საქართველო ხვალ მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში - 3657, ხოლო საზღვარგარეთ, 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება. არჩევნები გაიმართება ავღანეთშიც, ორ საარჩევნო უბანზე.

ცესკოს ცნობით, სულ 3 511 853 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მოსახლეობამ არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს.

ხვალ, პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში 21 დეპუტატია. 18 პროპორციული წესით, სამს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ტარდება. ქართველი ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით (77-ის ნაცვლად), მაჟორიტარული წესით კი 30-ს (73-ის ნაცვლად) აირჩევს. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვალა. დაწესდა ე.წ 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უჩვეულოდ, პანდემიის პირობებში ჩატარდება. ცესკოს განცხადებით, საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში არიან, ცალკე შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაზე საარჩევნო უბანზე დეზიფექცია ჩატარდება.

ამომრჩევლებს კი ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ. უბნებზე მათ პირბადე და ინდივიდუალური კალამი დახვდებათ. სპეცალისტების განმარტებით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არჩევნებზე მისვლა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს.