ეკონომიკა

წლიური ინფლაცია 10.4%-ია. ბოსტნეული 26%-ით, პური 23.8%-ით, კვერცხი და ყველი 18.3%-ით გაძვირდა - საქსტატი

საქსტატმა დღეს ნოემბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში საქართველოში 10.4%-იანი ინფლაცია იყო. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის 16.8%-იანმა გაძვირებამ მოახდინა. გარდა სურსათისა, ფასები გაზრდილია სხვა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფებზეც.  სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (23.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (19.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.7 პროცენტი), თევზეული (13.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (6.9 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში ფასების 15.4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, რაც 1.51 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (34.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1 პროცენტი).  

ევროპულ ბაზრებზე წვდომის მიზნით, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი გზის მშენებლობას გეგმავენ

უზბეკეთი, ყირგიზეთთან და ჩინეთთან ერთად, გზის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს. ამის შესახებ აზერბაიჯანში უზბეკეთის ელჩის მრჩეველმა მაჰამაჯონ ბოტრალიევმა განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს უზბეკეთმა 2026 წლამდე განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც არაერთი ახალი ინიციატივის განხორციელება იგეგმება. „ასევე, ამ სტრატეგიის ფარგლებში იგეგმება ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების მოზიდვა. უზბეკეთის ეკონომიკაში მთავარი ინვესტორები არიან რუსეთი, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები. ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ტექსტილისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში განხორციელდა“, - განაცხადა მაჰამაჯონ ბოტრალიევმა.   

2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 8 846 მოსწავლემ შეწყვიტა - საქსტატი

2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 846 მოსწავლემ - ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.  მიხეილ ჩხენკელი: 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი დაწყებულია "საქსტატის მონაცემებით: 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 302 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 216 კერძო.  წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა.რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება. 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.4 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.9 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 10.1 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.1 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.9 პროცენტი - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.4%) თბილისში სწავლობს. 2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 846 მოსწავლემ, რაც 25.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.6 პროცენტი გოგოა, ხოლო 57.4 პროცენტი - ბიჭი. 2022 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 45 423 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.3 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 60 235 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26.5 პროცენტით მეტია, ხოლო საბაზო განათლება - 45 008 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.4 პროცენტით ჩამორჩება.  2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 296 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.4 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.6 პროცენტია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ლევან დავითაშვილი: შავი ზღვით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარება, საქართველოს ციფრულ ჰაბად გადაქცევის წინაპირობაა

„ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი ზედმეტია კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გარეშე. ბოლო წლებში საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სფეროს განვითარებას და ინტერნეტ მოხმარების ზრდას, რომელმაც გამოიწვია ციფრული ბაზრის განვითარება, საჯარო და კერძო სექტორში მრავალი ელექტრონული მომსახურებების დანერგვა, შედეგად ციფრული  ტექნოლოგიების გამოყენების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს, სახელმწიფოსა და ბიზნესს, ასევე ბიზნესებს შორის ურთიერთობისას,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022 - ის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. GITI 2022 - ი რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც 2008 წლიდან იმართება. წელს ის მეთორმეტედ, ორწლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა.  ფორუმის მიმდინარეობისას ასევე დაგეგმილია კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას. კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან. ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ციფრულ ეკოსისტემაში არსებობს. მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორია სრულად არ არის დაფარული ფართოზოლოვანი ფიქსირებული ინტერნეტ ქსელებით, არ არის დანერგილი მობილური 5G ქსელები, უთანასწორობა არსებობს მოსახლეობის და ბიზნესების მიერ ციფრული სერვისების გამოყენებაშიც. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ციფრულ ეკოსისტემაში ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ქვეყნის დიგიტალიზაციის პოლიტიკის მაკოორდინირებელი უწყება, „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების გეგმით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობებზე მუშაობს. მისი თქმით, საქართველოში ციფრული ეკონომიკის მიზნით გატარებული ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებები თანხვედრაშია ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტებთან. ვიცე-პრემიერმა დაასახელა ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-ქსელების მშენებლობა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვაზე, კონკურენციის გაზრდაზე და მოსახლეობაში ინტერნეტისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებაზე. ასევე ვაგრძელებთ მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს, აგრეთვე მიმდინარეობს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან საქართველოს ციფრული ბაზრის ინტეგრაციის ღონისძიებები, საქართველოს გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბებაზე მუშაობა და სხვ.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის პრიორიტეტებში საქართველომ რამდენიმე ფლაგმან პროექტს შორის ციფრული კავშირების განვითარების პრიორიტეტული გეგმები წარადგინა - საუბარია შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ციფრულ ჰაბად. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრული ჰაბის განვითარება, ერთი მხრივ,  გულისხმობს საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია, საქართველოში მსხვილი კონტენტ პროვაიდერების მიერ რეგიონული მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირება. მისი თქმით, ამ საკითხზე სამინისტროში დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. საერთაშორისო ექსპერტების ანალიზით მოსალოდნელია, რომ ევროპა-აზიის გლობალური ინტერნეტ-კავშირის ბაზარი, ხუთი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 30 პროცენტით გაიზარდოს. შესაბამისად, საქართველოს, შავი ზღვის ფსკერზე გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს საერთაშორისო ინტერნეტ - კავშირების ბაზარზე აქტიური მონაწილეობის მისაღებად. ფორუმის ორგანიზატორებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო და ICT ბიზნეს საბჭო საქართველოში. ღონისძიების სპონსორია თიბისი ბანკი.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7112 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7177 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.65 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8278 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8161 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.17 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1455 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2911 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 დეკემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ყაზახეთი ჩინეთთან საზღვარზე, კიდევ ერთი სარკინიგზო გადასასვლელის გახსნას გეგმავს

