პოლიტიკა

ისრაელი 10 ოქტომბრამდე სრული კარანტინის გამოცხადებას გეგმავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში პარასკევიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით სრული კარანტინი გამოცხადდება. „ჩვენი მიზანია, ინფექციის გავრცელების შეჩერება. ჩვენი მიზანია, ისრაელში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა”,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში. გასულ კვირას ისრაელის მთავრობამ კარანტინი დააწესა, რომლის ფარგლებში დაიხურა სკოლები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები. შეზღუდვები მოიცავს უამრავ გამონაკლისს, მათ შორის ადამიანებს საშუალება ეძლევათ დატოვონ თავიანთი სახლები, თუკი სამუშაოდ, სავარჯიშოდ, სალოცავად და საზოგადოებრივ დემონსტრაციებში მონაწილებისთვის მისაღებად მიდიან. ახალი შეზღუდვებით კი, სავარაუდოდ, ამ გამონაკლისების უმეტესობა გაუქმდება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, შეზღუდვების დასაწესებლად მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის თანხმობაა საჭირო. ისრაელში, ოთხშაბათს, კოვიდ-19-ის 6 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 200 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

სინამდვილეში ლუკაშენკო პენსიაზე გავიდა - სვეტლანა ტიხანოვსკაია

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას გამოეხმაურა. როგორც ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, სინამდვილეში ლუკაშენკო პენსიაზე გავიდა და მისი ბრძანებები ლეგიტიმური აღარ არის. „ეს ე.წ. ინაუგურაცია, რა თქმა უნდა ფარსია. სინამდვილეში, დღეს ლუკაშენკო უბრალოდ, პენსიაზე გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან მისი ბრძანებები ძალოვანი უწყებებისთვის აღარ არის ლეგიტიმური და არ ექვემდებარება შესრულებას. მე, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ვარ ერთადერთი ლიდერი, რომელიც ბელარუსმა ხალხმა აირჩია და დღეს ჩვენი ამოცანაა, ერთად ავაშენოთ ახალი ბელარუსი“ , - განაცხადა ტიხანოვსკაიამ. მან აქვე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან ბელარუსს რეალური დახმარება აღმოუჩინონ, მას შემდეგ, რაც დემოკრატია გაიმარჯვებს. შეგახსენებთ, დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ფიცი დადო და პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ფიცის დადების ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა.

კანადის პრემიერი - ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯასტინ ტრიუდო მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შემოდგომაზე ეპიდვითარება უფრო რთული იქნება, ვიდრე გაზაფხულზე იყო. „გვაქვს იმის ძალა, რომ ეს მეორე ტალღა გავაკონტროლოთ. ვიცი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ეს ერთხელ უკვე მოვახერხეთ“, - განაცხადა ტრიუდომ. ცნობისათვის,ბოლო დღეების განმავლობაში კანადაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევევის ზრდა ფიქსირდება. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 147 753 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 9 243 ადამიანი დაღუპულია.

მინსკში სამართალდამცავებმა 200-მდე დემონსტრანტი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის შემდეგ გამართული საპროტესტო აქცია სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის, “ვიესნას“ ინფორმაციით, პოლიციამ 200-მდე დემონსტრანტი დააკავა. შეგახსენებთ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია გუშინ გაიმართა და ის საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.

საქართველოს დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

დღეს, 24 სექტემბერს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, ასევე საქართველოს პარლამენტში - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან. ,,ვიზიტის ფარგლებში ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ეროვნული გმირის ჰეიდარ ალიევის მემორიალს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი აღარ არის და უნდა გადადგეს - სენატორი ჯიმ რიში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას ეხმაურება. „ის ფაქტი, რომ ლუკაშენკომ „ინაუგურაცია“ საიდუმლოდ გამართა, მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ მან, როგორც ლიდერმა, ,ლეგიტიმურობა დაკარგა. ის ბელარუსის პრეზიდენტი აღარ არის და უნდა გადადგეს“, - დაწერა სენატორმა ჯიმ რიშმა Twitter-ზე. 23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

