„ქართული ოცნების“ ლიდერების ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბება. როგორც მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას არა საარჩევნო, არამედ ამ მიმართულებით გეგმავენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ აქციის დაანონსება ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილების პიკში და ზუსტად იციან, დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ.
„ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საჭიროა, საქართველოს წინსვლა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების გაგრძელება, ვინც ფიქრობს, რომ 2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთოს, მომდევნო წლებში კი, სრულფასოვანი ინტეგრირება და მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა შევძლოთ, აუცილებელია, უარი ვუთხრათ რევანშს, დესტრუქციას. მივიდეთ არჩევნებზე და დავუჭიროთ მხარი წარმატებულ საქართველოს. ამ არჩევნებში არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები უნდა დამარცხდნენ, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და ხალხთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ ისეთი შედეგი, რომელიც მათ „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს წარმატების ილუზიების შანსებს გაუქრობს და გზას ახალ, ჯანსაღ, პროფესიონალ ძალებს გაუხსნის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.