ყაზახეთი ჩინეთთან მესამე სარკინიგზო გადასასვლელის გახსნის საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა - ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა, ყაზახეთისა და რუსეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.  მისი თქმით, სატრანზიტო ტვირთების შემდგომი გაზრდის მიზნით, მუშავდება ყაზახეთსა და ჩინეთს შორის მესამე სარკინიგზო გადასასვლელის გახსნის საკითხი აბაის რეგიონის ურძჰარის რაიონში ბახტის რეგიონში, სადაც ახალი სარკინიგზო ხაზი და საზღვრის გადაკვეთის ტერმინალი აშენდება. ჟუმანგარინმა აღნიშნა, რომ ყაზახეთში ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს 5 საერთაშორისო სარკინიგზო და 8 საავტომობილო სატრანზიტო დერეფანი. აქედან 3 სარკინიგზო და 6 საგზაო დერეფანი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამავალ დერეფნებთანაა სინქრონიზებული.  

მედია: დასავლური სანქციების გამო LUKOIL-ი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ექსპორტს აჩერებს

რუსული ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანია LUKOIL-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ექსპორტს აჩერებს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. 2022 წლის დეკემბრიდან, რუსული კომპანია კასპიის საბადოებიდან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით დასავლეთის სანქციების გამო ექსპორტს შეწყვეტს და ნედლეულის ტრანზიტს Caspian Pipeline Consortium სისტემით დაიწყებს, რომელიც დასავლური სანქციების ქვეშ არ ხვდება.  „რუსული ნავთობის მიწოდება BTC-ით არ მოხდება, ამის მიზეზი სანქციებია“, - განუცხადა მედიას ერთ-ერთმა წყარომ. სხვა წყაროების თქმით, გადაწყვეტილება BTC-ის დასავლელმა აქციონერებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 5 დეკემბრიდან ევროპელ მომხმარებლებისთვის რუსული ნავთობის ყიდვა და ტრანსპორტირება იკრძალება.  