რუსეთი ევროკავშირის მაღალჩინოსნებისთვის "შავ სიას" აფართოებს

რუსეთი ევროკავშირის მთელი რიგი მაღალჩინოსნებისთვის ე.წ. შავ სიას აფართოებს, რაც ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რუსეთი "შავ სიას" ევროკავშირის მხრიდან სანქციების საპასუხოდ გააფართოებს. „ევროკავშირის ქმედებებზე საპასუხოდ, რუსულმა მხარემ მიიღო საპასუხო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების წარმომადგენელთა სიის გაფართოების შესახებ, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ“, - განაცხადა ზახაროვამ. მისივე განმარტებით, რუსეთის "შავ სიაში" შეყვანილთა რაოდენობა განისაზღვრა ევროკავშირის სიის პარიტეტის საფუძველზე. ზახაროვას განცხადებით, „ბოლო დროს ევროკავშირმა მთელი რიგი არამეგობრული ნაბიჯები გადადგა რუსეთთან და მის მოქალაქეებთან დაკავშირებით და აბსურდული საბაბით განაგრძობს სანქციების გაფართოებას“. პრესკონფერენციაზე მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად, რომელ ინსტიტუტებს შეეხება ეს გადაწყვეტილება.

ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბო-სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატია

ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბო-სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატია. მისი კანდიდატურა, რამდენიმე წუთის წინ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს მაჟორიტარების წარდგენაზე დასახელდა. სხვა რეგიონებში კანდიდატები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: გრიგოლ ვაშაძე – ქუთაისის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია – გლდანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე – ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სამგორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი – გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე – რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აზერ სულეიმანოვი – მარნეულისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი – გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე – ხაშურის, ქარელის, გორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი – ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მელიქ რაისიანი – ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე – საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა გეწაძე – ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი – წყალტუბოს, ხონის, ვანისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან ფიფია – მარტვილის, აბაშის, ჩხორყუსა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუატატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა – ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია – ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ვარშალომიძე – ბათუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბონდო თევდორაძე – ქობულეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი – დმანისის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი – თიანეთის, დუშეთისა და მცხეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დილარ ხაბულიანი – ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანუჩარ კვირველია – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

