პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსმა" საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა
პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში დღეს, 29 აგვისტოს გავრცელდა. Facebook-ზე გავრცელებულ ფოტოს სხვადასხვა პოლიტიკოსების ბრაზი და აღშფოთება მოყვა. ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა და მათ პატრიოტთა ალიანსის, როგორც საარჩევნო სუბიექტის გაუქმება მოსთხოვა. "გაუქმდეს პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი და მოიხსნას არჩევნებიდან. პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა - დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას.. კანონი გავალდებულებთ რეაგირება მოახდინოთ!", - დაწერა დეკანოიძემ Facebook-ზე. გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარიაც: "აი ამაში იხდიან ზუსტად რუსები ფულს! არაფერი არ ყოფილა გამოსაძიებელი, ტიპები პირდაპირ შუღლს აღვივებენ ტყუილებით". არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების იურისტი ნინო რიჟამაძე მიიჩნევს, რომ ბანერი შეიძლება, შეიცავდეს შუღლის გაღვივების ნიშნებს, რასაც კანონით აკრძალულია. "ზოგადად, "პატრიოტთა ალიანსი" ბათუმში ანტითურქული რიტორიკით გამოირჩევა. წარსულში არჩევნებზეც ჰქონდათ აქციები, სადაც საუბრობდნენ, რომ საფრთხეები თურქეთიდან მომდინარეობს და ა.შ. ეს ბანერი დავინახე შემთხვევით, ბათუმი-სარფის გზაზე, საზღვართან ძალიან ახლოს. რეალურად, ბანერის შინაარსი "სამართლიანი არჩევნების" აზრით, პროვოკაციულია და შეიძლება, შეიცავდეს შუღლის გაღვივების ნიშნებს, ანუ თანაბრად წარმოაჩენდე არაოკუპირებულ ტერიტორიებს ოკუპირებულ რეჟიმში მყოფ საქართველოს ტერიტორიებთან. საარჩევნო კოდექსით, აგიტაცია, რომელიც აღვივებს შუღლს, აკრძალულია", - აცხადებს რიჟამაძე და დასძენს, რომ ბანერით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც უნდა დაინტერესდეს. რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაფუძნევულმა ორგანიზაციამ "დოსიე" 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება. განახლება ბათუმის მერიამ პატრიოტთა ალიანსის ბანერები ჩამოხსნა და ფაქტთან დაკავშირებით სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. როგორც ბათუმის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ოქმები ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით გადაიგზავნა. "ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტიის საარჩევნო ბანერი, პოლიტსაბჭოზე განსხვავებული სახით იყო შერჩეული. როგორც ინაშვილი განმარტავს ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ წარწერით "sos" "ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით - sos!... მართალია, წითელი ფერიც იხილებოდა, შავიც და ყავისფერიც და კიდევ ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ საბოლოო ვარიანტი ეს იყო!",-წერს ინაშვილი Facebook გვერდზე. ინაშვილი ბანერს მტრების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს. მისი თქმით, "100%-ით სანდო და საწრმუნო წყარომ", მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ სააკაშვილმა და ბოკერიამ იმ პირებს, ვინც პარტიიდან შიდა ინფორმაციას გაიტანენ, 50 000-დან 1 000 000 ლარის ზემოთ თანხა შესთავაზეს. "ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია. ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. დღეს ასეც მოხდა. ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს. ამით იაფფასიანი პიარი გაიკეთეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი ტელევიზიებიდან გავიგეთ!",-წერს ინაშვილი.
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ფრენები არ შეუწყვიტავს, აღდგენა დამოკიდებულია რუსეთზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
საქართველოს არ შეუწყვიტავს რუსეთის ფედერაციასთან ფრენები“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაჟურნალისტებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას. გიორგი გახარიას თქმით, ფრენების აღდგენის საკითხი რუსეთის ფედერაციაზე და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. „საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვიტავს, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე საქართველოში“, - განცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე აღდგება. ამასთან, განაცხადა რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება.