რუსულმა Severstal-მა სანქციების გამო $400 მილიონი დაკარგა

ევროპული სანქციების გამო, რუსულმა კომპანია Severstal-მა $400 მილიონი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ „სევერსტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მორდაშოვმა „რუსი ინდუსტრიალისტების“ ფორუმის დროს განაცხადა. „ყველას გვესმის, რომ ახლა ძალიან რთულია ქვეყანაში სავალუტო შემოსავლის დაბრუნება, ნაწილობრივ შეუძლებელი. მაგალითად, ჩვენ, სევერსტალმა, დავკარგეთ 400 მილიონი დოლარი. თანხა დააკავეს ინვენტარის ანგარიშის სახით. ნაშთებს სანქციების მოხსნამდე ვერ მივიღებთ“, - განაცხადა მორდაშოვმა. აღსანიშნავია, რომ მარტში Severstal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციონერზე დაწესებული სანქციების გამო, ევროკავშირში მიწოდება შეწყდა.მოგვიანებით, თავად ევროკავშირმა აკრძალა რუსული ფოლადის იმპორტი. ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ წარმოება წლიურად 8%-ით შეამცირა. Politico-ს ცნობით, ევროკავშირმა დაბლოკა დაახლოებით 68 მილიარდი ევროს რუსული აქტივები.   

საუდის არაბეთში, Saudi Aramco-მ ორი ახალი გაზის საბადო აღმოაჩინა

საუდის არაბეთის ეკონომიკის მინისტრმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ ორი ახალი გაზის საბადო აღმოაჩინა. საუდის არაბეთის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, აღმოჩენილი გაზის ორი საბადო ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს. ეკონომიკის მინისტრმა აბდულაზიზმა განაცხადა, რომ Saudi Aramco-ს ახალი აღმოჩენები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და მნიშვნელოვნად გაზრდის სამეფოს ბუნებრივი აირის მარაგს. მინისტრმა დააზუსტა, რომ ახალი საბადოები ღავარის ნავთობის საბადოს სამხრეთით, ქალაქ ალ-ხუფუფიდან 142 კილომეტრში და ქალაქ ზაჰრანიდან 230 კილომეტრშია განლაგებული.  

უკრაინამ და ბრიტანეთმა ციფრული ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ციფრული ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს. რომლის საფუძველზეც, ბრიტანეთი,  რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, უკრაინის ეკონომიკას, მხარს დაუჭერს.  ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ციფრული ვაჭრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ გარემოში, როდესაც სამხედრო ოპერაციები და ინფრასტრუქტურის განადგურება ფიზიკურ ვაჭრობას ბევრად ართულებს. გარდა ამისა, არსებობს კრიტიკული საჭიროება, რომ ადამიანებმა შეძლონ ციფრული იდენტიფიკაციის გადაწყვეტილებების გამოყენება მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის დაკარგვის ან საზღვრის გადაკვეთის მიუხედავად. შესაბამისად, შეთანხმება ასევე განსაზღვრავს დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის ჩარჩოებს ორი ქვეყნის ციფრული საიდენტიფიკაციო სისტემების მიმოწერასთან დაკავშირებით. ციფრული ვაჭრობის ხელშეკრულება მოიცავს ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა თანამედროვე სფეროს - ციფრულ სავაჭრო სისტემებს, მონაცემთა უფასო გაცვლას, მომხმარებელთა დაცვას, ღია ციფრულ ბაზრებს, ფინანსურ მომსახურებას, ტექნიკურ თანამშრომლობას.  

ლარი ისევ გაუფასურდა - ვალუტის კურსი

30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7177 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.24 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8161 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1458 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2618 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 დეკემბრიდან შევა ძალაში.  

ალასკაზე ნავთობის მოძიების მიზნით, აშშ-ს აუქციონზე თითქმის 1 მილიონი ჰექტარი მიწა გამოაქვს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, ალიასკის სანაპიროზე ახალი ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვისთვის ასობით ათასი ჰექტარი გამოყოს. იტყობინება Bloomberg. 958 000-ზე მეტი ჰექტარი ალასკაში Cook Inlet-ზე აუქციონზე გაიყიდება. მოსალოდნელია, რომ ბურღვისას, თითქმის 200 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და 300 მილიარდი კუბური ფუტის ბუნებრივ აირს რეალიზაცია მოხდეს.  გაყიდვის შესახებ ამბებმა, გარემოსდაცვითი ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია. ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრმა განაცხადა, რომ ეს აქტივობა ზიანს აყენებს მსოფლიოში გადაშენების პირას მყოფი ვეშაპების პოპულაციას, Cook Inlet beluga-ს, ისევე როგორც სხვა სახეობებს.  