აშშ-ს 3 ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე სტატიას აქვეყნებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ. დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების შემთხვევები საქართველოს საერთაშორისო იმიჯს აზიანებენ. ამასთან, ეს საკითხები საქართველოს დასავლელ მოკავშირეებს ქვეყნის პოლიტიკური კურსის შესახებ დამატებით კითხვებს უჩენენ. სწორედ ამიტომ, მათი თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც საქართველოსთვის გამოსაყოფი დახმარების 15%-ის შეჩერებას ითვალისწინებს, რისი წინაპირობებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება, კორუფციასთან ბრძოლა და საერთაშორისო ინვესტორთა უფლებების დაცვაა. “ამ კანონპროექტმა შესაძლოა, კანონის ძალა ვერ შეიძინოს, თუმცა ის მომავალი არჩევნებისთვის სიგნალს წარმოადგენს,”- აღნიშნავენ დიპლომატები. ყოფილი ელჩები წინასაარჩევნო პერიოდზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა სცადოს, რის შესახებაც განცხადება მოქმედა ელჩმა, კელი დეგნანმაც გააკეთა. “2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძალადობით, ამომრჩეველთა დაშინებით და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მუქარისშემცველი განცხადებებით გამოირჩეოდა. 2019 წლის ივნისში სახელმწიფომ საპროტესტოდ გამოსული მოქალაქეების წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 2019 წლის დეკემბერში, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევაში მოსახლეობის 53%-მა აღნიშნა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, არსებულ მიმართულებას კი სწორად მოსახლეობის მხოლოდ 19% მიიჩნევს. ამავე ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის 59% ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არაა, ერთი წლით ადრე ამ აზრს მოსახლეობის 46% იზიარებდა,”- ნათქვამია სტატიაში. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები აღნიშნავენ, რომ 8 მარტს, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მედიაციის შედეგად საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღწეული შეთანხმება ქვეყანაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. დიპლომატების თქმით, საარჩევნო შეთანხმება და ბარიერის დაწევა, ასევე წამყვანი ოპოზიციური პარტიების წევრების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება ვითარების დასტაბილურებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო. “საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, თუმცა არსებობს გართულებები. ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” უკვე გამოთქვა შეშფოთება ქვეყანაში რეპრესიული კანონმდებლობის მიღების თაობაზე, რაც კომუნიკაციების კანონში დაჩქარებული წესით შესულ ცვლილებებს უკავშირდება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან ტელე და რადიომაუწყებლებზე კონტროლის მოპოვების მცდელობას შეიძლება წარმოადგენდეს,”- ნათქვამია სტატიაში. დიპლომატები წერენ, რომ კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, რის გამოც EBRD-ის შეფასებით წელს ქვეყნის მშპ 5.5%-ით შემცირდება. გასული ათწლეულის განმავლობაში კი საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 4-5 პროცენტით იზრდებოდა, თუმცა უმუშევრობა კვლავ აქილევსის ქულს წარმოადგენს, ხოლო ქვეყნის რაიონებში კი სიღარიბე განსაკუთრებით გავრცელებულია. “ქვეყანა დაუყოვნებლივ საჭიროებს ახალ ინვესტიციებს, თუმცა კანონის უზენაესობაში არსებული ხარვეზები, დავების მოგვარების სისტემის ნაკლოვანებები, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება,”- ნათქვამია სტატიაში. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და ციფრული აბრეშუმის გზის პროექტები: დიპლომატები წერენ ორ უმსხვილეს საინვესტიციო პროექტზე, რომელთა განვითარებასაც მათი შეფასებით სახელმწიფოს ჩარევა აფერხებს, საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ახალი ციფრული დერეფანის განვითარების პროექტებზე. “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც $2.5-მილიარდიანი ინვესტიციებს ითვალისწინებდა, საქართველოს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან პუნქტად აცქევდა. პორტის განვითარება კი როგორც ჩანს საქართველოს მთავრობის მიერ მის პოლიტიზირებას უკავშირდება, რის გამოც, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა საერთაშორისო დონორთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოეხდინა პროექტის ფინანსირებისთვის საჭირო სესხების გარანტირება. შედეგად, პროექტის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო კონსორციუმი მისმა ამერიკელმა პარტნიორებმა დატოვეს. ანაკლიის გარდა, მეორე შემთხვევა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ეხება, რომლის განვითარებაშიც საერთაშორისო კონსორციუმი არის ჩართული. პროექტი შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელის მეშვეობით, ევროპასა და აზიას დააკავშირებს. კონსორციუმმა ამ პროექტის განხორციელებისთვის, საქართველოს ერთ-ერთი ინტერნეტ პროვაიდერის მფლობელ კომპანიაში 49%-იანი წილი შეიძინა. საქართველოს მთავრობამ კი დაჩქარებული წესით მიღებული კანონით ამ ტრანზაქციის შებრუნება და კომპანიაზე სრული გავლენის მოპოვება გადაწყვიტა. ორივე შემთხვევა აჩვენებს, რომ საქართველოში ინვესტირების საბოლოო შედეგი კომპანიებისთვის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა იყოს, რაც ახლა ხდება ანაკლიის შემთხვევაში. ამან კი პოტენციური უცხოური ინვესტორების დაფრთხობა გამოიწვიოს. მოლაპარაკებათა შედეგად მიღწეულ შეთანხმებებს ამ რისკების შემცირება შეუძლიათ. გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მძიმე გამოწვევები და ომები გამოიარა, რათა სუვერენიტეტი და დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება შეენარჩუნებინა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ქვეყანას ამ გამოწვევების გადალახვაც შეეძლება,”- ნათქვამია ჯონ ტეფტის, კენეტ იალოვიცის და უილიამ კორტნის მიერ The National Interesrt-ში გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში. წყარო

"ძალიან დიდია საპარლამენტო არჩევნების მიმართ ინტერესი და მოლოდინია, რომ იქნება თავისუფალი, ღია და სამართლიანი, უკეთესი, ვიდრე წინა"

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელის დეგნანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები სამართლიან, გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნოდ „ქცევის კოდექსს“ ხელი მოაწერეს. „ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოსთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მატება, თუმცა, ძალიან პოზიტიური იყო ის ფაქტი, რომ ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა არჩევნებთან დაკავშირებით „ქცევის კოდექსს“. ძალიან სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ მათ არა მხოლოდ ხელი მოაწერეს, არამედ ლიდერები მისი შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართული და მათ გარკვეული ეთიკური სტანდარტები შეიმუშავეს.სამწუხარო იქნება, თუ დაფიქსირდება ისეთი ფაქტები, როგორიც არის ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება. ზოგიერთმა ორგანიზაციამ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა დეგნანმა. ამასთან, დიპლომატის თქმით, ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია, როდესაც არსებობს პირდაპირი კომუნიკაცია აშშ-ში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის. „საელჩო საქართველოსთან კომუნიკაციის ერთ-ერთი წყაროა, თუმცა, მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლოა, როდესაც არსებობს პირდაპირი არხი აშშ-ში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის იმისთვის, რომ განხილული იყოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის აგრესია, კოვიდ 19-ით გამოწვეული სიტუაცია, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა საშუალებები. ძალიან დიდია ინტერესი ამ არჩევნების მიმართ და არის მოლოდინი იმისა, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, ღია და სამართლიანი. უკეთესი, ვიდრე წინა არჩევნები“,-განაცხადა დეგნანმა.

ევროკავშირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

„მსგავსი სამხედრო წვრთნები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, რაც ასახულია გაეროს ქარტიაში, ჰელსინკის საბოლოო აქტსა და პარიზის ქარტიაში.“ - ნათქვამია ეუთო-ში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს - „კავკასია 2020“ - ეხება. ევროკავშირი ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. დღეს, ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე წევრი ქვეყნების დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020“; საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ასევე აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის დელეგაციებმა.​

ალექსანდრე ლუკაშენკომ ფიცი დადო

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. დემონსტრაციები სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს და ათასობით ადამიანი დააკავეს.

"პუტინი არ გამორიცხავს, რომ ნავალნიმ თავი მოიწამლა" - Le Monde

ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმირ პუტინს შორის 14 სეტემბერს გამართულ სატელეფონო საუბარს ეხება. გამოცემის თანახმად, პრეზიდენტებს შორის „ყრუთა დიალოგი“ შედგა. Le Monde-ის ინფორმაციით, პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ შესაძლოა, ნავალნიმ საწამლავი, დაუდგენელი მიზეზით, თავად მიიღო. გამოცემის წყაროების ცნობით, პუტინმა თქვა, რომ ნავალნი უბრალოდ, ინტერენტში არეულობის შემტანი პირია, რომელიც ადრე სხვადასხვა დაავადებას იგონებდა. მაკრონის მკაფიო პოზიცია იყო, რომ „ნოვიჩოკს“ კერძო პირი ვერ გამოიყენებდა. ალექსეი ნავალნის შეფასებით, პუტინს აქვს “კარგი ვერსია“, რომელიც ყურადღებით შესასწავლია. „სამზარეულოში მოვხარშე „ნოვიჩოკი“, თვითმფრინავში ჩუმად დავლიე. კომაში ჩავვარდი. მანამდე ცოლს, მეგობრებს და კოლეგებს მოველაპარაკე, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო მოითხოვს, რომ სამკურნალოდ გერმანიაში წამიყვანონ, არავითარ შემთხვევაში არ მისცენ ამის ნება. სიკვდილი ომსკის საავადმყოფოში, სადაც მიზეზად იმას დაადგენდნენ, რომ დიდხანს ცხოვრობდაო - ეს იყო ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. მაგრამ პუტინმა მომიგო. მას ასე უბრალოდ ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე სულელივით კომაში ვიყავი 18 დღე, მაგრამ ჩემი ვერ გავიტანე. პროვოკაცია არ გამოვიდა!“ - წერს ალექსეი ნავალნი ინსტაგრამზე. 22 სექტემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას რუსეთს მოუწოდა, ნათელი მოჰფინოს ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას. მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი არ მოითმენს ევროპაში, ან რუსეთში ქიმიური იარაღის არსებობას. ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა. ავიალაინერი ომსკის აეროპორტში დაეშვა და ნავალნი გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, რომლის ექიმებმა ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება. 22 აგვისტოდან ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ იმყოფება. რუსი ოპოზიციონერი ხელოვნური კომიდან 7 სექტემბერს გამოიყვანეს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიამ კვლევის შედეგად განაცხადა, რომ ნავალნი მოწამლულია ნივთიერებით „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდან. ეს დაადასტურეს საფრანგეთის და შვედეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმაც. 2018 წელს, დიდ ბრიტანეთში „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. ლონდონი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში რუსეთის სამხედრო დაზვერვას ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი დღემდე უარყოფს ისევე, როგორც ნავალნის მოწამვლასთან კავშირს.