ალექსეი ნავალნი ბერლინში ჩაიყვანეს
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი ბერლინში დაეშვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ბორტი ომსკიდან დღეს, დილით გაფრინდა და ბერლინის ტეგელის აეროპორტში დაეშვა. თავდაპირველად, ომსკის საავადმყოფოს ექიმები ნავალნის ბერლინში გადაყვანის წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, ექიმებმა მისი გერმანიაში გადაყვანა დაუშვეს. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.
ბელარუსი ლიეტუვის საზღვართან სამხედრო წვრთნებს იწყებს
ბელარუსში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების პარალელურად, ქვეყნის არმია ლიეტუვის საზღვართან მდებარე ჰროდნოს ოლქში სამხედრო წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მისივე ცნობით, წვრთნები 17-დან 20 აგვისტომდე შეარაღებული ძალების სასწავლო გეგმის შესაბამისად ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ბოლო 1 კვირის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის 2 სატელეფონო ზარი გაიმართა. როგორც გუშნ კრემპლმა განაცხადა, რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს სამხედრო დახმარება გაუწიოს. 16 აგვისტოს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. მან საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა გამორიცხა: "თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს". 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.
ნატო ბელარუსის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
ნატო ბელარუსის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. „ნატო-ს რეგიონში სამხედრო ძალების მობილიზება არ განუხორციელებია. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მრავალეროვნული კომპონენტი არც ერთი ქვეყნის მიმართ საფრთხეს არ წარმოადგენს, ეს წარმოდგენიილობა თავდაცვითია და კონფლიქტის აღკვეთისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის არის განკუთვნილი", - განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკომ. მისივე თქმით, ნატო ბელარუსში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. 16 აგვისტოს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. მან საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა გამორიცხა: "თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს". 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.
"აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას"
"აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას", - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს. მისივე თქმით, ამერიკა არადროს სცნობს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას: "12 წელი გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. მას შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია".
ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. „თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა ხდება ქვეყანაში. ნელ-ნელა ცდილობენ და აგრძელებენ სიტუაციის არევას. ახლა შრომით კოლექტივებს მიადგნენ. მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ აქედან არაფერი გამოვა. ქვეყანას არავის დავუთმობთ. სიტუაციას დავიჭერთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ შეხვედრაზე. მისივე თქმით, საზღვარგარეთ ბელარუსს „რაღაც თანამშრომლობას სთავაზობენ და აყალიბებენ ბელარუსის ალტერნატიულ მთავრობას“. „ჩვენ გვაქვს ნორმალური მთავრობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ჩამოყალიბდა. ჩვენ საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები. ისე რომ, არ ვაწყენინო ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელობას, ვეტყვი – წესრიგი თქვენთან დაამყარეთ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
IRI: მოსახლეობაში ყველაზე მაღალი სანდოობით პატრიარქის შემდეგ გამყრელიძე სარგებლობს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი სანდოობით პატრიარქი ილია მეორე სარგებლობს. პატრიარქის მიმართ 89% არის კეთილგანწყობილი. მეორე ადგილს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 74%-ით იკავებს. საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საზოგადოების 63%-სთვის არის მისაღები პიროვნება. საზოგადოების 57%-სთვის თბილისის მერი კახა კალაძე არის ფავორიტი პიროვნება, ხოლო 53 %-სთვის ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძეა. ცნობისთვის: კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი.
IRI- 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში გაზრდილია
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უკანასკნელი კვლევის თანახმად, 2019 წლის ოქტომბრის კვლევის შედარებით, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში გაზრდილია. კერძოდ, უკანასკნელი კვლევის მონაცემებით, ევროკავშირში გაწევრიანებას რესპონდენტთა 87% უჭერს მხარს, 2019 წლის ოქტომბერში მათი რაოდენობა 80% იყო. რაც შეეხება ნატო–ს, უკანასკნელი კვლევის მონაცემებით, ალიანსში გაწევრიანებას გამოკითხულთა 78% ემხრობა, 2019 წლის ოქტომბერში მათი რაოდენობა 71% იყო. ცნობისთვის: კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი.