საქართველო კორეასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე, მოლაპარაკებას იწყებს

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კორეის დედაქალაქ სეულში, კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორთან გი ვუკ იანგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. „აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, მოეწერა ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ. საქართველოს მხრიდან ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. ერთობლივი მიზანშეწონილობის კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების თანახმად, კორეა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება განხორციელებადი და მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია როგორც საქართველოსთვის, ასევე კორეისთვის. აღნიშნული შეთანხმება, დღეისათვის ძალაში მყოფი შეთანხმებებით დაფარულ 2.3 მილიარდიან ბაზარზე, ქართულ საექსპორტო პროდუქციას წვდომას გაუხსნის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გაიტანონ 50 მილიონიან, მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზარზე. ამასთან, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება კატალიზატორი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებას, არამედ უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ ჩარჩოს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეკომენდაციების თანახმად, მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, შესაძლებლობის ფარგლებში და ორი ქვეყნის ორმხრივი სარგებლის გათვალისწინებით, უნდა გაიმართოს როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობაზე, ასევე ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომების ფართო სპექტრზე, როგორიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, საბაჟო სფერო, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, არასატარიფო ზომები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და სხვ. „ასევე, კვლევის რეკომენდაციების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში განახორციელებენ შესაბამის შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, რაზეც პირველი რაუნდის გამართვა იგეგმება 2023 წელს. ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ენერგეტიკის, წარმოების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

Financial Times: Alibaba-ს დამფუძნებელმა ჯეკ მამ ჩინეთი დატოვა

Alibaba-ს დამფუძნებელმა, მილიარდერმა ჯეკ მამ ჩინეთი დატოვა და თითქმის ნახევარი წელია ტოკიოში ცხოვრობს. ამის შესახებ Financial Times-ი ერთ დროს უმდიდრესი ბიზნესმენის ადგილსამყოფელის შესახებ, წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გაზეთი წერს, რომ ჯეკ მამ ჩინეთი „ქვეყნის ტექნოლოგიურ სექტორსა და მის ყველაზე გავლენიან ბიზნესმენებზე პეკინის მუდმივი ზეწოლის ფონზე“ დატოვა. წყაროების თქმით, მა იაპონიაში ოჯახთან, პირად შეფთან და მცველებთან ერთად გაემგზავრა. გაზეთი წერს, რომ ბიზნესმენი დაბალ პროფილს ინარჩუნებს, დადის ტოკიოში კერძო კლუბებში, და „დროის გასატარებლად“ აკვარელში ხატვა დაიწყო. FT-ის ცნობით, მა სტუმრობს ტოკიოს ცხელ წყაროებსა და სათხილამურო კურორტებს და რეგულარულად მოგზაურობს აშშ-სა და ისრაელში. ჯეკ მამ დიდწილად შეწყვიტა საზოგადოებაში გამოჩენა მას შემდეგ, რაც შანხაიში 2020 წლის ოქტომბერში გამართულ კონფერენციაზე, ჩინეთის რეგულატორები გააკრიტიკა და სახელმწიფო ბანკები „ლომბარდის მენტალიტეტში“ დაადანაშაულა. ამის შემდეგ ჩინელმა ფინანსურმა მარეგულირებლებმა მა გასაუბრებაზე დაიბარეს. 2021 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ Alibaba, ანტიმონოპოლიური დარღვევისთვის რეკორდული $2,8 მილიარდით დააჯარიმა.   

საქსტატი: მიმდინარე წლის ათ თვეში, საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10 გაიზ%-ით გაიზარდა. "2022 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა. როგორც საქსტატში აცხადებენ, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება. ამასთან, საქასტატის ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ილონ მასკის კომპანია Starlink-მა უკრაინის მცხოვრებლებს ინტერნეტი გაუძვირა

ილონ მასკის კომპანია Starlink-მა სატელიტური ინტერნეტ სერვისით სარგებლობისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში ტარიფები გაზარდა. უკრაინელი მომხმარებლებისთვის, 29 დეკემბრიდან სააბონენტო გადასახადი, ყოველთვიურად 60-დან 75 დოლარამდე გაიზრდება. Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი იქნება.   ტარიფის გაზრდის შესახებ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტით აცნობეს.   ახალი ფასი ავტომატურად, 29 დეკემბრიდან  ამოქმედდება.   Starlink უზრუნველყოფს ინტერნეტ კომუნიკაციებს თანამგზავრის საშუალებით, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს, როდესაც კომუნიკაციის სხვა საშუალებები დაზიანებულია ან მტრისთვის ღიაა.   ომის დაწყების შემდეგ ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20 ათასი ტერმინალი მიაწოდა.  