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს

ალექსეი ნავალნი ბერლინის Charité-ის საავადმყოფოდან გაწერეს, - ამის შესახებ რუსული მედია საავადმყოფოს ვებვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. კლინიკის ინფორმაცით, ნავალნი კლინიკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე გაწერეს. საერთო ჯამში, პოლიტიკოსმა Charité-ში 32 დღის განმავლობაში იმკურნალა, აქედან 24 დღე მან რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა. შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ის 22 აგვისტოს, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

ტრამპმა გაეროს მოუწოდა, ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებისთვის პასუხი მოსთხოვოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩინეთს პასუხი უნდა მოსთხოვოს იმის გამო, რომ მან ვერ შეაჩერა კორონავირუსის გავრცელება, რამაც 200 ათასამდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია ამერიკაში და მილიონამდე ადამიანისა - მთელს მსოფლიოში. ტრამპი ჩინეთს ბრალს იმაში სდებს, რომ მან დროულად არ გაუზიარა მსოფლიოს ინფორმაცია ახალი დაავადების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკა ჩანაწერში, რომელშიც მან მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის ონლაინ შეკრებას. გარდა ამისა, ტრამპმა თავის გამოსვლაში შეაქო ახლახან გაფორმებული შეთანხმებები, რომელთა მიღწევაშიც თავად ითამაშა როლი. ერთია კოსოვოსა და სერბეთს შორის შეთანხმება, მეორე კი მიღწეულ იქნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინსა და ისრაელს შორის. მისი თქმით, აშშ „ასრულებს საკუთარ მოწოდებას, როგორც მშვიდობისმყოფელი.“ ტრამპი ხშირად იყენებს საერთაშორისო ფორუმებზე გამოსვლებს, რათა წინ აღუდგეს „გლობალიზაციას“ და ხელი შეუწყოს თავის საგარეო პოლიტიკას - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ამ მხრივ მისი წლევანდელი მიმართვა არ ყოფილა განსხვავებული. ტრამპმა სხვა ქვეყნები გააფრთხილა, რომ „მხოლოდ როცა საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნებთ, იპოვით თანამშრომლობის ჭეშმარიტ საფუძველს.“ დღეს ნიუ-იორკში დაიწყო გაეროს გენერალური ასამბლეის ერთკვირიანი ყოველწლიური შეკრება, რომელიც ძირითად ონლაინ რეჟიმში იმართება.

"ჩვენ არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას" - მაკრონი რუსეთს ნავალნის საქმის განმარტებას სთხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ განმარტებას რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ. მან რუსეთი გააფრთხილა, რომ პარიზი არ დაუშვებს წითელი ხაზების გადაკვეთას ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე. ”ჩვენ არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას ევროპაში, რუსეთში ან სირიაში,” - განაცხადა ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას და დასძინა, ”ეს განმარტება უნდა იყოს სწრაფი და უზადო, რადგან ჩვენ დავიცავთ ჩვენს წითელ ხაზებს“. ​მაკრონს არ დაუკონკრეტებია შემდგომი მოქმედებები, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დამაკმაყოფილებელ განმარტებებს არ გააკეთებს. ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

"ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს სუსტი მხარეები გააშიშვლა"

გაერომ 75-ე წლისთავი ონლაინ ღონისძიებით აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართა, ნაჩვენები იქნა მსოფლიო ლიდერების ვიდეოგამოსვლები. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზიდან ლაპარაკობდა, მულტილატერალიზმის განახლების მოწოდებით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ ახალმა კორონავირუსმა „გააშიშვლა მსოფლიოს სუსტი მხარეები“ და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის აუცილებლობა. „დღეს ჩვენ გვაქვს მულტილატერალური გამოწვევების სიჭარბე და მულტილატერალურ გადაწყვეტათა დეფიციტი,“ თქვა გენერალურმა მდივანმა. „ახლოვდება კლიმატური კატასტროფა, ნადგურდება ბიომრავალფეროვნება, იზრდება სიღატაკე, ვრცელდება ზიზღი, გეოპოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება, ბირთვული იარაღი კვლავაც საბრძოლო მზადყოფნაშია,“ თქვა გუტერეშმა. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა გაეროს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველი შედეგებიდან აღმოცენდა, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტები. „თანამედროვე ისტორიაში არასოდეს ვყოფილვართ ამდენი წელი მსხვილ სახელმწიფოებს შორის სამხედრო კონფრონტაციის გარეშე,“ - თქვა გუტერეშმა. სადღესასწაულო ღონისძიებაზე 180-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა და წარმომადგენელმა სამწუთიანი წინასწარ ჩაწერილი ვიდეოები გაგზავნეს. მათ ასევე შეათანხმეს დეკლარაცია, რომელშიც ნახსენებია გაეროს მიღწევები და წარუმატებლობები, ასევე გამოწვევები. დღეს ნიუ-იორკში იწყება გაეროს გენერალური ასამბლეის ერთკვირიანი ყოველწლიური შეკრება, რომელიც ძირითად ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