აშშ - პოლონეთის თავდაცვის ახალი პაქტის თანახმად, პოლონეთში დამატებით 1 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე განთავსდება
აშშ – პოლონეთის თავდაცვის ახალი პაქტის თანახმად, პოლონეთში დამატებით 1 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე განთავსდება. „გაძლიერებული თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმებას“ ხელი ვარშავაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს მოეწერა. შეთანხმების მიხედვით, ამერიკული სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა პოლონეთში 5 500 ჯარისკაცამდე გაიზრდება. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების რაოდენობა შესაძლოა უმოკლეს დროში 20 000-მდე გაიზარდოს, თუ საფრთხე ამას გაამართლებს. ამჟამად პოლონეთში 4 500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება. აშშ-ს არმიის მე-5 კორპუსის შტაბი ასევე გადავა გერმანიიდან პოლონეთში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: "რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია"
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიგანმა, დავით ზალკალიანთან ერთად, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ქართულ-ამერიკული საბჭოს ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაში - "Georgia and its Neighborhood" მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრის წლისთავი არის შეხსენება იმისა, თუ რა ძალისხმევა გვესაჭიროება რათა რეგიონი გათავისუფლდეს კონფლიქტებისგან. ასობით მოქალაქემ, რომელიც დაიღუპა ან დაშავდა რუსული აგრესიის შედეგად, უნდა გვაიძულოს, რათა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და მოვთხოვოთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი ყველა მეზობლის, განსაკუთრებით კი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსა და ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთიბაში კი, ჩვენი ვალდებულება დემოკრატიის წინაშე, უპირატესია", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა. მისივე თქმით, აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას საერთო ხედვის განსახორციელებლად, რათა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი გახდეს უსაფრთხო, გათავისუფლდეს ზიანის მომტანი გავლენებისგან და ფოკუსირება მოახდინოს დემოკრატიულ მმართველობასა და ეკონომიკურ ზრდაზე. სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ისაუბრა ლევან მიქელაძეზე და ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატის სახელობის ფონდის მნიშვნელობას საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ბიგანმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორიცაა: ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
“მადლობა ყველას, ვისაც არ ავიწყდება 2008 წლის ომი"
“მადლობა ყველას, ვისაც არ ავიწყდება 2008 წლის ომი“, – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ 8 ქვეყნის მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ განცხადებას. "მინდა გამოვეხმაურო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ყველა იმ ქვყენას, ვინც ეს განცხადება მიიღო გაეროში, ან ცალკე ,,ტვიტერზე“ გამოგვეხმაურა; ვისაც არ ავიწყდება 2008 წლის ომი, ვისაც არ ავიწყდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მადლობა ყველას! ეს იმის ნიშანია, რომ არც ჩვენ და არც მსოფლიო ამას არ ეგუება და მსოფლიო საქართველოს გვერდით დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, მოვძებნოთ ის გზები, რომლებიც გააერთიანებს საქართველოს და რომლებიც ამ ყველაფერს ისტორიის ფურცლებზე გადაიტანს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ჰოჯესი – ბათუმის პორტის ტერმინალზე: „ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ნატო–სთან უფრო დაახლოებას“
ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებით, ბათუმის პორტის ტერმინალი „ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ნატო–სთან უფრო დაახლოებას“. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში, ნიშნავს, რომ ვაშინგტონი და ევროპა მეტ ყურადღებას დაუთმობენ ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს და რუსეთს გაურთულდება, განაგრძოს უკანონო ქმედებები. „კრემლმა იცის, რომ თუ აშშ და ევროპული ქვეყნები საქართველოში დიდ ინვესტიციებს განახორციელებენ, ეს სახელმწიფოები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ უსაფრთხოების კუთხით რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს, მაგალითად, როგორიცაა უკანონო ოკუპაცია, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში დღემდე გრძელდება. ამასთან, ისინი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიული წყლებისა და ყირიმის გარშემო ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე. ეს გაზრდილი ყურადღება და ინტერესი კი რუსეთს გაურთულებს, გააგრძელოს უკანონო მოქმედებები შავი ზღვის რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ კრემლის ზეგავლენით ქვეყანაში დასავლეთის ბიზნესის განვითარებას ხელი შეუშალა. ამას კი მხოლოდ ზიანი მოაქვს ქართველი ხალხისთვის“, – განაცხდა ჰოჯესმა. კითხვაზე, ბათუმის პორტის ტერმინალი ანაკლიის პროექტთან ერთად, დაეხმარება თუ არა საქართველოს ნატო–სთან უფრო დაახლოებაში და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაში?“, ამერიკელმა გენერალმა შემდეგი განაცხადა: „რა თქმა უნდა, მაგრამ, დასავლეთის ინვესტიციებით საქართველოს ეკონომიკის განვითარება დამოკიდებულია ქვეყანაში სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობაზე. საქართველოს ხელშია, შექმნას ქვეყანაში ასეთი გარემო“. მისივე თქმით, აშშ მოელის, რომ საქართველო მის მიერ გაცხადებული ლიბერალური დემოკრატიის კურსით სვლას განაგრძობს: „კონგრესის კომიტეტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შემცირების კანონპროექტი. ეს არის გზავნილი, რომ აშშ საქართველოს პარტნიორად რჩება და რომ ჩვენ ვაფასებთ ამ ურთიერთობას. ამასთან, ნიშნავს, რომ გვაქვს მოლოდინი, საქართველო მის მიერ გაცხადებული ლიბერალური დემოკრატიის კურსით სვლას განაგრძობს. ეს კი მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ბოროტულ ზეგავლენას (კორუფცია, დეზინფორმაცია და მუქარები). ამ კუთხით მარცხის მაგალითი ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებაა, რომელმაც სწორედ კრემლის ზეგავლენის გამო ვერ წაიწია წინ. აშშ–ის კონგრესი მოელის, რომ ქვეყანაში იქნება უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და გამჭვირვალეობა, რომელიც საქართველოს დაეხმარება, წინააღმდეგობა გაუწიოს კრემლის ზეგავლენას და იმ ზოგიერთ ქართველ ოფიციალურ პირებს, რომელიც ამ ზეგავლენის მომხრეა“. ცნობისთვის: ბათუმის პორტში „კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობას კომპანია “Wondernet Exspress Investment Group” და ამერიკული უმსხვილესი ტრეიდული კომპანია “Trammo” ახორციელებენ. ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და წლის ბოლოსთვის იგი უკვე სრულ მზადყოფნაში იქნება. „ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიების სიაში 56-ე ადგილს იკავებს.