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7153 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7103 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.50 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8196 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8390 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.94 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1457 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2638 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 ნოემბრიდან შევა ძალაში",- ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

თურქეთში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს

თურქეთის ქალაქ ადანაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. ადანაში ჩუკუროვის რაიონში აღმოჩენილი ნავთობის მარაგი 8-10 მილიონ ბარელს შეადგენს. ინფორმაციის თანახმად, დარგის განვითარებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი 800 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება დაახლოებით 350-400 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. მედიის ცნობით, საბადოზე 10 ჭაბურღილი გაიბურღება, დღიური წარმოება კი ათას ბარელს მიაღწევს.  

Eni: 2025 წლისთვის, იტალია რუსულ გაზს სრულად ჩაანაცვლებს

2025 წლისთვის იტალიაში რუსული გაზი სრულად ჩანაცვლდება. ამის შესახებ მედია ენერგოკომპანია Eni-ს აღმასრულებელ დირექტორზე კლაუდიო დესკალციზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, 2023 წელს რუსული გაზის წილი იტალიის ბაზარზე 6-7% იქნება. ამჟამად რუსული გაზი 50%-ით ჩანაცვლდა. დესკალციმ აღნიშნა, რომ იტალიის ხელისუფლებამ გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროების ძებნა თებერვალში დაიწყო, მიმართა აფრიკის ქვეყნებს, ახლო და შორეულ აღმოსავლეთს და შეერთებულ შტატებს. „ჩვენ უკვე მოვახერხეთ 21-23 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის - 50%-ის ჩანაცვლება, 2025 წელს კი 100%-ით ჩანაცვლდება“, - განაცხადა Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.   

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაციის დაკანონება არ გადადოს

საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებაზე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს.  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში უნდა შევიდეს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია. ეს კანონმდებლობა ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა მისი კვლავ გადავადების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, ეს რეგულაცია ძალაში მოქმედი კანონით განსაზღვრულ ვადაში შევა. საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების, მისგან გამოწვეული ძალზე დიდი ჯანდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო თამბაქოს კონტროლის ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც მოგვიანებით ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტების და ორგანიზაციების მიერ აღიარებულ იქნა როგორც თვალსაჩინო რეგულაცია, რომელიც სამაგალითო გახდა მრავალი ქვეყნისთვის. ამ კანონის, ასევე თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვა კომპონენტების წარმატებული დანერგვიდან უკვე 2 წლის შემდგომ, ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით, დაფიქსირდა თამბაქოს მოხმარების და  თამბაქოს მეორადი კვამლით დაბინძურების მნიშვნელოვანი კლება, შემცირების ტენდენციები გაჩნდა მასთან დაკავშირებული დაავადებების მიმართულებითაც. აუცილებელია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი ყოვლისმომცველი პოლიტიკის სრულფასოვნად და მდგრადად განხორციელება მიღწეული პროგრესის შესანარჩუნებლად და გასაღრმავებლად. თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რეგულაციაა, რომელიც მიმზიდველობას უკარგავს თამბაქოს პროდუქტებს და ამცირებს თამბაქოს მავნეობის შესახებ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. ​მივესალმებით საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ მტკიცე პოზიციას თამბაქოს კონტროლის რეგულაციების შეუფერხებელი ამოქმედების კუთხით. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერადაც საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებას, და უზრუნველყოფს მის ამოქმედებას 2023 წლის დასაწყისიდან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვას.  დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადის 2024 წლის 31 ივნისამდე გადაიწევს მხარი დაუჭირა. რის საფუძველძეც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.