლა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების გაგრძელება, ვინც ფიქრობს, რომ 2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთოს, მომდევნო წლებში კი, სრულფასოვანი ინტეგრირება და მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა შევძლოთ, აუცილებელია, უარი ვუთხრათ რევანშს, დესტრუქციას. მივიდეთ არჩევნებზე და დავუჭიროთ მხარი წარმატებულ საქართველოს. ამ არჩევნებში არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები უნდა დამარცხდნენ, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და ხალხთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ ისეთი შედეგი, რომელიც მათ „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს წარმატების ილუზიების შანსებს გაუქრობს და გზას ახალ, ჯანსაღ, პროფესიონალ ძალებს გაუხსნის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კელი დეგნანი: ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მისცენ ხმა

"ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი და უფრო დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბრისას განაცხადა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოებისკენ და აშშ გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას. „საქართველომ, ისევე როგორც ამერიკამ იბრძოლა თავისუფლებისთვის და ეს თავისუფლების საერთო სიყვარული არის ის, რაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გულშია. თავისუფლება, რომელიც ლიდერების დამოუკიდებელ და სამართლიან არჩევნებში არჩევას გულისხმობს, ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია. დემოკრატია გულისხმობს არჩეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე და არჩევნები სწორედ ამას ემსახურება. ამ ქვეყანაში მოგზაურობისას ბევრი ქართველი გავიცანი, რომლებიც ისევე სცემს პატივს ხმის უფლებას, როგორც ამერიკელები. როდესაც საქართველო შეუერთდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ეუთო, ან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მან ვალდებულება აიღო, დაეცვა ეს ღირებულებები და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ეს ღირებულებები და სტანდარტები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში გაწვიანებისთვის, რაც ნატო-სა და საქართველო-ნატოს კომისიათან ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოებისკენ და აშშ გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი და უფრი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. ეს პირობა საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ამომავალი წერტილია“,-განაცხადა დეკნანმა. ელჩის განმარტებით, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება მხოლოდ არჩევნების დღეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს პროცესებს, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და სანდო. ხალხმა ის ლეგიტიმურად უნდა მიიჩნიოს. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ხალხის იძულება, რომ ფოტო გადაუღონ საარჩევნო ბიულეტენს, ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, რომ ხმა მისცენ ერთ პარტიას ან დაწინაურების პირობა, რომ ხმა მისცენ სხვა პარტიას. თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას“,-განაცხადა დეგნანმა. ელჩის თქმით, ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. „ვფიქრობ, ქართველი ხალხი შემოგვიერთდება, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ მათ არჩევნებს, რათა დავინახოთ, რამდენად დაიცავს საქართველო მაღალ სტანდარტებს, რომელიც დაიკისრა. ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში“,-განაცხადა დეგნანმა.

ლავროვი COVID ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თვითიზოლაციაშია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი Covid ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს რუსეთის სამთავრობო მედიამ გაავრცელა. ლავროვმა დაგეგმილი შეხვედრები გადადო. 27 ოქტომბრიდან რუსეთში როსპოტრებნადზორმა თითქმის ყველა საჯარო ადგილას პირბადის ტარება სავალდებულო გახადა. რუსეთში, ასევე, რესტორნები და ბარები 23:00 საათიდან 06:00 საათამდე დაიკეტება. 27 ოქტომბერს რუსეთში 16 550 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 320 პაციენტი. ჯამში დადასტურდა 1 547 774 შემთხვევა და გარდაიცვალა 26 589 ადამიანი.

"თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს"

"თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო აშშ–ის მნიშვნელოვან პარტნიორად დარჩეს", - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა განაცხადა. მისივე თქმით, "31 ოქტომბრისთვის დაგეგმილმა საპარლამეტო არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს". "გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით, რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად", - აცხადებს კინზინგერი.

ტრამპი, ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებების განახლებით, იმედგაცრუებულია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლება, მას შემდეგ რაც, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა, იმედგაცრუებას იწვევს. ”დიახ, იმედგაცრუებას იწვევს, როდესაც ამას ვხედავთ,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში. ტრამპი იმედოვნებს, რომ მხარეები ურთიერთობების ნორმალიზებას შეძლებენ. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ერთი შეთანხმება ძალაში, 26 ოქტომბერს, 08:00 საათიდან შევიდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს. აშშ-ის პრეზიდენტის გუნდში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებთან მუშაობენ კიბერთავდასხმის წყაროს დასადგენად. ამასთან, ტრამპის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერთავდასხმის შედეგად კონფიდენციალურ ინფორმაციას საფრთხე არ დამუქრებია, რადგან ასეთი მონაცემები არ ინახება ვებპორტალზე. ამჟამად ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.