კონდოლიზა რაისი: "საქართველომ დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს"
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ რთული საერთაშორისო გარემოებებისთვის თავის გასართმევად საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარება შეუძლია. "როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ რუსეთის მზარდ აგრესიას, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 12 წლის შემდეგ?", – ამ კითხვით მიმართა „ამერიკის ხმამ“ რაისს „ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“. საპასუხოდ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა შემდეგი განაცხადა: „საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი, ისევე როგორც უკრაინელებს და სხვებს, რომ შესაძლოა, საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი წესები და კანონები ეკონომიკური განვითარებისთვის. საერთაშორისო სისტემას შეუძლია დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით. ქართულ დემოკრატიას საკუთარი აღმასვლა და დაღმასვლები ჰქონდა, მაგრამ ის გადარჩა. ვფიქრობ, ეს კარგია და კარგის ნიშანია“. რაც შეეხება რუსეთს, კონდოლიზა რაისის თქმით, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, სად უნდა მოხდეს პუტინის შეკავება: "ის უნდა შეკავდეს. ამის გამო, ვფიქრობ, რომ გერმანიიდან ჯარის [ნაწილის] გაყვანა და უფრო აღმოსავლეთით განთავსება კარგი იდეაა. სიმართლე ისაა, თუნდაც საბჭოთა კავშირის შესაკავებლად მხოლოდ იმაზე არასოდეს ვყოფილვართ დამოკიდებული, თუ რას ამბობს პრეზიდენტი. საბჭოთა კავშირს ამერიკელი ჯარისკაცები აკავებდნენ, რომლებიც საფრთხის წინაშე იდგნენ გერმანიაში. მე მწამს, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია ნატო–ში შეკავებისთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის [საფრთხის] წინაშე არიან". ამასთან, რაისმა ისაუბრა "რუსი ხალხის მზარდ უკმაყოფილებაზეც, რასაც ხაბაროვსკში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლებიც ადასტურებს". ყოფილი სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთში ბევრი ადამიანია, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებენ და საჭიროა მათი წახალისება, ვისაც სხვანაირი რუსეთის ხილვა სურს. ამასთან, ყოფილი სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ შესაძლოა, საჭირო იყოს პუტინის ხელისუფლებიდან წასვლას დაველოდოთ: „იმას მოცემულობად არ მივიღებდი, რომ ის შეიძლება იმდენ ხანს დარჩეს [პრეზიდენტად] რამდენ ხანსაც თვითონ ისურვებდა. ასეთი რეჟიმები უფრო მყიფეა“. კონდოლიზა რაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეკავა. 2008 წლის 15 აგვისტოს რაისი თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
18 წლამდე მოქალაქეები 200–ლარიან დახმარებას მიიღებენ
საქართველოს 18 წლამდე მოქალაქეები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გახარიას თქმით, ბავშვებისთვის სოციალური დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყებისას. "ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლის ჩათვლით ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში, სასწავლო წლის დაწყებამდე და დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლის ჩათვლით ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს ორასი ლარის დახმარებას ერთჯერადად. დახმარება განხორციელდება კრიზისში არასრულწლოვნების სოციალური მხარდაჭერის და სასწავლო წლის დაწყების პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.
გობლი – ბათუმის ტერმინალზე: "აჩენს იმედს, რომ საქართველო ნატო–ს დაუახლოვდეს, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება რუსეთი ამ პროექტს"
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩევლის, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარის პოლ გობლის განცხადებით, ბათუმის პორტის ტერმინალის ისევე, როგორც ანაკლიის პროექტები აჩენენ იმედს, რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატო–ს, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება რუსეთი მათ განხორციელებას. ამის შესახებ გობლმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა. „ზოგადად ყველაფერი, რაც საქართველოს დასავლეთთან აახლოებს შესაძლებლობას ქმნის, გაჩნდეს იმედი, რომ ქვეყანა ალიანსში მოხვდება. სწორედ ეს და არა ეკონომიკური შედეგები არის ის, რის გამოც მოსკოვი მსგავსი პროექტების წინააღმდეგ ასე მძლავრად მუშაობს“, – განაცხადა გობლმა „აქცენტთან“ საუბრისას. კითხვაზე, „შესაძლოა თუ არა, ბათუმის ტერმინალის პროექტმა ანაკლიის ბედი გაიზიაროს, მით უფრო იმ ფონზე, როცა ამ პროექტის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს რუსული პროპაგანდისტული მანქანა და ავრცელებს დეზინფორმაციას?", ექსპერტმა შემდეგი განაცხადა: „თბილისმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ შემთხვევაში მოსკოვის ქმედებები არის ეგზისტენციალური საფრთხე ქვეყნის მომავლისთვის, ისეთივე სერიოზული, როგორც ოკუპაცია. რაც შეეხება იმას, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ამ დეზინფორმაციის საპირწონედ, საქმე დიპლომატიური გზით და დასავლეთის ქვეყნების მედიაში საპასუხო ინფორმაციის განთავსებით უნდა მოაგვაროს. მან ეს უნდა გააკეთოს ახლა“. შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტში „კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობას კომპანია “Wondernet Exspress Investment Group” და ამერიკული უმსხვილესი ტრეიდული კომპანია “Trammo” ახორციელებენ. ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და წლის ბოლოსთვის იგი უკვე სრულ მზადყოფნაში იქნება. „ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიების სიაში 56-ე ადგილს იკავებს.