IRI საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება​

საქართველოში 31 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი დააკვირდება. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დამკვირვებლები ცესკოს მოწვევით ჩამოდიან. “ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე,” – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა. მისიის შემადგენლობაში იქნება მრავალმხრივი გამოცდილების ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან. ისინი დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას და მათზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

"საქართველოს, საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის იარაღის მიწოდება არ დაუშვია“

„საქართველოს სახით აზერბაიჯანს სანდო პარტნიორი და მეგობარი ჰყავს - საქართველოს, საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის იარაღის მიწოდება არ დაუშვია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, ორი სახელმწიფოს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება. "უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ვაფასებ ამ მოვლენებში საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო არ უშვებდა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის მიწოდებას. სწორედ ამიტომ სატრანსპორტო თვითმფრინავებს სომხეთში იარაღი ჩააქვთ კასპიისპირა ქვეყნების ტერიტორიის გავლით და საჰაერო გზით. საქართველო მოიქცა, როგორც სანდო პარტნიორი. ამისთვის მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს მთავრობისადმი. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის სახით ჩვენ ვხედავთ სანდო პარტნიორსა და მეგობარს. სამთავრობათაშორისო კავშირები ყოველდღიურად ძლიერდება. ხორციელდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. უახლოეს მომავალში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს. საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი საქართველოში. ახალ მზადდება ვიზიტის პროგრამა. არსებობს ბევრი კითხვა. ჩვენ გვაკავშირებს როგორც ისტორია, ასევე საერთო ინტერესები. დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირები და თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობა ახლო კონტაქტშია ერთმანეთთან და ეს გაგრძელდება". – თქვა ილჰამ ალიევმა ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ ილჰამ ალიევის განცხადება, რომ საქართველოს არ გაუტარებია თავის ტერიტორიაზე სომხეთისთვის განკუთვნილი იარაღი, უკავშირდება ივლისში აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილებს. 19 ივლისს Haqqin-მა გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომლის თანახმადაც, სომხეთს ტოვუზის დაბომბვისთვის ნაღმტყორცნები სერბეთმა საქართველოს დახმარებით მიაწოდა. პროსახელისუფლო მედია წერდა, რომ როგორც მისთვის სამხედრო წყაროებიდან გახდა ცნობილი, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც, საბრძოლო მოქმედებების დროს, სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია ჩაიტანეს. მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის ცნობით, აზერბაიჯანულმა სახელისუფლებო გამოცემა Haqqin-მა დეზინფორმაცია გაავრცელა, რომელიც უამრავ უზუსტობას შეიცავს, Haqqin-მა მეორე სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა. წერილში გამოცემამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და აღნშნა, რომ მათთვის სამწუხაროდ, ოფიციალურმა თბილისმა ეჭვქვეშ დააყენა Haqqin-ის კომპეტენცია და გამოცემა განზრახ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, Haqqin-ი აქვეყნებს დამატებით ინფორმაციასა და ფოტოსურათებს. საქართველოს პრემიერმინისტრამ გიორგი გახარიამ Haqqin-ის გამოქვეყნებული წერილები შეაფასა, როგორც მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია. გახარიას შეფასებით, ეს ინფორმაცია მაშინ იქნება საყურადღებო, როდესაც ორ ქვეყანას შორის მსჯელობის საგანი გახდება. – "აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობას არაფერი ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რაიმე დაემუქროს". წყარო

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის პოლიტიკური პარტია “მომავლის რუსეთი“ გააუქმა

რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტია “მომავლის რუსეთი“ გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს თხოვნა პოლიტიკური პარტია „მომავლის რუსეთის“ გაუქმების შესახებ. ცნობისათვის, ერთი წლის წინ, იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა პარტია “მომავლის რუსეთის“ რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ ამ სახელით სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე სარგებლობდა.