ლიეტუვას ელჩი - საქართველო, იყავი მტკიცე და ევროპული მისწრაფებები შეგისრულდება
ევროკავშირს ბევრად მეტის შეთავაზება შეუძლია, საქართველო, იყავი მტკიცე და ევროპული მისწრაფებები შეგისრულდება, - ამის შესახებ ლიეტუვას ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასი, „ტვიტერში“ წერს, რითაც ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების ექვს წლისთავს ეხმაურება. “2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ევროკავშირის ოჯახთან კიდევ უფრო დაახლოების გზას დაადგა. საქართველო უკვე სარგებლობს უვიზო რეჟიმითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით, ევროკავშირს ბევრად მეტის შეთავაზება შეუძლია. საქართველო, იყავი მტკიცე და ევროპული მისწრაფებები შეგისრულდება“, – წერს პუოჯუნასი.
სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს საქართველოს ოკუპირებული ნაწილია – აშშ-ის ელჩი ეუთოში
ეუთოში აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, ეს საქართველოს ტერიტორიაა“. “პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო კომენტარს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მისვლის შესახებ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს. ეს საქართველოს უკუპირებული ნაწილია. ეს ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა. კომენტარი გაკეთდა სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ არსებობს. ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა”, – განაცხადა გილმორმა. მან უკანონო ბორდერიზაციის განახლების შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ აშშ აღშფოთებულია რუსეთის მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ ინტენსიურ “ბორდერიზაციით” საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 12 სოფელთან. “მოვუწოდებთ ღობეების, ნიშნების, ბარიერების, ნებისმიერი ახალი კონსტრუქციის აღმართვის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ, რომელიც მიმართულია “ბორდერიზაციის” გასამყარებლად ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ; ეს აქტივობები მოსკოვის მხრიდან 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორების მიტაცების მცდელობათა სერიის გაგრძელებაა.”- განაცხადა გილმორმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს, რათა პანდემია გამოიყენოს საზიანო გავლენების გასაძლიერებლად. “ლუგარის ცენტრი დაარსდა იმისათვის, რომ გამოევლინა და ებრძოლა ისეთ ეპიდემიებთან, როგორიც COVID-19-ია. ლიმიტირებული კვლევის კანონიერი მეთოდებით, პროაქტიული დაგეგმვით და დაავადებათა მონიტორინგით, სანდო საჯარო გზავნილებით და ჯანდაცვის უწყების ოფიციალურ პირებთან კოორდინირებული კომუნიკაციით, მან მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის უწყებას საქართველოში და ხელი შეუწყო ადამიანების გადარჩენას. მოსკოვის ეჭვები საბჭომ არ უნდა განიხილოს”, – თქვა ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს სტიუარტ გილმორმა. 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელშიც პრეტენზიებს და შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მის ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის და შემოწმების უფლება არ ეძლევათ. განცხადებაში წერია, რომ „ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ წარმოებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს ბადებს. მათ ხელში არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ამერიკული სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები აფინანსებენ.
ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო გემი შევიდა
ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო გემი USS Porter შევიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხომალდი საქართველოს სტუმრობს. უსაფრთხოების და სტაბილურობის მხარდასაჭერად ამერიკული გემი ბათუმის აკვატორიაში 2015 და 2019 წლებშიც იმყოფებოდა. "ვიზიტის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს ნატო–ს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაა", – ნათქვამია საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. USS Porter მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. მას წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია. გემი აშშ-ის მეექვსე ფლოტის სხვადასხვა მისიებში მონაწილეობს.
გახარია – ფერმერებს: „მარტივია ყველაფრის მოთხოვნა“
პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს შეხვდა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ვიზიტის მიზანი ფერმერებისგან იდეების მოსმენა და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარების გაწევაა. „ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების, ქალაქში ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ და ეს ქენით და ის ქენით. რეალურად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით და ენერგიით სავსე, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ყოველთვის შეძლებს ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც ამას ფერმერი გიორგი მჭედლიძე აკეთებს. 6 თვის წინ ვიყავით ვაშლის ბაღებში, სადაც ასევე შესანიშნავი ბაღებია. იქაც ვსაუბრობდით, ბევრ რამეზე შევთანხმდით. საქმის კეთება ვისაც უნდა ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად რთული პირობებისა, რა პირობებში ახლა ქვეყანას უწევს ცხოვრება, საქმე აკეთოს. ყველანაირი წუწუნისა და ვიღაცებზე გადაბრალების გარეშე. ეს კაცი არის ამის მაგალითი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. მან ფერმერებს იდეების გაზიარებისკენ მოუწოდა. „სხვა ყველაფერი იქნება წუწუნი, მომეხმარეთ; ვაიმე, რა ვქნა; ეს ყველაფერი როდის გამოსწორდება, ტურისტი როდის ჩამოვა; სახელმწიფო, გამიუქმე ყველა გადასახადი, არაფრის გადახდა არ მინდა და ა.შ. სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა აქვს იმაზე, რომ პირველ რიგში დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც დახმარება პირველ რიგში სჭირდება. ჯანმრთელ, განათლებულ ადამიანს, რა თმა უნდა, უნდა შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ ის ჯერ თავის თავს მიეხმაროს და შემდეგ სხვებსაც. ვისაუბროთ საქმეზე. მითხარით რაღაც ისეთი, რაც შესაძლებელი იქნება, იმას გავაკეთებთ. ეგაა და ეგ. ლოკალურად თუ დახმარება გჭირდებათ იმისთვის, რომ სეზონი გადავატაროთ და 2021 წელს ეკონომიკურად უფრო ძლიერად შევხვდეთ, ამისთვისაც შეგვიძლია, რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, ოღონდ ეფექტუირი, რაც რეალისტური იქნება და არა ის, რომ გამიუქმეთ გადასახადები. მარტივია ყველაფრის მოთხოვნა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს წელი წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც რისკის ქვეშ ვართ“,– განაცხადა გახარიამ. მისი თქმით, სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია არა მარტო გამოკვებოს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით პოტენციალი ჰქონდეს. „სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით პოტენციალიც ჰქონდეს. არ არის ეს მარტივი. მიწები ძალიან დაქუცმაცებულია, ზოგან წყლის პრობლემაა, ზოგან ცოდნის პრობლემაა, ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ნელ-ნელა აქეთ უნდა წავიდეთ. სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ ვერ მოხდება ეს ერთ დღეში, მაგრამ აქ არის იმის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ქცევის ამ წარმატებულ მოდელზე დაყრდნობით ახალგაზრდებმა და ყველა ჩვენგანმა გააკეთოს ეფექტური და შედეგიანი სამუშაო. ჩვენ როდესაც გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობა ყოფილიყო მეორე დარგი, რომელსაც ჩვენ უნდა დავხმარებოდით, მარტივი ახსნა ჰქონდა ამას. გასაგებია, პირველი დარტყმა ტურიზმმა მიიღო, მეორე დარტყმა მიიღო სოფლის მეურნეობამ იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობას, რაც ჰქონდა დაგეგმილი, იყო იმ ტურიზმზეც გათვლილი, რომელიც ვერ ჩამოვიდა. შესაბამისად, ახლა ჩვენ გვესმის, რომ სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომლის დახმარებაც აუცილებელია ეკონომიკურადაც და რა თქმა უნდა, ფერმერს ახლა სჭირდება დახმარება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.